"პრემიერის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე დამირეკა და დაიმუქრა, რომ ჟვანიას მოიცილებდნენ" - კვირის პალიტრა

"პრემიერის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე დამირეკა და დაიმუქრა, რომ ჟვანიას მოიცილებდნენ"

"პიკანტურ დეტალებს მნიშვნელობა არ აქვს, ჟვანია ფინანსურ-ეკონომიკური ინტერესების გამო მოკლეს"

"ამერიკის საელჩოშიც დამიბარეს და მკითხეს საფრთხე ხომ არ მემუქრებოდა"

ერთმანეთის პარალელურად ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული ორი საქმის სასამართლო განხილვა მიმდინარეობს. ჟვანიას გარდაცვალებისა და ე.წ. კორტების საქმეებზე დაკავებულებს, სავარაუდოდ, მოკლე ხანში გამოუტანენ ვერდიქტს. სკანდალური განცხადება გააკეთა კორტების სპეცოპერაციის ერთ-ერთმა მოწმემ კობა გოგატიშვილმა, მისი მტკიცებით, საკონტროლო ტყვია ვაზაგაშვილსა და ხუბულოვს გიორგი ცააძემ ესროლა. დაცვის მხარე მოწმის ჩვენებას კატეგორიულად უარყოფს. მეტიც, ცააძეზე ზეწოლად მიიჩნევს გიორგი ცააძის დის შვილს პოლიციაში დაბარებას, რომელიც 6 თვის წინ სასმართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაიბარეს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, საქმე შეეხება ირაკლი კაკაბაძის მიერ შეტანილ სარჩელს. ჩვენ დეტალების გადამოწმება ირაკლი კაკაბაძესთან ვცადეთ:

- მე არავისთვის მიჩივლია. ექვსი თვის წინ, ა.წ. თებერვალში ეს ახალგაზრდა კაცი საჯაროდ დამემუქრა, რასაც თვითონაც არ უარყოფს, რის მერეც ამ საკითხზე მთხოვეს ჩვენების მიცემა. სამართალდამცავებს იმაზე მეტს ვერაფერს ვეტყოდი, რაც ამ ბატონმა წერილობით გამოაქვეყნა... მეც არ ვიცი 6 თვის შემდეგ რატომღაც დაიბარეს დაკითხვაზე. სრულიად გაუგებარია რატომ ახლა და არა მაშინ?! ამ ახალგაზრდა კაცს არ ვუჩივი, "რუსთავის- 2"-ს კოშმარული ელეთმელეთი დამართნია. კაცი თვითონ ამბობს იმას, რომ დამემუქრა, მუქარა კი კრიმინალია, თუმცა ამის გამო, რა თქმა უნდა, არ უნდა დაიჭირონ. თუ ეს მოხდა ემოციურად - მას უხსნიან, რომ მეორედ აღარ აჰყვეს ემოციებს. თუ ეს მოხდა გარკვეული პირების ზემოქმედებით - მაშინ მესამე პირებიც ყურადღების ქვეშ უნდა აიყვანონ. იმედია, "სამართალდამცავების ლიგა" არ დგას მის უკან და ეს მხოლოდ ამ ახალგაზრდის ემოციური პასუხი იყო. სხვათა შორის, ვინაიდან მე ამერიკის მოქალაქე ვარ ამ ინციდენტის გამო საელჩოშიც დამიბარეს და მკითხეს საფრთხე ხომ არ მემუქრებოდა.

- ბატონო ირაკლი, თქვენ არაერთხელ გილაპარაკიათ ზურაბ ჟვანიას გარადცვალებაზე. ამ ცოტა ხნის წინ ჟვანიას დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ განაცხადა, რომ ტრაგედიის ღამეს ჟვანია და უსუპოვი შიშვლები ნახა...

- 2005 წლიდან გვესმის მინიშნებები ამაზე და ახლა უკვე ღიად ალაპარაკდნენ ამ ვერსიაზე. ეს არის საბჭოთა კა-გე-ბეს ხელწერა, სწორედ ისინი იქცეოდნენ ასე, როდესაც ვინმეს მოიშორებდნენ შემდეგ მსგავს ვერსიას ავრცელებდნენ, რადგან გარდაცვლილის ოჯახს არ ჰქონოდა გამოძიების სურვილი. არავითარ პიკანტურ დეტალებს მნიშვნელობა არ აქვს, აქ პირდაპირ უნდა ითქვას რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს ფინანსურ-ეკონომიკური ინტერესების გამო და ხარშილაძიგან "კაგებეშნიკური" ვერსიების ლაპარაკი უნამუსობაა. მოკლედ, ამგვარი ვერსია ყოველთვის ფიგურირებდა, როდესაც საბჭოთა კავშირში ვიღაცას კლავდნენ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ერთგვარი კომპრომატი გარდაცვლილზე. ეჭვის მაქვს, რომ ამ იდეის მოფიქრებაში ჩართული იქნებოდნენ ძველი, საბჭოთა კა-გე-ბეს სკოლის წარმომადგენლები, რომელბიც მანამდე იმუქრებოდნენ კიდეც, რომ ჟვანიას მოიცილებდნენ და მართლაც შეასრულეს, რადგან მათთვის ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და ამას წლების მანძილზე აკეთებდნენ.

- ვის გულისხმობთ მიხეილ სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიას?

- მე სააკაშვილის ბიძას პირდაპირ ვერ დავადებ ხელს, თუმცა ვამბობ, რომ მას, ერიკ გუდისთან ერთად, ჰქონდა ფინანსური ინტერესები, რომლის განხოციელებაშიც ზურაბ ჟვანია ხელს უშლიდა. უშუალოდ მკვლელობაში მიშა სააკაშვილისა და მისი ბიძის მონაწილეობაზე მე ვერაფერს ვიტყვი, ეს გამოძიების საქმეა. რაც შეეხება ერიკ გუდისს, მან ჟვანიას გარდაცვალებამდე, 2005 წლის იანვარში დამირეკა და დაიმუქრა, რომ ჟვანიას მოიცილებდნენ. ერთ თვეში მოკლეს ზურაც. ერიკ გუდისი თემურ ალასანიას მეგობარია, თუმცა ის წლების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა და სხვა ბევრი მეგობარიც ჰყავს საქართველოში. ამ გუდისის მამა საბჭოთა პერიოდში სამხრეთ კავკასიის სამხედრო ოლქიში იარაღის მთავარი გამყიდველი და სამხედრო პოლკის უფროსი იყო. გუდისი ძალიან დაახლოებულია ვლადიმერ პუტინთან და დღესაც იარაღის უკანონო ვაჭრობაშია ჩართული. გუდისს უტენდეროდ უნდოდა თბილისის აეროპორტის ხელში ჩაგდება, რაშიც ჟვანიამ შეუშალა ხელი და სწორედ ამის გამო მოიშორეს ზურა. სხვათა შორის, როცა დამირეკა, ისიც თქვა, რომ ბენდუქიძეზეც იყო გაბრაზებული, ამბობდნენ მაგას აუცილებლად მოხსნიანო, მართლაც კახა ბენდუქიძე მალე სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს. ერიკ გუდისს აეროპორტის ხელში ჩაგდება სურდა იმიტომ რომ შემდეგ ჩვენი აეროპორტი გამოყენებინა იარაღის გადასატანად, ჟვანიამ მას ხელი შეუშალა, თუმცა ჟვანიას სიკვდილის შემდეგ გუდისმა შექმნა რაღაც თუქრული კომპანია და მაინც დაეუფლა აეროპორტს, ბუნებრივია, თვითონ არ ფიგურირებს კომპანიის მენეჯმენტში.

- თქვენ რატომ დაგირეკათ?

- იმ ხანად ვმუშაობდი "თბილავიამშენში", სადაც ბოინგის პროექტზე ვმუშაობდით (ჩემს წიგნში "მარგინალური ბოდვები" ეს ყველაფერი დეტალურად მიწერია), ეს საქმეც ამ გუდისის ჩარევის შედეგად ჩაიშალა. მაშინ მიწევდა ურთიერთობა გუდისთან, სწორედ ამ დროს დამირეკა და მითხრა ის, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)