ავარიას თურქეთში ქართველი ქალბატონი შეეწირა - რატომ მიაყენეს შეურაცხყოფა ქართველ ჟურნალისტებს რიზეში? - კვირის პალიტრა

ავარიას თურქეთში ქართველი ქალბატონი შეეწირა - რატომ მიაყენეს შეურაცხყოფა ქართველ ჟურნალისტებს რიზეში?

"თურქეთში გარდაცვლილი ციური მიქელაძე შვილთან და მეზობლის ქალთან ერთად იყო სამუშაოდ წასული..."

"როგორც კი ოპერატორებმა კამერების გამართვა დაიწყეს, 15 -მდე ადამიანი მოცვივდა და იმ ქართველებს დაუწყეს ჩხუბი, - რატომ გააგებინეთ და ჩემოიყვანეთ ქართველები აქო... ისინი ეუბნებოდნენ, ჩვენ არ მოგვიწვევიაო..."

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იქ სამუშაოდ ჩასული საქართველოს ერთი მოქალაქე ციური მიქელაძე ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი ქართველი ამ დრომდე საავადმყოფოშია... ამ ამბის გასაშუქებლად რიზეში "საზოგადოებრივი მაუწყებლის", აჭარის ტელევიზიისა და "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფები ჩავიდნენ, რომელთაც თურქეთში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჩვენ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს გოგიტა გოგოძეს ვესაუბრეთ:

- ჩვენი თანამემამულეები ავტოავარიაში თურქის მანქანით მოხვდნენ. იმ თურქს, რომელიც მანქანას მართავდა, ქართველები დაქირავებული ჰყავდა, ანუ ე.წ. მეპატრონე იყო და ისინი სამუშაოდ მიჰყავდა. წინა სავარძელზე მათთვის სადილი ჰქონდა დალაგებული, უკანა სავარძელზე ისინი ისხდნენ. როგორც გავარკვიეთ, მანქანას ძაღლმა გადაურბინა, მძღოლმა აცილება სცადა, მაგრამ მანქანა ვერ დაიმორჩილა, რომელიც სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურს შეასკდა და ამოტრიალდა. შედეგად დაიღუპა ერთი ქალბატონი. დანარჩენები დღემდე საავადმყოფოში რჩებიან.

- თქვენ რას გერჩოდნენ?

- რიზეში ჩასულებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც თან გვახლდა, რომელმაც გვითხრა, ვეცდები საავადმყოფოში გავარკვიო რა მოხდაო. ჩვენ იქ მყოფ დანარჩენ ქართველებთან მივედით, რათა მათთან გაგვერკვია დეტალები... როგორც კი ოპერატორებმა კამერების გამართვა დაიწყეს, 15 -მდე ადამიანი მოცვივდა და იმ ქართველებს დაუწყეს ჩხუბი, - რატომ გააგებინეთ და ჩემოიყვანეთ ქართველები აქო... ისინი ეუბნებოდნენ, ჩვენ არ მოგვიწვევიაო... როგორც გავარკვიეთ, ესენი იმ თურქის ახლობელები იყვნენ, ვისი მანქანითაც მოხდა ავარია. არ გადაიღოთო, - გვეუბნებოდნენ. ჩვენ ვუხსნიდით, ჯერ არ ვიღებთ, უბრალოდ კამერებს ვმართავთო. ისინი უკვე აგრესიაზე გადავიდნენ, - გადასაღები არც არაფერია, კამერები მოგვეცითო... თურქული არ ვიცით და თავიდან ვერც მივხვდით, რა უნდოდათ... რა თქმა უნდა, არ დავუთმეთ. იქვე იყვნენ დაცვის თანამშრომლები, მაგრამ ჩვენს დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ. ახლოს იყვნენ სამართალდამცველებიც, ვცდილობდით მათთან ახლოს ვყოფილიყავით, მაგრამ არც მათ ჰქონიათ რეაქცია... მალე გაწევ-გამოწევა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა... ვეცადეთ საავადმყოფოს შენობაში შევსულიყავით, გვეგონა, იქ მაინც ვიქნებოდით დაცული, მაგრამ იქაც არ შეგვიშვეს... ამასობაში კამერები დააზიანეს. ერთი ქალი ჟურნალისტი გვახლდა, კიდევ კარგი ის მაინც გადაურჩა მათ აგრესიას, მას არაფერი აკადრეს...

- სად მუშაობდნენ ის ქართველები, რომლებიც ავარიაში მოჰყვნენ?

- პლანტაციაში, ჩაის კრეფდნენ... გარდაცვლილი ქალბატონი ციური მიქელაძე, ხელვაჩაურიდან არის. შვილთან და მეზობლის ქალთან ერთად იყო სამუშაოდ წასული... აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ინციდენტის პირველ წუთებში უცხო ქვეყანაში სრულიად დაუცველად ვგრძნობდი თავს, თუმცა მალევე ვიგრძენით საქართველოს საკონსულოს მხარდაჭერა. Gგენერალური კონსული ტრაპზონში ავთანდილ ნიქაცაძე, ასევე გოგა ყუშიტაშვილი, მთელი დღე-ღამის განმავლობაში გვერდიდან არ მოგვცილებია და მომხდარის შესახებ ყველა ინსტანციას აცნობეს...

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართველი ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე თურქულმა მხარემ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თურქული მხარე მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. საქმეში ჩართულია ტრაპიზონის გენერალური საკონსულო.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დაკითხულია ინციდენტში მონაწილე ყველა პირი. დაკითხვას ტრაპიზონის გენერალური კონსული ავთანდილ ნიქაცაძეც ესწრებოდა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)