ისევ სპორტი და პოლიტიკა, ანუ ბოიშმამითხოვია და, რა ჩემი ფეხების ოლიმპიადაა ეს?!
დიახ, ისევ სპორტი და პოლიტიკა იყო აქტუალური გასულ დღეებში ანუ ის ორი სფერო, რომელშიც ამ ბოლო დროს, უკაცრავად კი ვარ, მაგრამ განსაკუთრებით ჩავისვარეთ ჩვენ - ქართველებმა...
არ დამიწყოთ ახლა: ჩვენი მორაგბეებიო; ჩვენი კალათბურთელებიო; ჩვენი ძიუდოისტებიო... რა ვქნა, ჩემთვის ფეხბურთია მთავარი სპორტი, ეგეთ ეპოქაში გავიზარდე. და კიდევ - ოლიმპიადა, რომელიც მე ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიული მოსკოვიდან მახსოვს ტკბილად, რადგან მაშინ პირველად მიყიდეს მაღაზიაში საბჭოთა წარმოების, მაგრამ მაინც ოფიციალურად ლიცენზირებული "ადიდასის" ე.წ. "ბოტასები", ოღონდ - რაღაცნაირი უშნო მწვანე იყო და ასეთივე უცნაურად ყვითელი ზოლები ჰქონდა (ის ქვეყანაც ხომ კარგ საქმეში ჩასვრის დიდოსტატი იყო)...
ჰოდა, იმას ვამბობდი - ოლიმპიადა-მეთქი. დიდი ამბავია ატეხილი - ფოიერვერკმა ტრიბუნაზე ცეცხლი გააჩინაო; ოლიმპიური დროშა უკუღმა დაკიდესდო; ზვიადაურს ოლიმპიური ცეცხლი ჩაუქრაო (ისე, როგორ იყურებოდა, ჩირაღდანი რომ ჩაუქრა!..); სპორტის სასახლეში ტაბლო არ მუშაობდა და მატჩი ჩაიშალაო; ძიუდოს დარბაზშიც შუქი წავიდა და იქაც შევრცხვითო... იცით, რას გეტყვით? ამაზე უკვე დაიწერა და სიმართლე გითხრათ, დიდ თავის მოჭრად არ მიმაჩნია (ისე, კიდევ ერთხელ გადავხედე ჩამონათვალს, რაც დავწერე და, თავის მოჭრაა, აბა რა ჯანდაბაა ერთ დღეში ამდენი იაღლიში!), მთავარი მაინც თვითონ ამ "ოლიმპიადისადმი" დამოკიდებულებაა და აი, ახლა ვრისკავ, რომ მაგრად გავილანძღო კარგი საზოგადოებისგან, პატრიოტებისგან, მაგრამ რა ვქნა "ვინც არ არის კახაბერი, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!": ბოიშმამითხოვია და, რა ჩემი ფეხების ოლიმპიადაა ეს?!
ოოოპპპ! "ჯერ შეიცადე, მათქმევინე, ორიოდ სიტყვა", სანამ გამლანძღავთ: მესმის, მნიშვნელოვანია ახალგაზრდა სპორტსმენების მომავლისათვის ნებისმიერი შეჯიბრება, მაგრამ არ არის ეს ოლიმპიადა. კარგად შევისწავლე წინა ფესტივალების ამბები და არსად ყოფილა ამხელა აჟიოტაჟი და პრემიერ-მინისტრ-მერ-პარლამენტისთავმჯდომარე-მინისტრების წინ და უკან სირბილი (პრეზიდენტის - არა, ამაზე ქვემოთ) და არც ქვეყნის მოსახლეობისათვის ისტორიულ მოვლენად შესაღება. ერთი არც თუ ისე მნიშვნელოვანი შეჯიბრია, პატარა გოგო-ბიჭებს შორის (13-დან 18 წლამდე) და სიმართლე თუ გაინტერესებთ, ეს არის: ნაციონალების დროს დაიგეგმა თბილისში ამ ამბის მოწყობა, მათმა მძლავრმა პიარ-მანქანამ თვალებში ნაცრის შეყრის ნაცადი მეთოდით ხალხს განხორციელებულ ბედნიერებად შეასაღა ეს ამბავი, მზადებაც დაიწყეს და რაღაცების მშენებლობაც (მე და თქვენ ცოცხლები ვიქნებით, სულ მალე ამ მშენებლობებში ჩახლართული გოთვერნობები რომ გაიხსნება და ყველაფრი ცხადი გახდება); ახალმა ხელისუფლებამ ან ვერ გაბედა, ან სწორად გათვალა თავისი პიარ-შესაძლებლობები (მწირი და უსუსური) და არც უცდია ამ "ოლიმპიადის" რეალური მნიშვნელობა გაეცხადებინა, ამიტომ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და ოლიმიადაა, აბა რა არისო! ამას ჩავატარებთ ისე, რომ ზევსი გადავრიოთ ოლიმპოზეო! ესაო, ისაო... და ჩირაღდანი ჩაუქრათ! იმ კაცმა კი, ორგანიზატორმა, "ლედიზ ენდ ჯენტელმენო" და, მონიტორზე ღარიბაშვილის თავლები რომ დაინახა, მაშინვე ქართულზე გადავიდა...
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ ფაქტს მოვიყვან და დავასრულებ: 2013-ში ასეთი ფესტივალი (ფესტივალი-მეთქი, ოლიმპიადა არა, ისა!) ჰოლადიის ქალაქ უტრეხტში ჩატარდა, პატრა ქალაქია, თბილისის მოსახლეობის მეხუთედი ძლივს იქნება, მონაწილეები იმდენივე იყვნენ, რაც ჩვენთან, სტუმრები - ჩვენზე მეტი. არც ერთი ქუჩა არ გადაკეტილა და არც არავინ შეწუხებულა, ბიჭოს! დიდ დიღომში ვცხოვრობ, ბატონო და არ მიყვარს ეს მხატვრული ტანვარჯიში და ველოსპორტი, რატომ უნდა გადამიკეტო სახლისკენ მიმავალი ერთადერთი გზა, მშიერს, დაღლილსა და ნამუშევარს, ამიხსენი!
სპორტი - სპორტად და ახალა - პოლიტიკა: მარგველაშვილის სავარძელი ცარიელი იყო "ოლიმპიადის" ტრიბუნაზე, გაბუტულია! კაკო ბობოხიძის ძმა გამოუშვა ციხიდან, ღარიბაშვილმა - "ნაცების მაჩალკა" უძახა და ეს გაიბუტა! ეუფ! გენაცვალეთ პოლიტიკოსობაში!
დავამთავროთ... უი, რა დავამთავროთ კაცო: ილია ჯიშკარიანი ყოფილა, თბილისის საკრებულოს წევრი, "ოცნებიდან". ჯორჯ ბუშის ქუჩას და ლეხ კაჩინსკის ქუჩას სახელები გადავარქვათო"!.. საქმე ის არის, რომ არც დრო მაქვს, არც ადგილი ქაღალდზე და არც ხალისი, ამიტომ საკრებულოშივე აუხსნას მაგ კაცს ვინმემ, რომ კაჩინსკის ქუჩის გაუქმება და მოსკოვის პროსპექტის დატოვება არის... აჰ, უზრდელობაა, ვერ ვიტყვი. მოკლედ, აუხსენით.
პ.ს. ისევ სპორტით დავასრულოთ, თანაც "ნამდვილი" სპორტით (ხომ ვთქვი, ფეხბურთის გარდა "ვერ ვცნობ" სხვას-მეთქი): 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის კენჭისყრა ჩატარდა და ისეთი მეტოქეები შეგვხვდა... პირდაპირ და მარტივად შეიძლება ამ ჯგუფს ვუწოდოთ: "მეტი რა ბებიაჩვენისა გვინდა?!"
აქედანაც თუ ვერ გავლენ, ნაციონალებს მივცემ ხმას!
რა შუაშია, მაგრამ მაინც...