"არ მიმდინარეობს სათანადოდ დაკარგულთა ძებნა" - სერგი კაპანაძის ოჯახის განცხადება
13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული სერგო კაპანაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს:
"13 ივნისს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სერგო კაპანაძის ოჯახს გვსურს გავაკეთოთ განცხადება და თხოვნით მივმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც 13 ივნისს იმყოფებოდნენ იმ ადგილას, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა და თავი დააღწიეს იმ საშინელებას, რაც იქ ხდებოდა და ცოცხლები გადარჩნენ.
გვინდა თხოვნით მივმართოთ, რომ შევიკრიბოთ მზიურის ტერიტორიაზე სტიქიის ეპიცენტრში, რათა პატივი მივაგოთ იმ დაღუპულ ადამიანებს, რომელთა ცხედრები ნაპოვნი იქნა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ იმ დაკარგული ადამიანების ოჯახებს, რომელთა ნახვაც ვერ ხერხდება. ჩვენი ოჯახის მზიურის ტერიტორიაზე შეკრების და თხოვნის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ სტიქიიდან უკვე 40 დღე გავიდა და ამ დრომდე ვერ მოხერხდა ჩვენი ოჯახის წევრის სერგო კაპანაძის ცხედრის პოვნა. მოხდეს იმ ღამის გახსენება ყველა იქ მყოფი გადარჩენილი ადამიანის მიერ და კიდევ ერთხელ აღვადგინოთ ის სურათი, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი და რა მოხდა იმ ღამეს.
რადგან მათი მონათხრობიდან და უშუალოდ მათი მოსმენით შეიძლებაა ჩვენთვის რაიმე უცხო გარემოება გამოიკვეთოს, იქნებ ვინმემ დაინახა ის დაკარგული ადამიანები რომელმა დინებამ წაიღო, სად შეიძლება კიდევ დაიწყოს ძებნა და სხვა გარემოებები, რომლებიც ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია და რაიმე ახალი ხელჩასაჭიდი ფაქტი გამოგვრჩა და ამ ადამიანების მონათხრობის შემდეგ მოხდეს რეაგირება იმ უცნობ დეტალებზე რომლებიც გამოიკვეთება.
ამ განცხადების გაკეთების საფუძველს გვაძლევს ის, რომ ჩვენი ძალებით ხდება იმ სამძებრო სამუშაოების ჩატარება, რომლებიც ტარდება და ტარდებოდა ამ ბოლო პერიოდის გამავლობაში. ჩვენი მოთხოვნით ხდებოდა მაშველების და თავდაცვის ტექნიკის გამოყოფა სამძებრო სამუშაოების ჩატარება, რის გამოც გვინდა მადლობა გადავუხადოთ თავდაცვის სამინისტროს და ყველა იმ მაშველს, რომლებიც ჩვენ გვერდით იყვნენ.
რისი თქმაც არ შეგვიძლია შშს სამინისტროზე და მერიის სამსახურზე. ვთვლით, რომ არ მიმდინარეობს სათანადოდ იმ პიროვნებების ძებნა, რომლებიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან, არ მომხდარა სათანადოდ იმ სიტუაციის შესწავლა, რაც 13 ივნის საღამოს ვაკე-საბურთაოს გზაზე დატრიალდა. არ იქნა აღდგენილი სურათი იმ ადამიანების მიერ რომლებიც უშუაოდ იქ იმყოფებოდნენ, სწორედ ამიტომ, გულგრილობის გამო მივმართავთ თხოვნით იმ ადამიანებს მოვიდნენ და გაიხსენონ, თუ ვინ როგორ დააღწია თავი და ვინმეს ხომ არაფერი შეუნიშნავს ისეთი რაც ჩვენთვის ხელჩასაჭიდი იქნება იმისთვის, რომ ვიპოვოთ ჩვნი ოჯახის წევრი.
შევიკრიბებით მზიურის ტერიტორიაზე 23.07.2015 19:00 სთ.
მადლობა ყველას ყურადღებისთვის" - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში. იხ სტატია: "გათენდება თუ არა, მამა და ჩემი პატარა ძმა იმ ტერიტორიაზე მიდიან და ეძებენ სერგის" - სტიქიისას დაკარგული ბიჭის ისტორია