ჩვენი პასუხი ოკუპაციას!
არავინ, ვიმეორებ, არავინ იცის, რა და როგორი პასუხი იქნება რელევანტური, უფრო კი შედეგის მომტანი... ეს არ იცის არც პრეზიდენტმა, არც პრემიერმა, არც რომელიმე მინისტრმა თუ დეპუტატმა, არც ყოფილმა პრეზიდენტმა, არც ყოფილმა პრემიერმა... არც პატრიარქმა იცის და არც ლელა კაკულიამ.
რა გასაკვირია, თუ არ ვიცი მეც - პირმა, რომელიც პატრიარქი ნაღდად ვერ გავხდები და პრეზიდენტიც ვერ გავხდები და დეპუტატი კიდევ შეიძლება გავხდე, მაგრამ - არ მინდა.
ამდენად, ჩემი ეს მოსაზრება მხოლოდ რიგითისაა - ზემოთხსენებულნიც რიგითები არიან, განა არა, მაგრამ, სტატუსი მაინც აქვთ - აი, მე - უსტატუსო ვარ - მხოლოდ FB - ზე მპოსტავი.
რუსეთმა, მოგეხსენებათ, საოკუპაციო ხაზი კიდევ ერთხელ გადმოსწია... სანერვიულო მხოლოდ ის კი არაა, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტის ერთი ნაწილი - 1600 მეტრი მოექცა ახალი ოკუპაციის ზოლს მიღმა, არამედ, ისიც, რომ, ჩანს, რუსეთი ამას არ ასრულებს - არგუმენტი, რომ ს.ოსეთის საზღვრებს მოსაზღვრავს და რაღაც რუკებზე ეს წარმონაქმნი უფრო დიდი იყო, ვიდრე ახლაა, არარელევანტურია - რეალურად, რუსეთი ს.ოსეთის საზღვრებს კი არ აფართოვებს, ჩვენ გვიპყრობს - ნელ-ნელა.
რთულია, არ წამოეგო პროვოკაციას, მაგრამ, არანაკლებ რთულია პასუხის გაცემა რუსეთისათვის.
ქმედება მხოლოდ გონებით, როცა მოწინააღმდეგეს არ აქვს გული, შეუძლებელია - გონებით პასუხი, წესით, მაშინაა მართებული, როცა გრძნობ ან იცი, რომ მტერს დაამუნათებ, შეაშინებ ან უკან დაახევინებ. რუსეთს, ვიმეორებ, გული არ აქვს - ცივსისხლიანი მკვლელია - მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამტარებელი.
მაგრამ, მივუბრუნდეთ მთავარსათქმელს - რა ვქნათ? როგორ ვუპასუხოთ ოკუპაციას?
ჩვენ უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ, თუ რუსეთს ამას შევარჩენთ, ის მალე იგოეთში იქნება... ჩაარჭობს აბრას თუ დროშას და იტყვის, რომ რომელიღაც რუკაზე ს.ოსეთის საზღვარი გადიოდა სწორედ იგოეთთან - აი, იქ, სადაც ხურდებით დაზიანებული ბაზილიკაა.
მერე შეიძლება გორზეც გაიწიოს... ხაშურზე... და ალანთა იმპერიისდროინდელი რომელიმე რუკა ამოსწიოს - მარიკა ლორთქიფანიძეს ხომ არ გავუშვებთ მერე ჟენევასა თუ პრაღაში... ზ. აბაშიძესთან ერთად და ისტორიული სიმართლის სარკვევად?
აბაშიძეზე გამახსენდა - სისულელეა იმის იმედად ყოფნა, რომ ბატონი აბაშიძე ბატონ კარასინს უმკაცრესად დაელაპარაკება - ასეც რომ იყოს, ვეჭვობ, კარასინი ლავროვამდე ამბავსაც არ ჩაიტანს - გამოთვრება თვითმფრინავშივე და, რომც არ უნდოდეს, "აბაშიძის პროტესტი" დაავიწყდება.
სისულელეა ახალი ინიციატივაც, რომლის თანახმადაც ფორმატი, ბოდიში რუსულისათვის და, "ვიდიტე ლი", უნდა შეიცვალოს...და ახლა პრემიერი უნდა ელაპარაკოს პრემიერს... ან პრეზიდენტი - პრეზიდენტს...
ფორმატი არ იყო საერთოდ და შემოიჭრა, ფორმატი არსებობს და იჭრება... ვიმეორებ, რუსეთს არ აქვს გული... რაც არ უნდა გააკეთო, მაინც შემოვა, ან ნელა და ანაც - ეგრევე - მყისიერად.
სისულელეა წაფიქრებაც კი იმაზე, რომ რამე დავთმოთ, მაგალითად, ჩვენი ევრო-ატლანტიკური არჩევანი და ჯერ ევრაზიის კავშირს შევუერთდეთ, ხოლო შემდეგ ნეიტრალიტეტი გამოვაცხადოთ... ნეიტრალურ სახელმწიფოშიც შემოვა - არ შემოსულა თუ რა?
ან, იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ევრაზიის კავშირში შესვლა და სრული ვასალობის გამოცხადებაა გამოსავალი? გახედეთ მოტყუებულ სომხეთს, რომელსაც ყველაფერს უძვირებს "პარტნიორი", გახედეთ ჯერაც დსთ-ში მყოფ, იანუკოვიჩის დროიდან ბლოკ-მიღმა დარჩენილ უკრაინას, რომელსაც ანგრევს უგულო რუსეთი.
ჰო, ვხვდები, რომ დაიღალეთ ისიც ვიცი, რომ ეს ყველაფერი იცით და ელით ჩემეულ პასუხს კითხვაზე - როგორ დავძლიოთ ოკუპაცია.
მას ვერ მოევლება ვერც მხოლოდ ჯარის მობილიზაციით და თუნდაც მხოლოდ ჯარის ომით - გავუსწოროთ თვალი სიმართლეს, ძალიან ძლიერია რუსეთი ჩვენთან შედარებით და მიუხედავად იმისა, რომ 12 ათასი და მეტი ძალიან კარგად მომზადებული ჯარისკაცი გვყავს... აგრეთვე, კიდევ, დამატებით გვყავს 20-25 ათასი ის მეომარი, რომელმაც, წესით, ომი იცის, ჩვენ, რესურსი მხოლოდ ჯარით ომისა არ გვაქვს...
ომი, მით უფრო 21-ე საუკუნეში და მით უფრო ჩვენგვარ პატარა სახელმწიფოში, მრავალასპექტიანია... ის გულისხმობს უშუალოდ ჯარის ქმედებასაც და დიპლომატიასაც, მოლოტოვის კოქტეილის დამზადებასაც და ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ჩასვლას და სიმღერასაც: "შეაჩერეთ რუსეთი"... დიასპორათა პროტესტებსაც... მოსკოვში ყვირილსაც... საპატრიარქოს მხრიდან ევქარისტული კავშირის გაწყვეტასაც, რუსული არხების აკრძალვასაც... რუსული სიმღერის სირცხვილად გამოცხადებასაც და მისთ.
რელევანტურია აზრი, რომ მხოლოდ ჯარის !!! მხრიდან ომის გაგრძელების (!!!) შემთხვევაში, ანუ, იმ შემთხვევაში, თუ ეს ომი იქნება მხოლოდ ჯარის ომი და მას- ჯარს არ ექნება მხარდაჭერა საზოგადოებიდან, რუსეთი თბილისზეც გამოიწევს... და, ოჰ, რა ძნელია ამის გაფიქრებაც კი - დედაქალაქს აიღებს.
არარელევანტურია ფიქრი, რომ თუ ჩვენ ყველანი ვიომებთ (ავტომატითაც და ქადაგებითაც... კალმითაც და
ცხადია, არმიას აქვს შემაკავებლის ფუნქცია - 3-4-5 ან მეტი დღე უნდა გაუძლოს მან და მერე, მე-6 თუ მეათე დღეს უნდა ჩამოვიდეს აქ სახელმწიფო მდივანი კერი (კონდოლიზა რაისივით), ან ოლანდი... ვინმე იტყვის კი, რომ ისინი ომს შეაკავებენ? თბილისს არ "დააპყრობინებენ"? შეაჩრებენ? მაგას კი არა, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ მოვახერხებთ მათ ჩამოყვანას.
მაშ რაღა?
რაღა გზა დაგვრჩენია?
კაპიტულაციაზე აკი ვთქვი კიდეც...
მხოლოდ არმიის - ჯარის ომიც, პრინციპში, "გამოვრიცხე" (საფრთხეებისა და ჩვენი, აგრეთვე, ევროპა-ამერიკის უნიათობის გამო).
მაშ რაღა? რაღა გზა დაგვრჩენია?
გადარჩენა აქ და ახლა, ჩემი აზრით, "შეუძლებელია" - უნდა ვაღიაროთ, რომ დაბადებულ გენერაციათა (თუ მოქალაქეთა) უმრავლესობა, უბრალოდ, ვერ გადარჩება... გადარჩენაში ფიზიკურ გადარჩენას კი არა, სამშვიდობოს გასვლას - რუსეთის გარეშე, მშვიდ ცხოვრებას ვგულისხმობ.
ამ თაობათა უმრავლესობისამ უნდა თქვას შემდეგი - ჩვენ არ გვაინტერესებს დალხენა-მოლხენა... ჩვენ გვინდა სიცოცხლე ჩვენი შვილებისათვის... ჩვენ გვინდა ქვეყანა ჩვენი შვილებისათვის... ჩვენ გვინდა, რომ სწორედ ჩვენმა მომავალმა თაობებმა იცხოვრონ რუსეთის გარეშე.
და ამ თაობებიდან უმრავლესობამ "ბარსელონას" თამაშის ბილეთის შოვნაზე კი არ უნდა დადოს თავი, არამედ, გავიდეს საოკუპაციო ხაზთან და იქ აღამ-ათენოს...
ეს ვერ შედგება, ანუ, არ მოხდება, თუ ამის მაგალითები არ იქნება - ხოლო მაგალითის მომცემი უნდა იყოს ხელისუფლება... სწორედ ხელისუფლების, როგორც საზოგადოების ლიდერის ინიციატივით, მშვიდობიანი და დაუსრულებელი აქციები უნდა მიმდინარეობდეს საოკუპაციო ხაზებთან. ჯერ უნდა ავიღოთ (სასურველია, ეს გააკეთოს რომელიმე ხელისუფალმა) ეს ახალი აბრა... აიღოს და მოისროლოს... მერე შემდეგი აბრა უნდა ავიღოთ... გვესვრიან? მომიტევეთ და გვესროლონ...
ესაა ერთობლივი ომი - ომი, რომელსაც შეიძლება მშვიდობიანი ჰქვია...
და ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მშვიდობიანი აქციების, უფრო კი მშვიდობიანი ომის ორგანიზება!..
ჩემი აზრით, ეს ერთადერთი, ამასთან, არასტანდარტული გზაა შექმნილ ვითარებაში... ვიდრე არ ვნახავთ თავგანწირულ ხელისუფლებას, არც საზოგადოება გასწირავს თავს...
ვიდრე ხელისუფლება თავად ითხოვს ათასობით ბილეთს "ბარსელონას" თამაშზე, მანამ გაათენ-დააღამებს საზოგადოება ამ ბილეთების სხვათათვის ველურად წაღლეტვის სურვილით...
ხოლო როცა რომელიმე ათი მინისტრი ერთად გავა საოკუპაციო ხაზთან და ხელში აიღებს წერაქვს თუ ჩქაუჩს... და ფიზიკურად ამოთხრის ახალ თუ ძველ აბრებს, საზოგადოებაც იქნება სწორედ საოკუპაციო ხაზთან.
ირაკლი ტაბლიაშვილი