"რუსთავი 2" დღესაც ისეთივე მიკერძოებულია, როგორიც გასული წლების განმავლობაში იყო"
მას შემდეგ, რაც ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია "რუსთავი 2" ის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა სასამართლოში, გავრცლედა ინფორმაცია, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ტელეკომპანიის ქონებას – მაუწყებლობის მანქანებს ყადაღა დაადო.
"ბუნებრივია, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ და ეს იქნება ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომი, მაგრამ არა მხოლოდ სამართლებრივი. სხვა მეთოდებიც გვაქვს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ, რადგან ეს მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში მიმდინარე დავა არ არის მოდავე მხარის ინიციატივით. მოდავე მხარე კი მხოლოდ ქიბარ ხალვაში არ არის და არის ხელისუფლება", - განაცხადა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
მან "რუსთავი 2"–ის საქმეს ქართული დემოკრატიის არსებობაში ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც ხელს მოაწერს "რუსთავი 2"-ის საქმეზე უკანონო გადაწყვეტილებას, ხელს მოაწერს საკუთარ პროფესიულ სიკვდილს. ორშაბათს ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება, დაიწყება თუ არა სამაუწყებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა.
მომხადრს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჟურნალისტი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ია ანთაძე "ფეისბუქგვერდზე" წერს:
"ვიცი, რომ ამ თემას ვერ ავცდები და ჩემს მოვალეობადაც მიმაჩნია აზრის გამოთქმა. იგი ექვსი პუნქტისგან შედგება.
პირველი: არასოდეს მნიშვნელობას არ დაკარგავს ის ფაქტი, რომ ქიბარ ხალვაში არის ადამიანი, რომელიც პირადად მონაწილეობდა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ აღებმიცემობაში და რომელიც "რუსთავი 2"-ს ამუშავებდა, როგორც პარტიულ ტელევიზიას. ამიტომ, მისგან - საღი აზრის ფარგლებში - ვერ მექნება მოლოდინი, რომ მომავალში რამე სხვას იზამს.
მეორე: იმის მიუხედავად, რომ დღევანდელი "რუსთავი 2" არის ხელისუფლების მიმართ ოპოზიციური ტელევიზია, ის დღესაც ისეთივე მიკერძოებულია, როგორიც გასული წლების განმავლობაში იყო - ამიტომ, ამ ტელევიზიისგან რაიმე საზოგადოებრივი სარგებელი არის თითქმის "ნულის" ტოლი.
მესამე: "რუსთავი 2"-ს თავის ოქროს ხანაში, როდესაც ეს იყო კრიტიკული, მაგრამ არა პარტიული ტელევიზია, ფლობდნენ და მართავდნენ ადამიანები, რომლებიც დღესაც იბრძვიან დაკარგული საკუთრების დასაბრუნებლად. ცხადია, ვგულისხმობ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს. მე მჯერა, რომ თუ სასამართლო პროცესი კანონიერად წარიმართება, სწორედ ისინი (ხალვაშთან ერთად) გახდებიან ტელევიზიის მფლობელები და თუ მათ ხელში მოხვდება "საკონტროლო პაკეტი", მივიღებთ ნამდვილად მაღალ სტანდარტზე ორიენტირებულ ტელევიზიას. ამის იმედიც მაქვს გამოცდილებასა და საღ აზრზე დაყრდნობით.
მეოთხე: არ მჯერა, რომ ხელისუფლებისთვის სულერთია, ვის ხელში იქნება "რუსთავი 2" საარჩევნო წელს და, ამიტომ, რაგინდ დაფარული იყოს ხელისუფლების მონაწილეობა ამ ტელევიზიის მფლობელობის საკითხის გადაწყვეტიაში, ცხადია, საკითხს აქვს და ყოველთვის ექნება პოლტიკური "სარჩული". ამიტომ, საუბარი იმის შესახებ, რომ მფლობელობის საკითხი მხოლოდ სამართლებრივი შინაარსის არის და მხოლოდ სამართლებრივ ველზე წყდება - არ მიმაჩნია გულწრფელად და ადეკვატურად.
მეხუთე: და მაინც, თუ სასამართლო ნამუსიანად გადაწყვეტს "რუსთვი 2"-ის მფლობელობის საკითხს, დიდი შანსი გაჩნდება, რომ მივიღოთ არა დღევანდელის მსგავსი, ხელისუფლების მომხრე ან ხელისუფლების მოწინააღმდეგე მიკერძოებული ტელევიზია, არამედ, ისეთი "რუსთავი 2", როგორსაც მთელი საზოგადოება სამართლიანად ენდობოდა და თავდადებით იცავდა. არ გამოვრიცხავ, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის მისაღები აღმოჩნდეს საკითხის ამგვარად გადაწყვეტა, როგორც მისთვის კომპრომისული ვარიანტი (არსებული ხელისუფლება არ არის შემჩნეული კომპრომისების დეფიციტში).
მეექვსე და ბოლო: თუ ტელევიზია მაინცდამაინც უნდა იყოს მიკერძოებული, ჯობია, მის ეთერში ისმოდეს ხელისუფლების კრიტიკა, ვიდრე - ხელისუფლების ქება."