"საღ-სალამათი შვილები გავაყოლეთ და ჩაფერფლილი ბავშვები ჩამოგვისვენეს" - ვინ არის დამნაშავე ხანძარს შეწირული პატარების სიკვდილში?! - კვირის პალიტრა

"საღ-სალამათი შვილები გავაყოლეთ და ჩაფერფლილი ბავშვები ჩამოგვისვენეს" - ვინ არის დამნაშავე ხანძარს შეწირული პატარების სიკვდილში?!

"ჩემი ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი, ღვთისმოშიში რეზი, ცეკვის სიყვარულით აღტაცებული, ბედნიერი გავაცილეთ. ის საიმედო, ქალაქის საპატიო მოქალაქეს, გოგი მარღანიას ჩავაბარეთ. მისი ტიტული და ნდობა ძალიან ძვირად დაუჯდა ჩვენს ოჯახს."

"4-ჯერ ვიყავი ბავშვების სასაფლაოზე, იქ ხელოსნები იყვნენ. 40-ზეც, როცა ყველანი წავიდნენ სახლში, მერე საღამოს ავედი საფლავზე. ძალიან მტკივა გული, ეს დიდი ტრაგედიაა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ მე რა დღეში ვარ."

მთელი საქართველო შეძრა 11 წლის ბიჭების: თორნიკე ხვიჩიას, დათო ზაქრაძის და რეზი დემეტრაშვილის დაღუპვამ. რუსთავის ცეკვის ანსამბლ "სიხარული 2"-ის წევრები ქობულეთში საერთაშორისო ფესტივალზე ჩავიდნენ. 10 მაისს, გამთენიისას, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ბავშვები ემსხვერპლნენ. მაშველებმა და პოლიციელებმა 45 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 32 ბავშვი, საუბედუროდ, სამი მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორ თვეზე მეტი გავიდა ქობულეთის სასტუმრო "არმაზში" დატრიალებული ტრაგედიიდან, მაგრამ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. სამართალდამცავები მომხდარის მიზეზს ისევ ადგენენ. გამოძიების დასრულებას მოთმენლად ელიან დაღუპული ბავშვების ოჯახის წევრები, მათი მოთმინების ფიალა ივსება. ისინი მთავარ კითხვაზე ითხოვენ პასუხს, რას შეეწირნენ მათი უმანკო შვილები? ინტერნეტში გავრცელად 11 წლის რეზი დემეტრაშვილის მშობლების წერილი, რომელშიც ისინი მომხდარში პედაგოგებს ადანაშაულებენ, ჩვენ დავუკავშირდით რეზის დედას ეკატერინე ბენაშვილს:

- ჩაბნელებული, უსიცოცხლო და გამწარებული დღეები გადის, კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ გვაქვს, გამომძიებელი ყოველდღე გვეუბნება, რომ მალე დასრულდება გამოძიება, მაგრამ... ჩვენ 90%-ით პასუხისმგებლობას ჩვენი შვილების პედაგოგებს ვაკისრებთ. უჭკვიანესი შვილები დავკარგეთ, როცა ენდობი ადამიანს და როცა იგებ, რომ თურმე გოგი მარღანია საერთოდ იხსნის პასუხისმგებლობას, ეს საშინელებაა. ჩემი ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი, ღვთისმოშიში რეზი, ცეკვის სიყვარულით აღტაცებული, ბედნიერი გავაცილეთ. ის საიმედო, ქალაქის საპატიო მოქალაქეს, გოგი მარღანიას ჩავაბარეთ. მისი ტიტული და ნდობა ძალიან ძვირად დაუჯდა ჩვენს ოჯახს. ეჭვიც არ გაგვივლია გულში, თუ სინამდვილეში უგულო და უპასუხისმგებლო ადამიანებს ვაბარებდით შვილს. ცეცხლი სასტუმროში ნელ-ნელა ღვივდებოდა, ვერავინ დამაჯერებს, რომ უცებ გაჩნდა იქ ამხელა ხანძარი, ბავშვებს მეთვალყურედ მიუჩინეს ზაქრაძის და, რომელიც ამ დროს ქვემოთ იჯდა. ისინი აღნიშნავდნენ პედაგოგ მარღანიას დამხმარეს ბავშვის დაბადების დღეს. დადასტურდა, რომ ისინი იქ ქეიფობდნენ, ტელევიზორისთვისაც რომ ეყურებინათ, ფაქტია, ბავშვები ოთახში უმეთვალყურეოდ იყვნენ. ზაქრაძის დის მონათხრობი სხვადასხვანაირია, მისგან ვერაფერი გავიგეთ. ჩვენ პრეტენზია გვაქვს მარღანიასთან, მას ჩავაბარეთ ბავშვი, ის დღეს არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს. მარღანიას ეძინა, მეორე დამხმარე პედაგოგი ქვედა სართულზე, სადღეგრძელოებსა და უგუნურ გართობას მისცემოდა. ბავშვები კი არავის ახსოვდა. ტრაგედიის შემდეგ გაგიჟებული მშობლები ბათუმში ჩავედით, პედაგოგები ლაჩრულად გამოქცეულები დაგვხვდნენ, არც ერთი პედაგოგი იქ არ იყო, რომ პასუხი გაეცა განადგურებული მშობლებისთვის. ჩემს მეუღლეს 11 წელი ასწავლიდა, ამიტომ ვანდეთ ჩვენი შვილი, მითხრას, რატომ მისცა უფლება ვინმეს, რომ გარეთ დარჩენილიყო, თურმე ის ამის უფლებას ადრე არავის აძლევდა, სხვა დროს ყველაზე ბოლოს წვებოდა, ამჯერად რა მოხდა, ასე რატომ არ მოიქცა? ყველაზე მეტად გამაოგნებელი ის არის, რომ რეპეტიცია ბავშვების დაკრძალვიდან ერთ კვირაში განახლდა, ასეთი გულგრილობა გაგიგიათ? თავიდან არ დავიჯერე. საშინელ დღეში ვართ, გვეგონა ვიღაც მოვიდოდა და ბოდიშს მაინც მოიხდიდა, გადიოდა დღეები, მაგრამ მარღანია ჩვენთან არ მოსულა, არ აუხსნია არაფერი. მივხვდით ისინი არანაირ პასუხსიმგებლობას არ გრძნობენ. ტაძრიდან რომ არ გავაძევეთ, ალბათ ამიტომ ვერც მიხვდა, რა მოხდა. მაშინ აგონიაში ვიყავით, განადგურებულები, მისთვის არავის ეცალა, შოკირებულები ვფიქრობდით მარტო ჩვენს ბავშვებზე. ამდენი დრო გავიდა, მას პატიება არ უთხოვია, უბრალოდ სამძიმარზე მოსვლით სინდისი ჩამოირეცხა. როგორც გავიგე, არც თვლის თავს დამნაშავედ. გამოძიება არ არის დასრულებული, ვიცით, რომ ხანძარი ბავშვების ოთახში გაჩნდა, ამ დროს მათ ეძინათ, საწოლში დაიწვა სამივე. მათ რომ ენახათ ცეცხლი, იმდენად ჯანმრთელი და აქტიურები იყვნენ, იმხელა ხმაურს ატეხდნენ, გადარჩებოდნენ. მთელი დღის დაღლილებს ალბათ ეძინათ. რეზის ბოლოს 11-ის 10 წუთზე ვესაუბრე, ნომერში იყო, ნავახშმევი და შიში არ მქონია. იმ ღამეს 3 საათამდე არ დამიძინია, მაგრამ არანაირი წინათგრძნობა არ მქონია, რომ ისევ დამერეკა. ძალიან საყვარელი, თავმდაბალი შვილი მყავდა, მიზანდასახული იყო, ძალიან გონიერი... დიდი იმედით ვიყავით და ყველაფერი დაგვენგრა. გავნადგურდით, არ ვიცი, მის გარეშე როგორ ვიცხოვრო. მესმის, რომ ჩემი შვილი იქ დასაღუპად არავის წაუყვანია, მაგრამ შვილი მათ ჩავაბარე. ისინი არ გრძნობენ თავს დამნაშავედ, ეს მანადგურებს, ამას სახელი არ ჰქვია. ზუსტად ერთ კვირაში, დოლ-გარმონზე რეპეტიციები განაახლეს, თურმე დაბალ ხმაზე უკრავდნენ. გამოძიების დასრულებისთანავე მათ პასუხისმგებლობას მოვთხოვდით, ეს რომ გაიგეს, გაუკვირდათ; ჩვენ რა შუაში ვართო. პირდაპირ გეტყვით პედაგოგის სიტყვებს; უთქვამს, რა ორმოცამდე რომ შეგვეწყვიტა რეპეტიციები, ისინი გაცოცხლდებოდნენ? ჩვენ რა ელექტრიკები კი არ ვიყავით, ცეცხლი გაჩნდა და დაიწვნენო...

თორნიკე ხვიჩიას მამა, ელგუჯა ხვიჩია, ამბობს, რომ დემეტრაშვილების ოჯახის გამოთქმულ მოსაზრებას იზიარებს.

ელგუჯა ხვიჩია:

- გამოძიებას ველოდებით, უნდა დაისაჯოს ყველა, ვისაც ჩვენი შვილების სიკვდილში წვლილი მიუძღვის. საღ-სალამათი შვილები გავაყოლეთ და მთელმა საქართველომ ნახა, ჩაფერფლილი ბავშვები ჩამოგვისვენეს. მათი სიკვდილი არავის უნდა შერჩეს. განადგურებული მამა ვარ, მინდა გავიგო რას შეეწირა ჩვენი შვილები. წარმოიდგინეთ რა საშინელებაა, ცხედარიც არ გვქონდა, ბავშვებს ვერც მოვეფერეთ. ამხელა ტრაგედია დაგვატყდა თავს, ასე გავნადგურდით და პედაგოგი არც კი მოსულა ჩვენთან. იმის ნაცვლად მოსულიყო და დაგვლაპარაკებოდა, მეცხრე დღეს რეპეტიციები განააახლა. მითხარით, რას ჰგავს ეს საქციელი? გამომძიებელს დღესაც შევხვდი, მთავარ პროკურორსაც შევხვდი, გვპირდებიან, რომ ობიქტურად გამოიძიებენ. მე სამუდამოდ დაღუპული ვარ, ჩემი ჭკვიანი, სიცოცხლით სავსე შვილი აღარ მყავს, გავნადგურდი, ხომ უნდა გავიგო რატომ გავნადგურდი ასე?!

კომენტარი ანსამბლ "სიხარულის" ხელმძღვანელს, გოგი მარღანიასაც ვთხოვეთ:

- კარგად მესმის გამწარებული მშობლები არიან, ძალიან სტკივათ სული, მაგრამ ღმერთმა იცის, რომ ამ საშინელ ტრაგედიას ძალიან განვიცდი. რეზის მამა ჩემი მოსწავლე იყო, მან იცის ჩემი დამოკიდებულება მოსწავლეებისადმი. აბსოლუტურად სიცრუეა ის ინფორმაცია, რაც ვრცელდება, რომელი ნორმალური, ჭუათმყოფელი ადამიანი იტყოდა, მე ელექტრიკოსი ხომ არ ვიყავიო. გეფიცებით, მუშაობის დაწყება საერთოდ არ მინდოდა ამხელა ტრაგედიის მერე, მე იქ მიმსვლელი არ ვარ-მეთქი, დღესაც თვალწინ მიდგას ის ბავშვები. ახლა ვერ დავიწყებ თავის მართლებას, დაველოდოთ გამოძიებას, ღმერთმა იცის, რომ ასეთ საშინელებას საერთოდ არც ერთი ნორმალური ადამიანი არ იტყოდა. 40 დღე მე საერთოდ არ გამოვჩენილვარ რეპეტიციაზე, გეფიცებით. მშობლები იყვნენ ჩემთან სახლში მოსულები და მითხრეს, ფსიქოლოგმა გვირჩია, რომ ჯობია ბავშვებმა იცეკვონო, ისინი დაჟინებით ითხოვდნენ ცეკვების განახლებას. უარი ვუთხარი, სექტემბრამდე არ განვაახლებ-მეთქი, მაგრამ რომ დაიჟინეს, ჩემს თანამშემწეს ვუთხარი, მაშინ შენ იარე - მეთქი. ისიც უარზე იყო. სამი კვირის შემდეგ, მშობლების დაჟინებული თხოვნით განახლდა რეპეტიციები, გეფიცებით, მე იქ არ მივსულვარ.

- ბატონო გოგი, რატომ არ მიხვედით დაღუპულების ოჯახის წევრებთან და რატომ არ გაესაუბრეთ მათ?

- სამძიმარზე ვესაუბრე. რეზის მამა ჩემი მოსწავლე იყო, განადგურებული მივედი მასთან და ვუთხარი, ეს რა დამემართა, საღ-სალამათი ბავშვი წავიყვანე და ფერფლი ჩამოგიტანე, ეშმაკი სად ჩამისაფრდა-მეთქი. მითხრა, შენი მოსწავლე ვიყავი და ვიცი როგორი ყურადღებიანი ხარო. მერე მითხრეს, ბავშვის დედა ძალიან გაღიზიანებულიაო, ეს ბუნებრივია, ამხელა ტრაგედიაა, ამიტომ მოვერიდე, მათთან არ მოვსულვარ, მაგრამ 4-ჯერ ვიყავი ბავშვების სასაფლაოზე, იქ ხელოსნები იყვნენ. 40-ზეც, როცა ყველანი წავიდნენ სახლში, მერე საღამოს ავედი საფლავზე. ძალიან მტკივა გული, ეს დიდი ტრაგედიაა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ მე რა დღეში ვარ. მართლა ვცადე მათთან შეხვედრა, ახლობლის პირით შევუთვალე რეზის მამას, შეხვედრა მინდა- მეთქი, მან შემომითვალა, მორჩება გამოძიება და მერე დაველაპარაკებიო.

- ამბობენ, ქობულეთში ჩასულებს არც ერთი პედაგოგი იქ არ დაგვხვდაო

- ესეც არ შეეფერება სიმართლეს. ჩვენ ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ პროკურატურაში დაკითხვაზე წაგვიყვანეს და საღამომდე იქ ვიყავით, არანაირად არ დაგვიტოვებია ისინი. იმ საბედისწერო დღეს ყველა ოთახი სათითაოდ შევამოწმე და ისე დავიძინე. დაღუპული ბავშვების ოთახში ვიყავი ღამის 2 საათზე, ისინი კარტს თამაშობდნენ. მეც ვითამაშე მათთან ორი ხელი, მერე ვუთხარი, ახლა დაიძინეთ-მეთქი. იმ დროს ზაქრაძის დაც ოთახში იყო. 4-ის ნახევარზე დავწექი, მას მერე რაც ყველა ოთახი შევამოწმე. სათითაოდ ყველა ოთახის კარს ყური მივადე, დავრწმუნდი, ყველას ეძინა. ქვევით იყო რამდენიმე მშობელი და ჩემი დამხმარე ბიჭი. ქალები ტელევიზორს უყურებდნენ. ვინ წარმოიდგენდა ასეთი უბედურება რომ მოხდებოდა. გამოძიება სიმართლეს გაარკვევს. თქვენ არ იცით დათო ზაქრაძეს თავისი და როგორ დასტრიალებდა თავს, ამ ბავშვებსაც უვლიდა, ხელჩაკიდებულები დადიოდნენ. დათო მისი გაზრდილია და ძალიან ზრუნავდა. საშინელ დღეში იყო, ცეცხლში ვარდებოდა, მისი კივილი ყველას ესმოდა, ძლივს მოვაშორეთ იქაურობას. ცეცხლი ბავშვების ოთახის კარზე გამოდიოდა, მათ ლუქსში ეძინათ, სამი ფანჯარა ჰქონდა ოთახს, ისეთი სიცოცხლით სავსე, მკვირცხლი ბავშვები იყვნენ, რომ გაღვიძებოდათ, გამოსავალს იპოვიდნენ, მათ ეძინათ. სულ თვალწინ მიდგას მათი სახეები, დიდების ჯგუფში გადამყავდა ისინი, ბულგარეთში უნდა წამეყვანა. ძალიან მტკივა, საუბარიც მიჭირს. დაველოდოთ გამოძიებას.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)