"ანგელოზივით შვილი ასე სასტიკად მომიკლა... ღმერთმა უმრავლოს ნორვეგიას ბრეივიკისნაირი სტუდენტები"
"ყველაზე მეტად მიკვირს,ნორვეგიელი ახალგაზრდების, იმ სტუდნეტების, ვინც იმავე სასწავლებელში ირიცხება, სადაც ბრეივიკმა უნდა ისწავლოს, როგორ დავიჯერო არავის არ გაუჩნდა პროტესტის განცა?! ერთ ადამიანსაც არ უთქვამს არაფერი. ნუთუ სრულებით არ განიცდიან დისკომფორტს, 77 უდანაშაულო ბავშვის მკვლელი მათ სასწავლებელში რომ ისწავლის?!"
ანდრეს ბრეივიკი, რომელიც 77 ადამიანის მკვლელობისთვის 21-წლიან სასჯელს იხდის, ოსლოს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება. უნივერსიტეტის რექტორის, ოლე პეტერ ოტესენის განცხადებით, ნორვეგიის ციხეების ყველა პატიმარს აქვს უფლება, მიიღოს უმაღლესი განათლება. ბრეივიკის განაცხადი უნივერსიტეტში სწავლის შესახებ ორი წლის წინ უარყვეს- მაშინ მისი კვალიფიკაცია არასაკმარისად ჩაითვალა. გამომდინარე იქედან, რომ ბრეივიკს 21 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი, ახლადგამომცხვარ სტუდენტი დისტანციურად ისწავლის და მას პედაგოგებთან პირდაპირი კავშირი არ ექნება. კუნძულ უტოიაზე ბრეივიკის მიერ მოწყობილ ტერაქტს 77 ახალგაზრდის, მათ შორის ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ ამ თემაზე კომენტარი თამთას დედას, ლეილა ლიპარტელიანს ვთხოვეთ:
- არც ვიცი რა უნდა ვთქვა, აღმოჩნდა, რომ ნორვეგიაში მხოლოდ ტერაქტის მოწყობაა იოლი, დანარჩენი ყველაფერი რთულია, ხოლო ვინც ტერაქტს მოაწყობს, იმისთვისაც იოლია ყველაფერი, მეტიც, დაფასებულიცაა ასეთი ადამიანი. ერთს ვიტყოდი, რომ ღმერთმა უმრავლოს ნორვეგიას ასეთი სტუდენტები.
ყველაზე მეტად მიკვირს,ნორვეგიელი ახალგაზრდების, იმ სტუდნეტების, ვინც იმავე სასწავლებელში ირიცხება, სადაც ბრეივიკმა უნდა ისწავლოს, როგორ დავიჯერო არავის არ გაუჩნდა პროტესტის განცა?! ერთ ადამიანსაც არ უთქვამს არაფერი. ნუთუ სრულებით არ განიცდიან დისკომფორტს, 77 უდანაშაულო ბავშვის მკვლელი მათ სასწავლებელში რომ ისწავლის?! არ ვიცი, რა მენტალიტეტის ხალხია. ადრე ამბობდნენ, რომ დისტანციური მეთოდით ისწავლისო, თუცა არ გამიკვირდება ლქციებზეც დაესწროს, გულწრფელად რომ გითხრათ, უკვე არც ის გამიკვირდება რომ გავიგო - ანდრეს ბრეივიკი გაათავისუფლესო. დემოკრატიაა ნორვეგიაში და იმიტომ ხდება ასეო, ეს დემოკრატია კი არა მარაზმია. 22 ივლისს მოხდა ტერაქტი და შარშანაც და შარშანწინაც, სწორედ ამ დროს დაიწყეს ბრეივიკის სტუდენტობაზე ლაპარაკი, როგორც ჩანს, ჯილდო გაუკეთეს და სტუდენტი გახადეს. სხვათაშ ორის, თუ მას რამეს უკეთებენ ყოველთვის ამ დღეს ამთხვევენ. ვერ ხვდებიან რომ ამ ნაბიჯით სხვებს, ვინც ასეთივე ტვინნაღრძობია, ახალისებენ.
- თქვენ ან სხვა გარდაცვლილი ახალგაზრდების მშობლები თუ ჩაგაყენეს საქმის კურსში როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ?
- არა, ამაზე არაფერი უკითხავთ, სამაგიეორდ მთელი დასტა საბუთები გამომიგზავნეს, რომელზეც ხელი უნდა მომეწერა, ვიყავი თუ არა თანახმა, რომ სამახსოვრო მემორიალზე თამთას სახელი ამოეტვიფრათ. ანგელოზივით შვილი ასე სასტიკად მომიკლა და ეს რომ მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ამას კითხვა რად უნდა?! ეს დაცინვაა და მეტი არაფერი. სხვათა შორის, ქუთაისში, ადგილობრივმა მთავრობამ გააკეთა მემორიალი და ზედ ამოტვიფრა - 77, რითაც ხაზი გაუსვა რომ ეს მხოლოდ თამთას მოსაგონარი მემორიალი არაა. ყველაფერი რაც იმ დღეს მოხდა, ის უბედურება, ასე მგონია, რომ ვიღაცის ინტერესში შედიოდა და არაა გამორიცხული დაგეგმილიც ყოფილიყო. ამის თქმის უფლებას ის მაძლევს, რომ იმ გარეწარმა სასამართლო პროცესზე თქვა: მე პრემიერ სტოლტენბერგს დავურეკე და ვუთხარი რის გაკეთებასაც ვაპირებდიო. მე თქვენ გეკითხებით თუ ეს მართალია, რატომ არ მიიღეს შესაბამისი ზომები?! რატომ მისცეს უფლება 77 ადამიანი მოეკლა?! ჩემი აზრით, ვიღაცას სიტუაციის შეცვლა უნდოდა და ეს ყველაფერი აწყობდა კიდეც და სწორედ ამიტომ არ შეუშალეს ხელი.
- სხვა მშობლებთან თუ გაქვთ კონტაქტი? რამდენადაც ვიცი არსებობს რაღაც კომიტეტიც...
- შარშან როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნდა ჩაებარებინა, მაშინ მივწერე წერილი სწორედ იმ კომიტეტს, რაზეც თქვენ საუბრობთ და ვუთხარი, მე როგორც შემეძლება აქედან და თქვენ მანდედან ეს ფაქტი გავაპროტესტოთ-მეთქი და ერთმა ნორვეგიელმა მშობლემა მომწერა - როგორც ჩანს ჩვენ ორ ერს შორის კულტურული დონე განსხვავდება და სწორედ ამიტომ გაგაღიზიანათ ამ ფაქტმაო, თორემ ბრეივიკმა უნდა ისწავლოს რადგან გამოსწორებული და განათლებული დაუბრუნდეს საზოგადოებასო. ამ ყველაფრის მერე რაიმეს აქვს აზრი?!
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)