"მლოცველს, უკნიდან ესროლეს კისერში" - მამა ანდრიას ცხოვრება და მოწამებრივი აღსასრული
მიუხედავად იმ უმძიმესი წლებისა, XX საუკუნის 90-იანები რომ ერქვა საქართველოში, 1993 წლის ივლისი ჩემი თაობისათვის მაინც ერთ-ერთ დიდ ტკივილად იქცა - 2 ივლისი ტამიშთან ჩვენი ბიჭების დაღუპვის დღეა, ხოლო 5 ივლისი - მამა ანდრია ყურაშვილისა და იური ანუას მოწამებრივი აღსასრულის დღე.
მე დღეს ჩემი თაობის გმირზე, ანდრია ყურაშვილზე, მინდა, დავწერო.
1966 წლის 3 აპრილს დაიბადა ბაღდათში. დაიბადა ქართულ, სათნო და მართალ ოჯახში, სადაც მშობლები რვა შვილს ზრდიდნენ. სახელად პაატა დაარქვეს, გიორგი სააკაძის შვილის, პაატას, საპატივცემულოდ. სწავლობდა თუ მუშაობდა, დედის სიყვარული და მამის ძლიერი სული ყოველთვის მაგალითად ჰქონდა. ფიზიკურად ძლიერს აღმოსავლურ ორთაბრძოლასა და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში სერიოზული მიღწევები ჰქონდა. ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით გოდერძი ჩოხელის სამყარო უმშვიდებდა სულს - ადამიანად ყოფნის უდიდესი სევდა მის არსებაშიც თუ პოულობდა გამოძახილს. თუმცა, თანატოლებთან ერთად მოლხენაც უყვარდა ხოლმე. მერე იყო ჯარი - უნგრეთში მსახურობდა და საქართველოს მონატრებას სამშობლოდან მიღებული წერილებით იკლავდა. დაბრუნდა და იმის მხილველიც გახდა, როგორ დაიბრუნა საქართველომ დამოუკიდებლობა. თავადაც ეძიებდა ჭეშმარიტ თავისუფლებას. ვინც ეძებს, ის ყოველთვის პოულობს. მასაც უჩვენა ღმერთმა გზა და მივიდა ბაღდათის ბიბლიოთეკაში, რომელიც საეკლესიო ლიტერატურით იყო მდიდარი. გამოელაპარაკა ბიბლიოთეკის დირექტორს, რომელიც შემდგომში თავადაც სასულიერო პირი გახდა. მასთან საუბრის შემდეგ აირჩია რამდენიმე სასულიერო შინაარსის წიგნი და წასაკითხად წაიღო.
აქედან იწყება ათვლა იმ გზისა, რომელსაც ქრისტეში ცხოვრება ჰქვია - გამუდმებით კითხულობდა, სახლიდან თითქმის აღარ გადიოდა. უფრო და უფრო მეტად იზიდავდა ის სიღრმე და სინათლე, რასაც საღმრთო წერილში ხედავდა და გრძნობდა. როცა პირველად წაიკითხა, "წმინდა წერილმა ისე გაიტაცა, რომ მას მთელი კვირის განმავლობაში თავაუღებლივ კითხულობდა, ხოლო ღვთის სიტყვამ ისეთი ძალით იმოქმედა მასზე, რომ სულ მალე უარი თქვა ამსოფლის მოჩვენებით სიამოვნებაზე და თავი მთლიანად ღმერთს მიუძღვნა" (ბერი სიმონი).
1992 წლის 3 აპრილს, მისი ხორციელი შობის დღეს, აღკვეცეს ბერად და, წმინდა ანდრია პირველწოდებულის საპატივცემულოდ, ანდრია უწოდეს.
მამა ანდრია
აგვისტოში კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და სხალთის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. სხალთაში მიწის ნაკვეთს თავად ამუშავებდა და ამით თავსაც ინახავდა და სხვებსაც. პურსა და სეფისკვესაც თავადვე აცხობდა. დღეში 200 მეტანიას ასრულებდა, ფსალმუნებს თავიდან ბოლომდე ყოველდღე კითხულობდა; ყოველდღე უკითხავდა დაუჯდომელს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატთანაც ყოველდღე იხდიდა ჯანმრთელობის პარაკლისს. თითქმის არ ეძინა. საწოლშიც არ დაწოლილა - საწოლის ნაცვლად ფიცარზე იჯდა, ზურგით კი კედელს ეყრდნობოდა. სულიერი მღვიძარების ღვაწლი მას კიდევ უფრო აძლიერებდა და ამაღლებდა. განსაკურებით აღიზიანებდა მავანთა საუბრები იმის შესახებ, რომ თანამედროვეობაში ისეთი ასკეტიზმი და სიყვარული ღვთისა შეუძლებელია, როგორიც წინა საუკუნეების წმინდა მამებს ჰქონდათ. პასუხად იკითხავდა ხოლმე: რატომ? რატომ არის შეუძლებელი? იესო ქრისტე ხომ გუშინ და დღეს ერთი და იგივეა და იგი თავადი არს უკუნისამდეო.
იური ანუა, პატრიარქთან ერთად
მერე იყო კომანი - წმინდა ადგილი, სოხუმიდან 15 კილომეტრით დაშორებული აფხაზეთის ულამაზესი სოფელი. ამ სოფელში აწამეს წმინდა გიორგის დისშვილი, წმინდა ვასილისკო; აქ გარდაიცვალა წმინდა იოანე ოქროპირი, აქვე გადამალეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავი. სწორედ კომანში, იური ანუასა და მისი ოჯახის ხელითა და სახსრებით აღდგენილ ტაძარში მიავლინეს მღვდელმსახურად. ოღონდ მაშინ, როდესაც კომანივით ლამაზი აფხაზეთის მიწა ცეცხლის ალში იყო გახვეული და ტკივილისაგან გმინავდა. ერთი წუთით არ უყოყმანია. თავის ინტერვიუში ამბობს კიდეც, არ მეშინია და ეს შიშის უქონლობა ღმერთისგანააო. ყოველდღიურად აღასრულებდა წირვა-ლოცვას. დადიოდა ჯარისკაცებთან, მოუნათლავებს ნათლავდა, უქადაგებდა, რწმენაში განამტკიცებდა, აზიარებდა. მაგრამ სულით მაინც განმარტოებისაკენ ისწრაფოდა. ხშირად ადიოდა ხოლმე იმ ადგილას, სადაც მესამედ გადამალეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავი; წმინდა იოანე ოქროპირის სარკოფაგთან ღამეებს ათენებდა სამშობლოსათვის ლოცვაში; მაგრამ ხვდებოდა, რომ სწორედ აქ და ამ დროს უფალმა იმისათვის მოავლინა, მისი ცხვრები რომ დაემწყსო. ჰოდა, ისიც მათთან ბრუნდებოდა, სასოწარკვეთილებს ანუგეშებდა და ამხნევებდა, გაჭირვებულებს ეხმარებოდა, ღმერთს ანახებდა და მისკენ მიჰყავდა. სიკვდილის არ ეშინოდა, მხოლოდ ის სურდა, რომ სიკვდილს ღირსეულად დახვედროდა. თავის მორჩილს ხშირად უმეორებდა: "ნუ გეშინია! საშიში ცათა სასუფევლის გარეშე დარჩენაა. მოემზადე. ადამიანი ყველაფრისათვის მზად უნდა იყოს!"
და ეს დღეც დადგა - 1993 წლის 5 ივლისს კომანი ალყაში მოაქცია მტრის 1500-მა ჯარისკაცმა. ქართველ მებრძოლთაგან მხოლოდ ოცდათხუთმეტიღა დარჩენილიყო ალყაშემორტყმულ სოფელში, რომლებმაც იცოდნენ, რომ არავის დახმარების იმედი აღარ უნდა ჰქონოდათ, არც სოხუმისა და არც თბილისისა. მაინც არ მიატოვეს იქაურები და სისხლის ბოლო წვეთამდე იცავდნენ იქაურ სიწმინდეებსა და მოსახლეობას.
ღამის სამ საათზე ეკლესიაში მყოფთ მამა ანდრიამ მოუწოდა: "ყოველ წუთს უნდა ველოდოთ სიკვდილს. მოვემზადოთ აღსარებისა და ზიარებისათვის!" მიიღო აღსარება იქ მყოფთაგან, შემდეგ კი ბარძიმი გამოაბრძანა და აზიარა აღმსარებელნი.
ხუთის ნახევარზე ეკლესია ალყაში მოაქციეს და კარების გაღება მოითხოვეს. მამა ანდრიას კურთხევით იური ანუამ გააღო კარი. მაშინვე მოკიდეს ხელი და ცემით გაათრიეს. მთელი დღე-ღამე აწამებდნენ, აფხაზს აფხაზთა ღალატს აბრალებდნენ, შემდეგ კი ხეზე ჩამოკიდეს და მოკლეს. ამ ადამიანის ცხოვრება, ღვაწლი და აღსასრული ცალკეა კიდევ სასაუბრო.
ტაძრიდან მეორე მამა ანდრია გაიყვანეს. მოსთხოვეს თაყვანისცემა - ქრისტიანი მხოლოდ უფალს სცემს თაყვანსო! - უპასუხა. მერე მოსთხოვეს, გვითხარი, ვისი მიწაა, ქართველების თუ აფხაზებისოო, პასუხად კი მიიღეს - ეს უფლის მიწააო. როდესაც უთხრეს, რომ მოკლავდნენ, მუხლებზე დადგა და ლოცვა დაიწყო. ასე, მლოცველს, უკნიდან ესროლეს კისერში და, იმის მაგივრად, რომ პირქვე დაცემულიყო, უკან გადავარდა და ზურგზე დაეცა - მკვდარმაც კი არ სცა თაყვანი მომხვდურებს.
მერე კი ისევ მოხდა სასწაული: მისი ჭრილობიდან რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად მოედინებოდა ალისფერი სისხლი. არა და არ დედდებოდა. როდესაც ხელი მოკიდეს და ტაძარში შეიტანეს, არც მკვლელობის ადგილას გუბედ დამდგარი სისხლი შედედებულა. ივლისის თაკარა მზეში მისი სხეული არ გახრწნილა. სახეზე ღიმილი აღბეჭდვოდა. მაგრამ ყველაზე დიდი სასწაული ის იყო, რომ თავად მომხვდურნი შეაწუხა სინდისის ქენჯნამ - თვალზე ცრემლმომდგარნი ითხოვდნენ შენდობას. უშუალო მკვლელთანაც კი მოისურვეს ანგარიშის გასწორება, მაგრამ მამა ანდრიას სულიერმა შვილებმა არ დაანებეს - მამა ანდრია ამის უფლებას არასოდეს მოგვცემდაო.
7 ივლისს კომანის მიწას მიაბარეს.
არადა, მხოლოდ 27 წლისა იყო.
ის ჩემი თაობის ერთ-ერთი გმირია - მეოცე საუკუნის მიწურულს ქრისტესა და ქართველობისათვის წამებული - მამა ანდრია ყურაშვილი.