"მამულის გარეშე არ შეიძლება ცხოვრება"
"მსოფლიო ამოყირავდა და ეს ჩემს ბამბუკეთში სიმბოლურად გამოსახულია ამოყირავებული გლობუსით"
წარსულში ჯუმბერ პატიაშვილი საქართველოს ცეკას პირველი მდივანი იყო, ამ სტატუსის მქონე ადამიანი საქართველოს ბევრი არ ჰყოლია... 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ თბილისი დატოვა და საცხოვრებლად მცხეთაში გადავიდა. საკუთარი ეზო-კარი ძალიან უყვარს, სხვაგან ყოფნა ვერც კი წარმომიდგენიაო, - ამბობს. პროფესიით აგრონომია, ასოცირებული პროფესორი, უყვარს ბუნება და დარგი, რომელსაც წლების განმავლობაში სწავლობდა. ბატონმა ჯუმბერმა მცხეთაში გულთბილად გვიმასპინძლა.
- საქმე, რასაც თქვენ ამ გაზეთისთვის აკეთებთ, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. საუბარს ცოტა შორიდან დავიწყებ, საქართველო გეოგრაფიული მდებარეობით, კლიმატით, ნიადაგის შემადგენლობით უნიკალურია. იმდენი მცენარეული კულტურა, რაც ჩვენთან იყო, მათ შორის ხორბლის სახეობა, არსად ყოფილა. ჩვენს ქვეყანას შეეძლო მარცვლეული კულტურებით, მსოფლიოში ერთ-ერთი გენეტიკური ფონდი შეექმნა. ამ საკითხით იაპონელები ჯერ კიდევ დიდი მეცნიერის, ნიკო კეცხოველის სიცოცხლეში დაინტერესდნენ, ხორბლის 24 სახეობიდან 14 ქართული გახლდათ.
ადრე ჩვენი წინაპარი რას მიირთმევდა, კარგად აქვს აღწერილი ივანე ჯავახიშვილს "ეკონომიკურ ისტორიაში", რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს. მასვე აქვს შესწავლილი თითქმის ყველა მცენარეული კულტურა...
საქართველოს უნიკალურობა იმაშიც გამოიხატება, რომ მსოფლიოში აღიარებული 1300-1400 ყურძნის ჯიშიდან 600-650 ქართულია. მათი ნერგებიც ევროპაში ყოველთვის ჩვენგან გაჰქონდათ.
- რატომ ვერ შეძლო საქართველომ ამ ყველაფრის შენარჩუნება?
- ზოგი იტყვის, საბჭოთა პროპაგანდას ეწევაო, მაგრამ კოლექტიური მეურნეობა არ უნდა გაუქმებულიყო. ჭკვიანი ხალხია ებრაელები და სწორედ ასეთი მეურნეობის ანალოგი, კიბუცი აქვთ შექმნილი. კოლექტიურ მეურნეობაში მუშაობა ადამიანს ბევრ რამეს აძლევს როგორც ეკონომიკურად, ისე სოციალურად. ასევე აჩვევს წესიერებას. ჩვენ ყველაფერი ერთმანეთში ავურიეთ და თუკი კოლმეურნეობაში ვინმე რამეს არღვევდა, სისტემას მივაწერეთ...
- ე.ი. კოლმეურნეობა უნდა შენარჩუნებულიყო?
- იმ ფორმით არა, რადგანაც საწყისი ბაზა მაინც საბჭოური იყო, მაგრამ არც ასე უნდა განადგურებულიყო. დღეს არავინ აღიარებს, რომ თავად ქართველებმა დავანგრიეთ სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და მთლიანობაში, ეკონომიკა. თანაც კოლმეურნეობის მიწის ნაკვეთები ისე გადანაწილდა, ისეთებმა მიითვისეს, მიწასთან შეხება რომ არ ჰქონიათ. გლეხკაცი კი უსაქმურად დარჩა, სოფელში ასპარეზი მოეშალა.
- პროფესიით აგრონომი და ასოცირებული პროფესორი ბრძანდებით. თქვენს დარგში ლექციებს ხომ არ კითხულობთ?
- არა... მიწათმოქმედებასა და მემინდვრეობაში საკანდიდატო დისერტაცია 1966 წელს დავიცავი. 9 აპრილის საშინელი ტრაგედიის შემდეგ, საცხოვრებლად მცხეთაში გადმოვედი. ეს მიწათმოქმედების ინსტიტუტის დასახლება გახლავთ და როცა მისი დირექტორი გახლდით, ამ ეზო-კარშიც მაშინ დავსახლდი. ეროვნული მოძრაობიდან მოსულმა მთავრობამ ეს ინსტიტუტი გააუქმა და წელიწადზე მეტი უმუშევარი ვიყავი. მოგვიანებით ინსტიტუტი სასამართლოს წესით დავიბრუნეთ.
ბუნება, სოფლის მეურნეობა, მიწათმოქმედება თავიდანვე მიყვარდა, მამაც აგრონომი, მექანიზატორი მყავდა. შინ ამ სფეროს სერიოზული ლიტერატურა გვქონდა და მეც ოჯახიდან დავინტერესდი. ამ დარგის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება. ყველა კუთხეში ყველაფერი კარგად რომ იყოს, მოსახლეობა დასაქმდებოდა... ადრე კაცს სოფელში უმუშევრობისთვის პასუხს სთხოვდნენ, მაგრამ ახლა ვინ მუშაობს?! ახალგაზრდებს საქმე არ აქვთ... ნახევარი საქართველო ემიგრაციაშია.
- თქვენი ეზო-კარი გემოვნებით არის მოწყობილი. ცოტა გამიკვირდა, რომ მცხეთაში ბამბუკსაც ასე კარგად გაუხარია.
- ფაქტია, ამ კულტურამ აქ გაიხარა, ამასთან, იბარტყა და ყოველ გაზაფხულზე ათეულობით ბამბუკს ვჭრი, რადგან მისი თავის ჭკუაზე მიშვება არ შეიძლება. ფესვთა სისტემა ისე აქვს განვითარებული, რომ მიდის და მიდის, ამიტომ წინაღობას ვუქმნით, რომ ძალიან არ მომრავლდეს. ჩემი ბამბუკები 15 წლის გახლავთ და ყველას მოსწონს. არც ზამთრის გადატანა უჭირს, საინტერესო კულტურაა. დღე-ღამეში 70 სმ-მდე იზრდება და მასალადაც კარგია. ფანჩატურიც გავაკეთე მისგან.
- შევამჩნიე, რომ ფანჩატურში მახვშის სავარძელი გიდგათ...
- კი, სვანებმა მაჩუქეს, დიდთოვლობის შემდეგ, ბარში რომ ჩამოვასახლეთ, მაშინ. ამ ნივთის მიმართ დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი...
- ხეივანს ვაკვირდები, მგონი კარგი მოსავალი უნდა გქონდეთ.
- კი, შემოდგომით რომ მობრძანდეთ, ნახავთ, ეს მტევნები როგორი ლამაზია. რქაწითელი გახლავთ და რქაწითელზევეა დამყნობილი. ხეივანში ნახევარი თეთრი ყურძენია, ნახევარი - შავი და შემოდგომით მათ ყურებას არაფერი სჯობია.
- ვარდებიც მშვენიერი გქონიათ...
- ხელოვნური ვარდებიც გვაქვს და ბუნებრივიც. ამ ბუჩქოვან მცენარეს კი სამი ფერის ყვავილი აქვს...
- ღობის ძირებზე უეკლო მაყვალს ვხედავ.
- ეს უეკლო მაყვალი საქართველოში 1994 წელს შემოიტანეს ამერიკელმა ბიზნესმენებმა. მისი წარმოებაც უნდა დაგვეწყო, თუმცა არ გამოვიდა... მათი ჩამოტანილი ნერგები კი დაგვრჩა. მერე ზოგმა ითხოვა, ზოგმა ისე წაიღო და ასე გავრცელდა ეს კულტურა. მანამდე აქ უეკლო მაყვალს არავინ იცნობდა. სილამაზისთვის მაქვს დარგული, დიდ მოსავალს ამისგან არ ვიღებ.
თბილისში, აივანზე, უეკლო მაყვლის გაშენება თავისუფლად შეიძლება. არაჩვეულებრივი ყვავილიც აქვს, სანახავადაც მშვენიერია და კარგი ნაყოფითაც გამოირჩევა.
ჩვენს ბოსტანში პომიდორი და კიტრია დარგული. პომიდორს ცოტა დააგვიანდა, მაგრამ მაინც მოასწრებს... შარშან პომიდორი არ გვიყიდია, საკუთარი გვქონდა.
- ყველანაირი ხეხილი გქონიათ.
- კი, კაკალი, ლეღვი, ატამი, ვაშლი, მსხალი, ქლიავი, მუშმალას წლეულს კარგად ესხა. ზეთისხილის ხეც მაქვს. ვაზი ეზოს ამ ნაწილშიც გავაშენე და აქაურობას "ვაზისუბანს" ვეძახი. აი, კიდევ ორშიმოები.
- უპრობლემოდ იზრდება?
- დიახ, სარზე დამაგრება უნდა და მიმართულების მიცემა... აქ საცურაო აუზია, 4 შვილიშვილი მყავს და დიდი ჟრიამული აქვთ. არის საკალათბურთო მოედანიც.
- ეგზოტიკური მცენარეები გაქვთ და კივის გაშენებაზე არ გიფიქრიათ?
- 1987 წელს საფრანგეთში სტუმრად ვიყავი და სუფრასთან კივი მოიტანეს. მაშინ პირველად ვნახე ეს ხილი. მთხოვეს გამესინჯა, კარგი ხილია, შესანიშნავი სამკურნალო თვისებებიც აქვსო. ისიც მითხრეს, ერთი ცალი 3 ფრანკი ღირსო. რომ ჩამოვედი, ცეკავშირის თავმჯდომარე რესან კონცელიძეს ვთხოვე, ორგანიზება გაუკეთე ამ კულტურის ჩვენთან დანერგვას-მეთქი. მართლაც, სამეგრელოში სპეციალური მეურნეობა შეიქმნა,
1988 წელს კივის ნერგები შეიტანეს და ეს საქმე დასავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელდა. იქიდან ლაგოდეხშიც გავრცელდა და იქაც კარგად მომრავლდა.
მეც მქონდა ეზოში, ლაგოდეხიდან ჩამოვიტანე, მაგრამ ვერ გავამრავლე, თავისებური მოვლა ესაჭიროება...
- ბამბუკების ტევრში ამოყირავებული გლობუსი ჰკიდია, რატომ?
- სწორად შენიშნეთ. მსოფლიო რეალურად ამოყირავდა, ჰოდა, ჩემს ბამბუკეთში მსოფლიოს ამოყირავება ასეა სიმბოლურად გამოსახული... ეს კლიმატსაც ეხება - ყველანაირი უბედურება ერთმანეთშია გადახლართული.
- თუთიყუშებიც გყოლიათ.
- დიახ, შაშვებსაც აქვთ ბუდე. ლაბრადორს ჯუნი ჰქვია, ჩემი შვილიშვილის, უმცროსი ჯუმბერ პატიაშვილის პრიზია, ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსზე აჩუქეს. თავად მოინდომა, რომ პრიზი ძაღლი ყოფილიყო. 2 თვის მოვიყვანეთ და 15 წელია აქ არის.
- ცხადია, ღვინოსაც აყენებთ.
- 400 კილოგრამამდე ყურძენი მოდის, ღვინოსაც ვწურავ და არაყსაც ვხდი. ჩემებური ტექნოლოგია მაქვს. გამოხდილ არაყში ვყრი თუთის ხის შუაგულიდან მოყვითალო ფერის ნაწილს.
- რას ურჩევდით დამწყებ ფერმერს?
- ფერმერული მეურნეობა ამერიკაში აღზევდა. ისე არ არის, რომ რაკი ფერმერია, დახმარება არ სჭირდება.
აშშ-ის ბიუჯეტში ყოველწლიურად მრავალი მილიარდი დოლარი მიდიოდა მეურნეობის დასახმარებლად. ამავე დროს ფერმერები 24 საათს თავდაუზოგავად მუშაობენ, შედეგი შრომის გარეშე არ მოდის.
ახლანდელმა ხელისუფლებამ ბოლომდე ვერა, მაგრამ რაღაც ნაბიჯები გადადგა...
- გატყობთ, ძალიან გიყვართ აქაურობა.
- დიახ, აქ არის მშვიდობა, სიწყნარე, ჰაერი და რაც მთავარია, ბუნებასთან უშუალო შეხება მაქვს. ვერც კი წარმოვიდგენ, სხვაგან სად უნდა ვიყო. ჩემს შვილიშვილებსაც უყვართ აქაურობა. ერთ კუთხეს ერთმა შვილიშვილმა კაკლიანი დაარქვა, რადგანაც კაკლის ხეებია და კარგი ჩრდილიც არის...
- როგორი მემამულე ბრძანდებით?
- დიდი არაფერი, მაგრამ მამულის გარეშე არ შეიძლება ცხოვრება. კაცს რომ სოფელში არ უნდა წასვლა, ამაზე რა უნდა ვთქვა, არც ვიცი. უზომოდ მიყვარს ჩვენი ქვეყნის ყოველი კუთხე. ძლიერი სოფლის გარეშე საქართველო ვერ გაძლიერდება...
ანტიეროვნული მოქმედება ქვეყნის წინაშე არასდროს ჩამიდენია, მაგრამ ქართველები ხანდახან ერთმანეთის მიმართ ისეთ რაღაცებს ვიკადრებთ, სხვა ერებსაც უკვირთ. წარსულს ვივიწყებთ და მიგვაჩნია, რომ დღეიდან იწყება ისტორიის ათვლა. ეს არანორმალური შეფასება და დამოკიდებულება, არცოდნა, და ამასთან, დიდი ცოდვაცაა.
90-იანი წლების ნამოქმედარს სათანადო შეფასება რომ არ გაუკეთდა, ყველაფერი იმის ბრალია. შეფასების მერე კი მოქმედებაა საჭირო...
მოკლედ, შემოდგომით კიდევ მეწვიეთ. ცუდი დაპატიჟება კი გამომივიდა (იღიმის), დრო რომ განგისაზღვრეთ, თუმცა სულით და გულით დაგპატიჟეთ.
ლალი ფაცია