"გარდა იმისა, რომ ის ჩემი და შვილების კოტე იყო, ის ასევე იყო თითოეული იმ ადამიანისაც, ვისაც გული შესტკიოდა მასზე"
სიმართლე კოტე თოლორდავაზე - "ის ინფარქტით დაიღუპა!"
"კოტე თოლორდავამ რა პრობლემაც დაამარცხა, ეს ყველა თქვენგანს კარგად ახსოვს, ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობდა. მართლა მეამაყებოდა, რომ საკუთარ თავში იპოვა ძალა, მორეოდა ამ სენს... დიდი იმედი მაქვს, დღეის ამას იქით, აქამდე რა სისულელეც ვრცელდებოდა მისი გარდაცვალების მიზეზად, ის თემა დაიხურება და წერტილი დაესმევა მისი გარდაცვალების მიზეზებზე ლაპარაკს."
"1979 წლის 13 მაისს დაბადებული კონსტანტინე თოლორდავას სხეულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე - რაც ითვალისწინებს წინასწარი მოკვლევისა და ლაბორატორიული გამოკვლევების შდეგებს - ვასკვნი: ბატონი თოლორდავას გარდაცვალების მიზეზი მიოკარდიუმის ინფარქტია, რამაც გამოიწვია გულის მწვავე უკმარისობა, გულის წინა კედლის მარცხენა პარკუჭის მწვავე ტრანსმულარული მიოკარდიუმის ინფარქტი (ნეკროზის სტადია)." - ვკითხულობთ ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც მსახიობ კოტე თოლორდავას ოჯახმა გაასაჯაროვა.
დასკვნაში ასევე ვკითხულობთ: "სასმართლო-ქიმიური გამოკვლევის დროს გარდაცვლილის სხეულიდან ამოღებული შინაგანი ორგანოების, სისხლის და შარდის ნიმუშებში არ აღმოჩნდა: ბარბიტურატები და ამ ჯგუფის სხვა ელემენტები, მეტადონი, მორფინი და ამ ჯგუფის სხვა პრეპარატები; კოდეინი, დიონინი, ჰეროინი, ჰიდროკოლანი, პაპავერინი, პრომედოლი, ატროპინი, კოკაინი, პაჰიკარპინი, ნიკოტინი, ელენიუმი, ტაზეპამი, სედუქსინი, ამინაზინი, დიპრაზინი, ტიზერდინი, მაჟენტილა, ტრიფტაზინი, იმიგზინი და მისი ანალოგები."
მოზარდმაყურებელთა თეატრში, მსახიობის მეუღლემ, განო მელითაურმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც მათი ოჯახის მეგობრებიც ესწრებოდნენ.
როგორც განო მელითაურმა აღნიშნა, კოტეს გარდაცვალებიდან სამი თვე გავიდა, ამ პერიოდში მისი გარდაცვალების შესახებ ბინძური ჭორები ვრცელდებოდა, იმის გამო, რომ ის ელოდებოდა ექსპერტიზის დასკვნას იმ მითქმა-მოთქმას, არ პასუხობდა და გარდა ამისა, ამისთვის მაშინ სათანადო ფიზიკური ძალებიც არ ჰყოფნიდა. ახლა კი, როდესაც დასკვნა უკვე არსებობს, სურვილი აქვს, საზოგადოებამ კოტე თოლორდავაზე სიმართლე გაიგოს.
- ჩემთვის აქ ჯდომა არ არის ადვილი, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის და ჩემი შვილებისთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ საზოგადოებამ რეალობა გაიგოს... გარდა იმისა, რომ ის ჩემი და ჩვენი შვილების კოტე იყო, მეგობრების კოტე იყო, ის ასევე იყო თითოეული იმ ადამიანისაც, ვისაც გული შესტკიოდა მასზე. ის გულღია ადამიანი იყო და უხაროდა ადამიანებთან ურთიერთობა, მათი თანადგომა... ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე, გითხრათ სიმართლე, რაც მე თავიდანვე ვიცოდი. უმოწყალო პერიოდში ვცხოვრობთ, რატომღაც ადამიანები ხშირად გაუაზრებელ ნაბიჯებს დგამენ და ასევე ლაპარაკობენ... ამიტომ ბევრ უცხო ადამიანს იმედგაცრუების შეგრძნება ჰქონდა, რადგანაც კოტეზე არაერთი ბინძური ჭორი ვრცელდებოდა. იმ პერიოდში მართლა არ მქონდა ფიზიკური ძალა, ამაზე ხმამაღლა მელაპარაკა.
კოტე თოლორდავამ რა პრობლემაც დაამარცხა, ეს ყველა თქვენგანს კარგად ახსოვს, ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობდა. მართლა მეამაყებოდა, რომ საკუთარ თავში იპოვა ძალა, მორეოდა ამ სენს... დიდი იმედი მაქვს, დღეის ამას იქით, აქამდე რა სისულელეც ვრცელდებოდა მისი გარდაცვალების მიზეზად, ის თემა დაიხურება და წერტილი დაესმევა მისი გარდაცვალების მიზეზებზე ლაპარაკს.
როგორც აღმოჩნდა, მას ამ ტრაგედიამდე ფეხზე გადაუტანია ერთი ინფარქტი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ კოტე თოლორდავა წამალში არ გაპარულა, ის ინფარქტით დაიღუპა!
ლევან ყოჩიაშვილი, მსახიობი, კოტეს მეგობარი:
- ძალიან გამიხარდა, რომ ეს დასკვნა ჩამოვიდა, რადგანაც რაღაც ცუდი ჭორები მუდმივად გაისმოდა... კარგია, რომ ქვეყანა და ხალხი კოტეზე სიმართლეს გაიგებს, რომ ის არ გარდაცვლილა იმის, გამო, რასაც ფიქრობდნენ. მიხარია, რომ სიმართლე გაირკვა, თუმცა ვწუხვარ, რომ ახალგაზრდა კაცი, როცა ის თავის ოჯახს, ქვეყანას, კინოს, თეატრს სჭირდებოდა, ასე ტრაგიკულად გარდაიცვალა.
ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)