"ცხოვრებაში არასდროს მითამაშია, რაცა ვარ, ესა ვარ" - ზურა ბეგალიშვილი გუშინ უკანსკნელ გზაზე გააცილეს - კვირის პალიტრა

"ცხოვრებაში არასდროს მითამაშია, რაცა ვარ, ესა ვარ" - ზურა ბეგალიშვილი გუშინ უკანსკნელ გზაზე გააცილეს

"მსახიობისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ხალხის სიყვარული"

"მე და არაყი დიდი ხნის მეგობრები ვართ… ვიცი, რომ არ უნდა დავლიო, სულ ფორმაში უნდა ვიყო, ხომ შეიძლება უცებ რამე როლი შემომთავაზონ და ამის გამო "გავმაზო?" რამდენჯერმე მომივიდა ასე, მაგრამ არ ვნანობ… წამალიც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა "ლომკა" არასდროს მქონია. მაშინ 24 წლის ვიყავი. მორფინისტების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება რომ ვნახე, შემზიზღდა, საბოლოოდ ვთქვი უარი და 20 წელია არ გავკარებივარ."

ბავშვობიდან, როგორც ბადრი ბეგალიშვილის შვილს ისე იცნობდნენ. "თეთრ ბაირაღებში" მოშიაშვილის როლს რომ თამაშობს, იმის შვილი ზურააო. ამით მთელი ცხოვრება ამაყობდა. რამდენიმე დღის წინ, როცა ზურაბ ბეგალიშვილის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მასთან ჩაწერილი ინტერვიუ გამახსენდა. იმ დღესაც ნასვამი იყო. გულახდილად მესაუბრა და ამ პატარა სტატიას მაშინ "მსახიობის გულახდილი აღსარება დავარქვი".

ზურაბ ბეგალიშვილი:

- ყოველთვის მინდოდა, რომ ზურა ბეგალიშვილი ვყოფილიყავი და არა ბადრი ბეგალიშვილის შვილი. ეს მომენტი დღესაც მაქვს, ყოველთვის ამბობდნენ, რომ ბადრის შვილი თამაშობს ამ სპექტაკლში, ბადრის შვილი თამაშობს ამ ფილმში.მამა "თეთრი ბაირაღებით" და "ჩირიკი და ჩიკოტელა"-თი ახსოვს მაყურებელს. დედა, ბაბუა და სამივე შვილი მსახიობები ვართ. თუმცა ამ პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. მთელი ბავშვობა ფეხბურთს ვთამაშობდი. სკოლის დამთავრების შემდეგ, სპონტანურად გადავწყვიტე სამსახიობო კარიერის გაგრძელება, მაგრამ პირველ წელს არ გამიმართლა. სამიანების ატესტატი მქონდა და ამის გამო ნახევარი ქულა დამაკლდა. სკოლაში მარტო ორ საგანს - ისტორიას და ლიტერატურას ვსწავლობდი. მოსწავლე კი არა, ხულიგანი ვიყავი. ძველ ბიჭებთანაც მქონდა ურთიერთობა, მაგრამ არასდროს მიძველბიჭია, უბრალოდ, ძველი ბიჭები პატივს მცემდნენ და ვუყვარდი, როგორც "ბეგალა". ეს ზედმეტსახელი დღემდე შემორჩა. 1981 წელს ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში და ოთხი წელი ვისწავლე. ყველაზე ბედნიერი დრო, რასაც ხშირად ვიხსენებ, სტუდენტობა იყო. დღემდე შევნატრი იმ დროს".

მისი კინოკარიერა, რეჟისორ ალეკო ცაბაძეს უკავშირდება. 1985 წელს რეჟისორმა "ლაქა"-ში, ერთ-ერთ როლში დააკავა. შემდეგ იყო "ღამის ცეკვა", "ორმაგი სახე" "ჭერი", "ორფეოსის სიკვდილი", "კალომასობა იოანესი", "ნუცას სკოლა"…

- სერიალებს თუ არ ჩავთვლით, სულ, დაახლოებით 27 ფილმში და 16 სპექტაკლში ვითამაშე, მაგრამ მსახიობისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იცით რა არის? ხალხის სიყვარული. შეიძლება სულ სამი როლი ითამაშო, მაგრამ თავი ყველას დაამახსოვრო. სამი წელი, ფოთის თეატრში, მანამდე კი თუმანიშვილის თეატრში ვიყავი. ჩემდა სამწუხაროდ, რომელ სპექტაკლებშიც ვთამაშობდი, ყველა მოიხსნა. ახლა არც ერთ დასში არ ვირიცხები, მაგრამ ქუჩაში რომ გავდივარ ხალხი მცნობს, მესალმებიან და მესიყვარულებიან… რამდენიმე კვირის წინ "ქუჩის დღეების" სატელევიზიო პრემიერა იყო, ქუჩაში რომ გავედი, მანქანებს მიჩერებდნენ. მსახიობისთვის ყველაზე მაგარი რაღაც ეს არის. ჩემი ახალი როლის შემფასებელი ხალხია. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმ "ღამის ცეკვაში", საქართველოს კინო-აკადემიის პრიზი "ნატო" მაქვს მიღებული. აღმოსავლეთ-ევროპის III კინოფესტივალზე კი ფილმ "თენდებაში" თამაშისთვის გრან-პრი.

- მაყურებელი, როგორც "ძველ ბიჭს", ნარკომანის და ლოთის როლების შემსრულებელს გიცნობთ. რატომ მაინცდამაინც სულ ასეთი როლები? ამის გამო პროტესტი არასდროს გაგჩენიათ?

- ცხოვრებაში ისეთი "გრუბი" და მკაცრი არ ვარ, როგორც ეკრანზე, ღმერთმა დამიფაროს. ყველა ფილმში სხვადასხვა ტიპი ვარ. სხვათა შორის რამდენიმე დადებითი როლიც მითამაშია. " აქ თენდებაში" ბექას როლს ვთამაშობ, რომელიც საკუთარ შვილს გადაარჩენს. "ღამის ცეკვაში" მოსეს, რომელიც მკაცრია, მაგრამ ყველას უყვარს. ფილმში "კალომასობა იოანესი" ბერის როლს ვთამაშობ. მაგრამ, ძირითადად, ფილმებსა თუ სპექტაკლებში, უარყოფითი პერსონაჟი ვარ. ყველაზე საშინელი როლი კი ბოლოს, ალეკო ცაბაძის ფილმში ვითამაშე - "რენე მიდის ჰოლივუდში". მსახიობისთვის საოცნებო როლი რომელია? რა ვიცი, ზოგისთვის რა და ზოგისთვის რა. მე მაქვს ჩემი საოცნებო როლი "მაჰარა", დავით აღმაშენებლის გამზრდელი. იმედი მაქვს, რომ როდისმე ვითამაშებ. არ აქვს მნიშვნელობა მთავარი როლია, ეპიზოდური, დადებითი თუ უარყოფითი, ყველა როლი ჩემია და მიყვარს. ცხოვრებაში არასდროს მითამაშია, სცენაზე და კინოშიც მყოფნის. რაცა ვარ, ესა ვარ. ჩემს თვალწინ, ბევრს უთამაშია, თან ისე მაგრად, რომ მითქვამს კიდეც, "მალადეც!" შეიძლება ვინმეს მოატყუონ, მაგრამ მე ვერ გამომაპარებენ. ამის გამო ადამიანებიც დამიკარგავს. ტყუილი ვერ ვაპატიე რამდენიმეს.

- გადაღება როცა არა გაქვთ რა ხდება მაშინ?

- სასმელს ვეძალები. ფილმებიდან შემოსული ჰონორარი არც ისე ბევრია და ამის გამო ხშირად ფინანსურ კირიზისში ვარ. "შვილი, რომ "სნიკერს" გთხოვს და ვერ ყიდულობ, საშინელებაა. არაყი არ არის გამოსავალი, მაგრამ ვითომ მშველის. მე და არაყი დიდი ხნის მეგობრები ვართ… ვიცი, რომ არ უნდა დავლიო, სულ ფორმაში უნდა ვიყო, ხომ შეიძლება უცებ რამე როლი შემომთავაზონ და ამის გამო "გავმაზო?" რამდენჯერმე მომივიდა ასე, მაგრამ არ ვნანობ… წამალიც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა "ლომკა" არასდროს მქონია. მაშინ 24 წლის ვიყავი. მორფინისტების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება რომ ვნახე, შემზიზღდა, საბოლოოდ ვთქვი უარი და 20 წელია არ გავკარებივარ. აბსტრაქტული სამყაროა, ჰალუცინაციაა, "უბერავ" და სხვაგან ხარ… დღე და ღამე ფხიზელი უნდა იყო, ამას არაფერი სჯობს.

- სასმელი, რომ არა, უფრო მეტს შეძლებდით?

- რაშია იცი საქმე? ეს ლოთობაც "ტეხავს," მაგრამ, რომ გითხრა, სასმელის გამო, არ გადამიღეს-მეთქი, ასეთი რაღაც ორჯერ მოხდა. ისეთი როლები იყო, რომ მე თვითონ არ მინდოდა. მე, ფულის გამო არ ვთანხმდები ყველა ფილმში მონაწილეობას. ნასვამსაც ბევრჯერ მითამაშია, სცენაზეც და ეკრანზეც, მაგრამ ვერ შეუმჩნევიათ. ერთხელ მიშა თუმანიშვილმა შემატყო და მითხრა: - ბიჭო, დილით ნუ სვამო, ეს არ დამავიწყდება… განუმეორებელი ადამიანი იყო. ბატონ მიშასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა. ბევრ რამეს ვნანობ, თუნდაც იმას, რომ სასმელმა ორი ოჯახი დამინგრია. არაყი ვარჩიე ორივეს… არ მინდა ვინმემ იგივე გაიმეოროს. ალკოჰოლის გამო, ბევრ ადამიანს მოვაკელი სიამოვნება. "ზაპოის" დროს, სასმელი რომ გიტრიალებს თავში, იქ უკვე ვეღარ ფიქრობ ვერაფერს. ბავშვებს სწყინთ ჩემი სასმელთან დამოკიდებულება, მაგრამ, რომ არ "ჩავარტყა," ცუდად ვხდები. როგორც მანქანას ბენზინს უსხამ, ასეა რა, 100 გრამს ჩაარტყამ, და ეგ არის. მერე მთელი დღე აზრზე მოდიხარ. ბევჯერ მიფიქრია, სასმელის გადაგდება და ერთწლიანი კოდიც გამიკეთებია, მაგრამ ვერა… პირველად ექვსთვიანი კოდი გავიკეთე და საერთოდ არ დამილევია. ბოლოს ერთწლიანი გავიკეთე და შვიდი თვის თავზე დავლიე, საშინელი რეაქცია მომცა, მაგრამ როგორღაც გადავიტანე. ფხიზელი ზურა სხვანაირია. ამ დროს წყნარი, მშვიდი და კეთილია… არა, გრადუსშიც არა ვარ აგრესიული, მაგრამ "ლომკაში" აფორიაქებული ვარ. დღეს, რომ არ დავლიო, დეპრესიაში ჩავვარდები და სახლში ჩავიკეტები. სამი წლის წინ ტროტუარზე დავეცი. ცხვირზე შრამი იქიდან მომყვება, ესეც ლოთობის ბრალია.

- ორივე ოჯახს არაყი ვარჩიო ამბობთ, ახლა ნანობთ?

- ორი ქორწინებიდან სამი შვილი მყავს. პირველი ცოლი მინიატურების თეატრის მსახიობი ლუარა ჩუქუაა, რომელთანაც ზვიადი მჰყავს. მეორე მეუღლესთან, ნელიკო მახარაძესთან - ირინა და დათო. ზვიადიკო, ეგვიპტეშია. მსახიობობას გოგო აპირებს, კარგად ცეკვავს და ვნახოთ რა იქნება. ორივე ბიჭთან ძმაკაცური ურთიერთობა მაქვს. ირინკას და დათუნას, უნდათ, რომ მე და ნელიკო შევრიგდეთ. გული სწყდებათ ერთად, რომ არ ვართ. ნელიკო დღესაც ისე მიყვარს, როგორც ადრე. გატეხილის შეწებებაც შეიძლება…

პ.ს. ზურა ბეგალიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა, სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

თორნიკე ყაჯრიშვილი