"არ მაქციოთ მკვლელად"
"ყუფარაძე 2008 წელს აზერბაიჯანელი ძმების მკვლელობისთვის გაასამართლეს და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ეს მკვლელობა სვანეთის უბანში, ნაქირავებში მოხდა. ძმები ჯერ მოკლეს, შემდეგ გააშიშვლეს, ეზოში დამარხეს და ჩააბეტონეს."
"ციხის უფროსმა დავით მარგებაძემ მითხრა, ხომ იცი, ვერაფერს დაამტკიცებ, რაც უნდა იჩივლო, არაფერი გამოვა, ჯობია აღიარო შენი დანაშაულიო. როგორც მითხრეს, ეს კაცი დღეს ისევ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობს და არავის დაუსჯია. რაც შეეხება უმძიმესი ბრალდებით დაკავებულ ჩემს მწამებლებს, ყუფარაძეს და გოშაძეს, ისინი გამოუშვეს. როგორც ჩანს, დაუფასდათ "ნასედკობა", არადა, ამხელა სასჯელი ჰქონდათ მისჯილი."
46 წლის ალექსანდრე ჭუმბურიძემ ტერორიზმის ბრალდებით ციხეში 6 წელი გაატარა. ირწმუნება, რომ მის წინააღმდეგ ბრალი შეთითხნეს და გისოსებს მიღმა უდანაშაულოდ გამოკეტეს. მოგვიანებით პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა ციხე. აცხადებს, რომ წლებია, სამართალს ვერ პოულობს. როგორც ათასობით ადამიანი, ისიც პროკურატურისგან იმ პირების დასჯას ითხოვს, ვინც საპატიმროში სასტიკად აწამა. მისი მტკიცებით, დასჯის ნაცვლად უმძიმესი დამნაშავეები ციხიდან გამოვიდნენ და დღეს ქუჩაში დადიან.
ალექსანდრე ჭუმბურიძე:
- უმძიმესი პერიოდი გავიარე, რისი დავიწყებაც ჩემთვის წარმოუდგენელია. 2006 წლის 8 სექ¬ტემბერს დამაკავეს. თითქოს "ნაცმოძრაობის" ოფისის აფეთქებას ვაპირებდი¬. იმდენად¬ აბსურდული იყო ბრალდება, შოკში¬ ჩავვარდი, ამას წინ უძღოდა იგორ გიორგაძის პარტიის წევრების დაკავება. ჩემი დაკავება კი ამ საქმის გაგრძელება იყო.
- რა კავშირი გქონდათ გიორგაძესთან?
- უშიშროების ყოფილი თანამშრომელი ვარ. ვიყავი იგორ გიორგაძის მამასთან, პანტელეიმონ გიორგაძესთან, მათი ოჯახის ყველა წევრს კარგად ვიცნობდი. ჩემი დაკავება სწორედ ამიტომ მოხდა, უნდოდათ მეთქვა, თითქოს გიორგაძემ დამავალა "ნაციონალების" ოფისის აფეთქება. ჩემს დასაკავებლად ჩემი ძველი მეგობარი, ყოფილი ძალოვანი გამოიყენეს. იმ დღეს გელა აბრამიშვილმა დამირეკა, მითხრა, რომ ფული ჰქონდა ასაღები და გავყოლოდი. დავთანხმდი, ტაქსი გავაჩერეთ და წავედით. გზაში ძალიან აქტიურობდა, თითქოს სახლს ვერ პოულობდა, როგორც ჩანს, ძალოვანების გამოჩენას ელოდა და ასე იმიტომ ცქმუტავდა. ამ დროს დაგვაკავა პოლიციამ. მერე ამბო¬ბდნენ, ოპერატიული ინფორმაცია გვქონდა,¬ რომ ასაფეთქებლად მიდიოდითო. ჩემი მეგობარი იქიდან გაიქცა, მანქანაში პარკი დატოვა, ძალოვანები ამბობდნენ, რომ ტაქსიში- ტროტილი იდო. მაშინვე ვთქვი, ვისთან ერთადაც ვიყავი, მოგვიანებით ისიც მოიყვანეს განყოფილებაში, მაგრამ კატეგორიულად უარყო, პარკი ჩემი არ არისო, ის გაუშვეს, მე კი დამტოვეს ციხეში. ტაქსის მძღოლიც ამბობდა, რომ პარკი მეორეს ეჭირა ხელში, მაგრამ მე დამადანაშაულეს და 10 წელი მომისაჯეს. აქედან¬ 6 წელი საშინელ ჯოჯოხეთში გავატარე. დაკავების დღიდან სამი დღე ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ახდენდა ჩემზე ზეწოლას, მცემეს, ითხოვდნენ მეღიარებინა, თითქოს იგორმა დამიკვეთა, მაგრამ რაც არ იყო, იმას როგორ ვიტყოდი, ვერ გამტეხეს. შემდეგ ქურდების საკანში გადამიყვანეს, ეგონათ ისინი გამისწორდებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, როცა მათ ყველაფერი გულწრფელად მოვუყევი, დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი, მეუბნებოდნენ არ გატყდეო. ეს გზა რომ არ გამოადგათ, მერე ყოფილ ძალოვანებთან გადამიყვანეს საკანში.
- რომელ დაწესებულებაში იყავით?
- რუსთავის მე-6 დაწესებულებაში ყველაზე საშიში დამნაშავეების, ვასილ გოშაძის და გიორგი ყუფარაძის საკანში აღმოვჩნდი. ორივე ყოფილი ძალოვანია. ყუფარაძე 2008 წელს აზერბაიჯანელი ძმების მკვლელობისთვის გაასამართლეს და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ეს მკვლელობა სვანეთის უბანში, ნაქირავებში მოხდა. ძმები ჯერ მოკლეს, შემდეგ გააშიშვლეს, ეზოში დამარხეს და ჩააბეტონეს. გოშაძის საქმეც საყოველთაოდაა ცნობილია. ის გლდანში, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ამხილეს და ასევე ისინი ლაერტ ზუბადალაშვილის შვილის, ზურაბის შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებლად დასახელდნენ. გოშაძეს 27 წელი ჰქონდა მისჯილი, 2005 წლიდან იხდიდა სასჯელს. ორივე პოლიციელმა საკანში დაიწყო ჩემი ცემა. მოითხოვდნენ, მეღიარებინა ის, რასაც პროკურატურა მეტყოდა. დაწესებულების უფროსის მოადგილეც მეუბნებოდა, იგორ გიორგაძეს და მაია თოფურიას თუ დაადებ ხელს, გაგათავისუფლებენ, დაადე ხელი, აქედან გასვლა არ გინდაო? ბორჯომით სავსე ბოთლებს უმოწყალოდ მირტყამდნენ მანამ, სანამ არ წავიქცეოდი. საშინლად ვიტანჯებოდი, მაგრამ მაინც არ ვაღიარე. სამჯერ გონება დავკარგე. ამდენი დარტყმისგან კბილები საერთოდ ჩამემტვრა. ახლაც მიკვირს, როგორ გადავრჩი. ციხის ზედამხედველი პერიოდულად "კარმოშკას" აღებდა და იქიდან უყურებდა რა დღეში ვიყავი. ამხელა კაცი ტკივილისგან ვიკრუნჩხებოდი და ვტიროდი, ზედამხედველი კი ირონიულად შემოგვძახებდა საკანში, ხომ არაფერი გჭირდებათო. მერე ციხის უფროსმა დავით მარგებაძემ მითხრა, ხომ იცი, ვერაფერს დაამტკიცებ, რაც უნდა იჩივლო, არაფერი გამოვა, ჯობია აღიარო შენი დანაშაულიო. როგორც მითხრეს, ეს კაცი დღეს ისევ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობს და არავის დაუსჯია. რაც შეეხება უმძიმესი ბრალდებით დაკავებულ ჩემს მწამებლებს, ყუფარაძეს და გოშაძეს, ისინი გამოუშვეს. როგორც ჩანს, დაუფასდათ "ნასედკობა", არადა, ამხელა სასჯელი ჰქონდათ მისჯილი.
- როგორ გამოვიდნენ გარეთ?
- როგორც ჩანს, გამოუშვეს. ფაქტია, დღეს გარეთ არიან. ყველა იმ ადამიანის დასჯას ვითხოვ, ვინც ჩემს წამებაში იღებდა მონაწილეობას. მას მერე, რაც შევიტყვე, რომ ისინი გარეთ არიან, მოსვენება დავკარგე. ქუჩაში რომ გადამეყარონ, შეიძლება მკვლელად ვიქცე, მათ დანახვას ვერ გავუძლებ და მოვკლავ. ამ გარეწრებს თუ მოვკლავ, მე ვიქნები დამნაშავე, ამიტომ მივმართავ ხელისუფლებას, არ მაქციოთ მკვლელად, გამოიძიეთ ჩემი საჩივრები, რომელიც წლებია თაროზე გაქვთ შემოდებული. დამცინავი პასუხი მივიღე პროკურატურიდან, ჩვენ დავკითხეთ ის ხალხი, ვისაც უჩიოდით და დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთაო. ეტყობა, დავით მარგებაძეს ჰკითხეს, თქვენ სცემდითო? და რას ეტყოდა, ვცემდიო? ეს დაცინვაა, ასე დაიხურა ჩემი საქმე და ვერ ვიპოვე სამართალი. უკანონობას ვერ შევეგუები, არ მინდა ვიქცე დამნაშავედ, ამიტომ მივმართავ სამართალდამცავებს, აღასრულეთ სამართალი!
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)