"ბიჭი საზარელი სიკვდილით გამოესალმა სიცოცხლეს" - ახალგაზრდა კაცს მატარებელი დაეჯახა - კვირის პალიტრა

"ბიჭი საზარელი სიკვდილით გამოესალმა სიცოცხლეს" - ახალგაზრდა კაცს მატარებელი დაეჯახა

"თავის მოკვლას რატომ გადაწყვეტდა?! კი ცხოვრობენ გაჭირვებაში, მაგრამ სოფელში უმრავლესობა ასეა და ამის გამო თავს ვინ იკლავს?! მით უფრო კარგი ოჯახი შექმნა, ანგელოზივით შვილი ჰყავდა..."

ორი დღის წინ, გვიან ღამით ხობის რაიონის სოფელ ხეთაში ტრაგედია დატრიალდა. 38 წლის ზურაბ ალანიას მატარებელი დაეჯახა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამაკაცი ნასვამი იყო. ის, სავარაუდოდ, ლიანდაგზე ჩამოჯდა და როცა მატარებელი წამოვიდა ადგომა ან ვერ მოასწრო, ანაც ჩაეძინა და საერთოდ ვერ გაიგო მატარებლის მიახლოება. გარდაცვლილს მეუღლე, სამი წლის ვაჟი და მოხუცი მამა დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება, სოციალური დახმარებით არ სარგებლობენ.

დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" სოფელ ხეთაში გამგებლის წარმომადგენელი, შავლეგ ბუკია და ოჯახის ახლობელი, ფატმან ქირია საუბრობენ.

შავლეგ ბუკია:

- იმ დღეს ჩვენს სოფელში გასვენება იყო. საწყალი ბიჭი ერთ-ერთი მესაფლავე იყო. როცა დასაფლავებიდან ქელეხში დაბრუნდნენ, ეტყობა ბლომად დალია და სახლში მოინდომა წასვლა. შინ, რომ წასულიყო რკინიგზის ხაზი უნდა გადაეკვეთა. ამბობენ, რომ ლიანდაგზე იყო ჩამომჯდარი, როცა მატარებელი დაეჯახაო. ძალიან სამწუხაროა, ასე რომ დაასრულა სიცოცხლე ახლაგზარდა კაცმა.

ფატმან ქირია:

- საშინელება ხდება. ბიჭი სულ უბრალო მიზეზით გამოესალმა სიცოცხლეს, თან რა საზარელი სიკვდილით… მეუღლე და ვაჟი დარჩა. საბრალო მამამისი ზუგდიდში ბაზარში მუშაობს, ხელის ურმით ტვირთი დააქვს. მეუღლე დიასახლისია, ბავშვი ჯერ სულ პატარაა, ბაღში დადის. დედა ადრე გარდაეცვალა და ობლად გაიზარდა. უწესიერესი ოჯახის შვილია. კარგის მეტი სხვა ვერაფრეს ვიტყვი. ზურა ჩემი შვილის კლასელი იყო, ძალიან ვწუხარ...

- თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მომხდარი თვითმკვლელობა ყოფილიყო...

- ეჭვი შესაძლაო მართლაც არსებობდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ უბედური შემთხვევა უფროა, ვიდრე თვითმკვლელობა. თავის მოკვლას რატომ გადაწყვეტდა?! კი ცხოვრობენ გაჭირვებაში, მაგრამ სოფელში უმრავლესობა ასეა და ამის გამო თავს ვინ იკლავს?! მით უფრო კარგი ოჯახი შექმნა, ანგელოზივით შვილი ჰყავდა...

- ვინმესთან კონფლიქტი ხომ არ ჰქონია?

- არაფერი გამიგია, თვითონ ბიჭი არ იყო კონფლიქტური, მათ ოჯახზე კი აუგს ვერავინ იტყვის.

"კვირის პალიტრა" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მზეკო ჟვანია (სპეციალურად საიტისთვის)