"გაზი აპარებდა და საცოდავი ქალი თურმე სამი დღის განმავლობაში რეკავდა დახმარების ცენტრში" - ტრაგედია გლდანში
"ისეთი ხმა და ბიძგები იყო, მიწისძვრა მეგონა" - გლდანში მომხდარ აფეთქებას დედა -შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ტრაგედია დატრიალდა გლდანის მე-6 მიკრორაიონში. "ვარდების რევოლუციის პარკის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 16:00 საათისთვის, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის სამი სართული, ფაქტობრიბად დაინგრა. აფეთქებამ ასევე რამდენიმე მიმდებარე კორპუსი და სუპერმარკეტი დააზიანა.
აფეთქებამ ამჟამინდელი ინფორაციით, სამი ადამიანის, მათ შორის დედა-შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. მე-3 ცხედარი მაშველებმა ახლახან ამოიყვანეს ნანგრევებიდან. გარდაცვლილი ქალბატონია. მისი ცხედარი პროზექტურაში უკვე გადაასვენეს. არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ჩამოშლილ სინკარებში კიდევ ერთი ადამიანია მოყოლილი. მისი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ცოტა ხნის წინ ადგილზე დამატებითი მძიმე ტექნიკა მიიყვანეს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, სულ ოთხი ადამიანი დაზიანდა. ორი მათგანი ფეხმძიმე ქალბატონია, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი ორი გოგონა კი ურთულესი ტრამვებით ქირურგიულ ცენტრში გადაიყვანეს.
"კვირის პალიტრა" დეტალების გარკვევას შემთხვევის ადგილზე შეეცადა. ადგილობრივების თქმით აფეთქების ხმა რამდენჯერმე გაისმა.
ნელი გორჯოლაძე:
- მე მეზობელ კორპუსში ვცხოვრობ, როგორც ამბობენ, გაზი აფეთქდა, ისეთი ხმა და ბიძგები იყო, მიწისძვრა მეგონა, ვიფიქრე, ყველაფერი თავზე დამექცევა და ვერ გადავრჩები-მეთქი. გონზე რომ მოვედი, დაბლა ჩამოვედი და საშინელი სურათი დამხვდა. ამ კორპუსის კედელი გახეთქილი და ირგვლივ არსებულ კორპუსებში ფანჯრები ჩალეწილი იყო. ოთხი ოჯახი დაზარალდა. ამბობენ, რომ დედა-შვილი გარდაცვლილა, როგორც ვიცი გვარად ბურდულები არიან. ამბობენ, რომ ნანგრევებში კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.
ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ აფეთქება გაზმა გამოიწვია. ორ სართულზე არც ჭერია სადმე, არც იატაკი, კორპუსის ლიფტის ადგილი და კიბეებიც აღარსად არის, ყველაფერი განადგურდა. მეზობელმა თქვა, მათი გაზი აპარებდა და საცოდავი ქალი თურმე სამი დღის განმავლობაში რეკავდა დახმარების ცენტრშიო, მაგრამ არავინ გამოჩენილა და დღეს კიდევ ეს საშინელება მოხდა. ფანჯრები, რომ ღია ყოფილიყო ალბათ ეს უბედურება არ მოხდებოდა.
შემთხვევის ადგილზე დედაქალაქის მერი, დავით ნარმანიაც იმყოფებოდა. მისი თქმით, აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ბუნებრივი აირი კი მხოლოდ ვარაუდია.
დავით ნარმანია:
- სამწუხაროდ, ნგრევის შედეგად გარდაიცვალნენ ადამიანები. კორპუსი ძლიერად არის დაზიანებული. სამაშველო სამსახური პირველივე წუთებიდან მობილიზებულია და ატარებს შესაბამის სამუშაოებს, გამოვიძახეთ კონსტრუქტორები და დამატებით ტექნიკა. კონსტრუქტორებმა უნდა შეაფასონ ამ სადარბაზოების მდგრადობასთან დაკავშირებული საკითხი, რათა შესაბამისი ოპერაციის განხორციელების პროცესში კიდევ არ მივიღოთ მსხვერპლი. რამდენიმე ადამიანი დაშავებულია, რომლებიც გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში, სადაც აღმოუჩენენ დახმარებას. ჯანდაცვის მინისტრი და ჩემი მოადგილე ადგილზე იმყოფებიან და მეთვალყურეობას უწევენ მათ.
- აფეთქების გამომწვევი მიზეზი ცნობილია?
- გამომწვევ მიზეზებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ, თუმცა შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები ტარდება და მალე გაირკვევა რა გახდა აფეთქების მიზეზი. სავარაუდოდ კი, ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია კორპუსის ნგრევა.
ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაყვანილი ორ გოგონა მოინახულა. მინისტრის თქმით მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
დავით სერგეენკო:
- ორივეს მდგომარეობა მძიმეა. ერთ-ერთ მათგანს უახლოეს პერიოდში გადაიყვანენ დამწვრობის ცენტრში. ორივე რეალურად კრიტიკულ მდგომარეობაშია, თუმცა ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათი სიცოცხლის გადასარჩენად. კიდევ ერთი დაზარალებული გადაყვანილია სხვა კლინიკაში. გარდა ამისა, ორი არის ორსული ქალბატონი, რომელთაც დაზიანება არ ჰქონდათ, მაგრამ გადაწყვიტეს, მკურნალ ექიმთან გაიარონ კონსულტაცია.
"კვირის პალიტრა" შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნულ კორპუსში გაზის სუნი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იგრძნობოდა, რასთან დაკავშირებითაც ადგილობრივებმა 112-ში არაერთხელ დარეკეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ 112-ზე მსგავსი შეტყობინება არ დაფიქსირებულა.
მზეკო ჟვანია (სპეციალურად საიტისთვის)
იხილეთ ვიდეო