ნინა წკრიალაშვილი: "მე მეცოდება ყველა მეძავი"
"ეს არის იაფფასიანი სიუჟეტები, რომელიც გათვლილია მასაზე, რაც სამწუხაროდ, წერს რეიტინგს. ტრაგედია ის არის, რომ მსგავსი სიუჟეტები უფრო აინტერესებს მასას, ვიდრე შემეცნებითი გადაცემები. მაყურებლისთვის საუკეთესო გამოსავალია გადართონ ან გამორთონ ტელევიზორი და წიგნი წაიკითხონ! - ამბობს მომღერალი ნინა წკრიალაშვილი:
- ყველა სფეროში ახალი და საინტერესო სახეების დეფიციტია და ან საერთოდ არ არიან. კარგი იქნება, ხალხს თუ გავაცნობთ ახალი თაობის გამორჩეულ ადამიანებს, რადგან ახალი ძალა და ენერგია ახალ თაობაშია! ყოველთვის გასათვალისწინებელია მათი აზრი, ნოვატორული იდეები... თუმცა აქ არის მეორე პრობლემა: საზოგადოება ძნელად იღებს უცნობ ადამიანს, თუ ის არ გამოირჩევა განსაკუთრებული ქარიზმატულობით. ამიტომ სიახლეც უნდა გაკეთდეს ფრთხილად... მე ამას ვამბობ, როგორც რიგითი მაყურებელი...
- საზოგადოება წუხს, რომ შოუების სტუმრები სულ მეძავები და განსხვავებული ორიენტაციის ხალხია...
- ეს არის იაფასიანი სიუჟეტები, რომელიც გათვლილია მასაზე, რაც სამწუხაროდ, წერს რეიტინგს.. ხალხს ჰგონია, რომ მეძავები და გეები მეორეხარისხოვანი ადამიანები არიან. ეს ძალიან ზოგადად ნათქვამია... გეი შეიძლება შეგხვდეს პარლამენტში, იყოს ექიმი, სპორტსმენი... ტრაგედია ის არის, რომ მსგავსი სიუჟეტები უფრო აინტერესებს მასას, ვიდრე შემეცნებითი გადაცემები. თუ გადართავენ და არ უყურებენ, რეიტინგიც არ ექნება და მერწმუნეთ, აღარ მოამზადებენ მსგავს სიუჟეტებს. თუმცა ჩვენ ვართ ერი, რომლებსაც ჯერ კიდევ გვიკვირს დეკოლტე, გვაინტერესებს ვინ როგორი ცუდი და გარყვნილია, ვის როგორი ორიენტაცია აქვს. მე იმ ადამიანების ნაცვლად აღარ მივიდოდი სტუდიაში, რადგან მათ იყენებენ რეიტინგის ასამაღლებლად და რეალურად არ ვიცით, ამ ხალხის ცხოვრება როგორი ტრაგიკული შეიძლება იყოს და რამ აიძულათ ეს ნაბიჯები გადაედგათ. მე მეცოდება ყველა მეძავი. განა როგორ უნდა გიჭირდეს ადამიანს, რომ ფულის გამო აკეთო ის, რაც არ მოგწონს? მე არ მაქვს მათ მიმართ აგრესია. თანაგრძნობის გარდა არანაირი გრძნობა არ გამაჩნია.
ვიმეორებ, მაყურებლისთვის საუკეთესო გამოსავალია გადართონ ან გამორთონ ტელევიზორი და წიგნი წაიკითხონ!
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)