"15 სექტემბრისთვის თურქეთიდან საქართველოში ისლამისტები შემოვლენ"
"მოსალოდნელია კავკასიაში სიტუაციის დაძაბვა"
"სირიაში იერიშის მიტანით თურქებმა მსოფლიოს აჩვენეს, თითქოს "ისლამურ სახელმწიფოსაც" ებრძვიან და ქურთ ტერორისტებსაც. სინამდვილეში, მათ ქურთების წინააღმდეგ ბრძოლის ლეგიტიმაცია მოახდინეს", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი ახლო აღმოსავლეთისა და ისლამური ტერორიზმის საკითხებში იოსებ ზაალიშვილი და იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა საქართველოს სექტემბერში დაემუქროს.
იოსებ ზაალიშვილი: - ანტიტერორისტულ კოალიციაში თურქეთი აქტიურად მას შემდეგ ჩაება, რაც 5+1-მა ქვეყანამ, აგრეთვე საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის სააგენტომ ხელი მოაწერეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას (ბირთვული ექსპერიმენტების შესაჩერებლად), რითაც, ჩემი აზრით,
დასავლურმა დიპლომატიამ სისუსტე გამოიჩინა და, პრაქტიკულად, ირანს მისცა საშუალება დაუბრკოლებლად განახორციელოს თავისი ატომური პროგრამა.
ამან გამოიწვია სხვა რეგიონის ქვეყნების დაინტერესება, რომ მათაც გარკვეული დივიდენდები ნახონ. ერთი კვირის წინ თურქეთში მოხდა სკანდალი - 49 მოსამართლე და პროკურორი გაათავისუფლეს. ისინი იძიებდნენ კორუფციულ სკანდალს, რომელშიც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი ახლო გარემოცვა იყო გახვეული. გამოძიება სტამბოლის დაზვერვის უფროსის ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყო და საუბარი იყო იმაზე, რომ ირანულ ტერორისტულ ორგანიზაციას თურქეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში საკმაოდ მყარად ჰქონდა გადგმული ფესვები. დღეს თურქეთის მთავარი პრობლემაა ქურთები, რომლებსაც მოკავშირეები მხარს უჭერენ და აძლევდნენ იარაღს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში. თურქეთმა, გამოიყენა რა დასავლეთის მიერ გამოჩენილი სისუსტე ირანთან დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, ერთი მხრივ გამოაცხადა, რომ ცეცხლს უხსნის "ისლამურ სახელმწიფოს", მაგრამ ამასთან ქურთების წინააღმდეგ ბრძოლის ლეგიტიმაცია მოახდინა. მათ რომ აქამდე დაერტყათ ქურთებისთვის, მთელი მსოფლიო იტყოდა, ქურთები "ისლამურ სახელმწიფოს" ებრძვიან და ამით თურქეთი მხარს "ისლამურ სახელმწიფოს" უჭერსო. სინამდვილეში, თურქებმა გაანადგურეს ქურთების იარაღის საწყობები. დღეს უკვე ქურთებს აღარ აქვთ იმის საშუალება, რომ თავი დაიცვან "ისლამური სახელმწიფოს" შეტევისგან...
თურქეთი როდესაც ჩრდილო სირიას გააკონტროლებს, იქ მოჯაჰედების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია მარტო თურქებს ექნებათ, შეიქმნება საინფორმაციო ვაკუუმი. თურქებს უნდოდათ, რომ ეს ზონა არასაფრენ ზონად გამოეცხადებინათ, ანუ იქ არა მარტო სამოქალაქო და საბრძოლო, არამედ სადაზვერვო თვითმფრინავების ფრენაც აიკრძალოს და ინფორმაციის შეკრება იმ ტერიტორიაზე მხოლოდ თურქეთის დაზვერვისთვის იქნება შესაძლებელი.
ომარ ალ შიშანი სირიიდან თურქეთში ისე შემოვა, ამას თურქების მეტი ვერავინ გაიგებს.
- საქართველოსთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე რას იტყვით?
- საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფო" ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ამერიკის სენატორი ტედ კრუზი გამოვიდა და თქვა, "ისლამური სახელმწიფო", ირანი და მოჯაჰედები ამერიკისთვის საფრთხეს წარმოადგენენო. ამერიკა ახლო აღმოსავლეთიდან 5000 კმ-ით არის დაშორებული, საქართველო კი - 500 კმ-ით.
15 სექტემბრისთვის თურქეთიდან საქართველოში შემოვლენ ისლამისტები, შემდეგ კი ჩრდილო კავკასიაში გადავლენ. 15-დან 20-მდე უღელტეხილები იკეტება, საქართველოდან ჩრდილო კავკასიაში ვეღარ გადავლენ, ამიტომ უნდა მოასწრონ. ისლამისტები ტურისტებად შემოვლენ, მერე მათ გააცილებენ პანკისის ხეობამდე, იქიდან კი ჩრდილო კავკასიაში. გამომდინარე იქიდან, რომ ტერორისტული აქტები მოხდა საფრანგეთში, ამერიკასა და ისრაელში, დიდი შანსია, ჩვენთანაც იგივე განმეორდეს.
- და როგორ შევძლებთ ამ ყველაფრის თავიდან აცილებას?
- ჩვენმა სახელმწიფომ, დაზვერვამ და კონტრდაზვერვამ უნდა იმუშაონ სხვა ქვეყნების იმავე სამსახურებთან. უნდა ვითანამშრომლოთ ისეთ უცხოურ სპეცსამსახურებთან, რომელთაც იგივე ინტერესები აქვთ. უნდა გამკაცრდეს სავიზო რეჟიმიც. სრულიად საკმარისი იყო სამთვიანი ვიზები, მაგრამ ამათ ის ერთწლიანით შეცვალეს და უცხოელებს საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლებას აძლევენ.
აბუ ომარ ალ-შიშანი- იგივე თარხან ბათირაშვილი - ჯიჰადისტი საქართველოდან. იბრძვის სირიის სამოქალაქო ომში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.
დაიბადა 1986 წელს პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში. ჰყავს ქრისტიანი მამა და მუსლიმი დედა. თარხანი ბავშვობაში ჩეჩენ ბოევიკებს რუსეთის საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ქართულ არმიას შეუერთდა. მსახურობდა ქართულ ჯარში დაზვერვის სერჟანტად. მონაწილეობდა ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომში. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.
2014 წლის სექტემბერში აშშ-ის ხელისუფლებამ აბუ ომარ ალ-შიშანი “შავ სიაში” შეიყვანა.
ნანა ფიცხელაური