"არაფერი კაცი შენ არ ყოფილხარ, ხარშილაძევ!" - რას წერს ზურაბ ჟვანიას დაცვის ექსუფროსი კახა გოჩაშვილი "ფეისბუქში" - კვირის პალიტრა

"არაფერი კაცი შენ არ ყოფილხარ, ხარშილაძევ!" - რას წერს ზურაბ ჟვანიას დაცვის ექსუფროსი კახა გოჩაშვილი "ფეისბუქში"

"დილიდან თითქმის მეორე დილამდე ურთიერთობა მქონდა ზურასთან, მაქვს პრეტენზია განვაცხდო, რომ თუ ვინმე იცნობდა მას, იცნობდა მის ზნეს, ხასიათს, მის ჩვევებს, ქცევებს, ვარ მე! და არასდროს (ღმერთია ამის მოწმე) არასდროს შემპარვია იოტისოდენა ეჭიც კი იმაში რის დამტკიცებასაც ეს ორი უბედური ცდილობს."

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კახა გოჩაშვილი სამსახურებრივი გულგრილობისთვის ბრალდებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას გამოეხმაურა:

"ყველაფერს აქვს საზღვარი, ადამიანთა სულმოკლეობას არა! გადმომდგარხარ, სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვარს ანთხევ. არაფერი კაცი შენ არ ყოფილხარ, ხარშილაძევ! პატარა, ვირთხისმაგვარო კაცუნავ. პროცესზე გითხარი სიცოცხლეს განდობდი - მეთქი, თურმე რა გადარჩენილი ვარ... ჩემს თავზე მეშლება ნერვები. მეგონა, გიცნობდი (თუმცა სადაც ზურას გაბითურება მოახერხე)... შემეცოდე, მგელივით აწყდებოდი აქეთ-იქით ბარიერს. უფრო სწორედ დარბაზში მჯდომი შენი ოჯახის წევრები იყვნენ ცოდო. მაგრამ ეგეთი ხერხით ფონს გასვლა წიგნში არ წამიკითხავს და ფილმში არ მინახია... ძაძამიაზე ვთქვი და ვიმეორებ, არაფერი სხვა დანიშნულება მას არ ქონია გარდა იმისა, რომ თავის კომპლექციიდან გამომდინარე საიმედო ჯავშანჟილეტი იყო, სხვა არაფერი... არასდროს მეტი არ მიფიქრია მასზე... თუმცა თქვენზე საკმარისია... მე, ისევ და ისევ მთელი ქვეყნის გასაგონად მინდა ვთქვა, ადამიანს, რომელსაც ცხრა წლის მანძილზე ყოველდღიური, დილიდან თითქმის მეორე დილამდე ურთიერთობა მქონდა ზურასთან, მაქვს პრეტენზია განვაცხდო, რომ თუ ვინმე იცნობდა მას, იცნობდა მის ზნეს, ხასიათს, მის ჩვევებს, ქცევებს, ვარ მე! და არასდროს (ღმერთია ამის მოწმე) არასდროს შემპარვია იოტისოდენა ეჭიც კი იმაში რის დამტკიცებასაც ეს ორი უბედური ცდილობს. ბოლოს და ბოლოს, ეს მე ჩემთვის. ჩემს თავთან მაინც ვიცი. და ყველაფრი ამის შესახებ მინდა კიდევ ერთხელ გავუმეორო ზურას ოჯახს, მის ულამაზეს შვილებს, მის არაჩვეულებრივ დედას და რა თქმა უნდა, პირველ რიგში მის ვაჟს ბუსას!!!

პ.ს. ვინც მიცნობს და ვინც ჩემი ამბავი იცის, მათ მინდა ვუთხრა, ისიც მიფიქრია, უფალმა ალბათ იმიტომ დამტოვა ცოცხალი, რომ კიდევ ერთხელ როგორც მის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ მიმეღო მონაწილეობა მისი სახელიდან ტალახის ჩამოწმენდაში."

შეგახსენებთ, ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი და დაცვის ყოფილი წევრი, რომელთაც სამსახურებრივი გულგრილობისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი, ყოფილი პრემიერის ორიენტაციაზე საუბრობენ. კობა ხარშილაძის და მიხეილ ძაძამიას საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. მათ ვერდიქტს, სავარაუდოდ, აგვისტოს შუა რიცხვებში გამოუტანენ.