აფხაზეთში "როსნეფტის" მიერ ნავთობის მოპოვებაზე მორატორიუმის გამოცხადებას განიხილავენ, რა ხდება დანარჩენ საქართველოში?! - კვირის პალიტრა

აფხაზეთში "როსნეფტის" მიერ ნავთობის მოპოვებაზე მორატორიუმის გამოცხადებას განიხილავენ, რა ხდება დანარჩენ საქართველოში?!

გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი თენგიზ აგრბა საზოგადოებას მოუწოდებს ნავთობის მოპოვებაზე მორატორიუმის საკითხის განხილვაში ჩაერთონ. დე ფაქტო პარლამენტმა განხილვა ა.წ. 29 ივლისს დაიწყო.

"ვფიქრობ, ამ საკითხის მნიშვნელობა აფხაზეთისთვის შეუძლებელია შეაფასო და ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, რომ დეპუტატებმა ღიად გამოთქვან თავიანთი პოზიცია ნავთობის მოპოვების საკითხზე. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და მოვუწოდებ ყველას, ვისთვისაც არ არის აფხაზეთის ბედი სულერთი, პარლამენტთთან შეიკრიბონ. იყოს ეს გარკვეული სახის რეფერენდუმი და სახალხო რჩეულებმა ღიად, თავიანთი ამომრჩევლის წინაშე საკუთარი აზრი გამოხატონ ამ საკითხზე", - აცხადებს არგბა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფი ახლანდელი ხელისუფლება თავის დაპირებებში ამბობდა, რომ ნავთობის მოპოვებაზე მორატორიუმი უნდა ყოფილიყო მიღებული, თუმცა ეს საქმე ახალ ხელისუფლებას ბოლომდე არ მიუყვანია.

როგორც აგრბა ამბობს, გაუაზრებელია "როსნეფტის" სასარგებლოდ და ადამიანთა მცირე ჯგუფის გამდიდრების გამო საზოგადოებისა და ზოგადად, აფხაზეთის ინტერესების უგულებელყოფა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ "როსნეფტი" მზადაა აფხაზეთში საქმიანობა მანამდე შეაჩეროს, სანამ ნავთობის მოპოვებაზე განხილვები არ დასრულდება.

როსნეფტოკუპირებული აფხაზეთის პარალელურად "როსნეფტი" საქართველოს სხვა ტერიტორიაზც ოპერირებს. damoukidebloba.com-ის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, კომპანია საქართველოს ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა, როდესაც მან განაცხადა, რომ "პეტროკას ენერჯი ლიმიტედის" 49%-იანი წილი შეიძინა. ოფიციალურად ეს გარიგება ქართულ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, რადგან გარიგება ოფშორული კომპანიების მეშვეობით განხორციელდა. (იხილეთ რუსული კომპანიები საქართველოში)

"პეტროკას ენერჯი ლიმიტედი" საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიაა, რომელიც ახორციელებს საწვავის ექსპორტს ევროპიდან და აწვდის საქართველოში მოქმედ ბენზინგასამართი სადგურების სხვა ქსელს. კომპანიის წარმომადგენლთა თქმით, "პეტროკას ენერჯი ლიმიტედი" საქართველოში ფლობს ფოთის ნავთობტერმინალებს და ბენზინგასამართი სადგურების ქსელს.

"როსნეფტის" ინფორმაციით, "პეტროკას ენერჯი ლიმიტედის" 49% მათ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილისგან შეიძინეს, კომპანიაში დანარჩენი წილი კი კვლავ იაკობაშვილის საკუთრებაში დარჩა. "როსნეფტის" 69.50%-ს ასევე რუსული კომპანია "როსნეფტგაზი" ფლობს, რომლის 100%-იანი მესაკუთრე რუსეთის სახელმწიფოა.

"როსნეფტსა" და "პეტროკას ენერჯი ლიმიტედს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას საქართველოში მაშინვე მოყვა საპარლამენტო უმცირესობისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი. საპარლამენტო უმცირესობამ საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა, ხელი შეეშალა ფოთის ნავთობტერმინალის რუსულ სახელმწიფო კომპანიაზე მიყიდვისთვის.

მოქალაქეებმა პეტიციაც შეიმუშავეს, სადაც აღნიშნეს, რომ ირღვეოდა კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების" შესახებ. კანონის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვაო აკვატორიაში და კონტინენტურ შელფზე კრძალავს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოსგან ნებართვა ან ლიცენზირება სჭირდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია იყო, რომ ისინი ხელს ვერ შეუშლიდნენ ორ ბიზნეს სუბიექტს შორის ხელშეკრულების გაფორმებას.

წყაროდ გამოყენებული სტატია იხილეთ სრულად