"ადამიანის შვილს ადამიანური საფლავი არ აღირსეს" - საკუთარ ყანაში გადამალული ცხედარი, უცნაური დანაშაულის დეტალები - კვირის პალიტრა

"ადამიანის შვილს ადამიანური საფლავი არ აღირსეს" - საკუთარ ყანაში გადამალული ცხედარი, უცნაური დანაშაულის დეტალები

"წილკნელები შეშის საჭრელად ისევ იქ იყვნენ, პოლიციამ მოხუცზე რომ ჰკითხა, უპასუხეს, - თვალით არ გვინახავსო"

"ოჯახის სიძემ, რომელიც ჩვენი სოფლელი არ არის და ამ ოჯახში ჩასიძებული იყო, გადაწყვიტა, მკვდარი გადაემალათ, ცოლისძმა ეხვეწებოდა თურმე - არ გვინდა ეგრე მოქცევა, მის ოჯახს შევატყობინოთ, რაც მოხდება, მოხდესო, მაგრამ მაგრამ სიძე ვერ დაითანხმა, ის თურმე ცოლისძმასაც დაემუქრა, თუ არ გაჩუმდები შენც მაგას გაგაყოლებო..."

დუშეთის რაიონის სოფელ ანანურის მკვიდრ 83 წლის ვასილ მაჭავარიანს 9 აგვისტოდან მოყოლებული რამდენიმე დღე ოჯახი და ახლობლები უშედეგოდ ეძებდნენ. ოჯახის წევრებმა დასახმარებლად სამართლადმაცავებს მიმართეს, რომელთაც რამდენიმედღიანი ძიების შემდეგ მოხუცის ცხედარი სოფელ წილკანში, ერთ-ერთი ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთში იპოვეს. ამ ოჯახის სამი წევრი: მამა, მისი ვაჟი და სიძე დანაშაულში არიან ეჭვმიატნილები. როგორც გამოძიებით ირკვევა, 9 აგვისტოს სამივენი ანანურის ტყეში შეშის საჭრელად იყვნენ წასული, სწორედ მათ მიერ მოჭრილი ხე დაეცა შემთხვევით გამვლელ ვასილ მაჭავარიანს და მოკლა. იმის ნაცვლად, რომ მომხდარი ტრაგედიის თაობაზე ოჯახისთვის ეცნობებინათ, მათ ცხედარი ქურდულად მანქანაში დამალეს, სოფელ წილკანში წაიღეს და საკუთარ ყანაში დამარხეს. შემდეგ კი საფლავი გადაასწორეს და კვალის დაფარვის მიზნით ხმელი ბალახიც დააყარეს. დანაშაულის ეს შემზარავი დინამიკა სოფლის თვალწინ მაშინ გაცოცხლდა, როცა პოლიციამ ყანაში გაჭრილი საფლავიდან 83 წლის მოხუცი იპოვა და ანანურში, საკუთარ ოჯახში გადაასვენა.

ო. მ. სოფელ წილკნის მაცხოვრები:

- ამ დანაშაულის მთავარ ბრალდებულს, ამ ოჯახის სიძეს 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მათგან უფროსი წელს მიდის სკოლაში და როცა ეს ამბავი გავიგე, ეს ბავშვები დამიდგნენ თვალწინ, - რომ გაიზრდებიან ვიღაც მაინც გაახსენებს, - მშიშარა მამაშენს კაცობა არ ეყო, რომ მიცვალებულისთვის ეპატრონა და ყანაში დაემარხაო. აი, ეს არის მთელი ტრაგედია, - ადამიანის შვილს ადამიანური საფლავიც არ აღირსეს, ოჯახი ძებნით გატანჯეს... ნეტავ სახლში რომ მივიდნენ იმ საღამოს, როგორ ხასიათზე იყვნენ? ბავშვებს როგორ ელაპარაკებოდნენ?

- დანაშაულში მთავარი ბრალდებული ახსენეთ, ოფიციალური ინფორმაციით ამ ქმედებაში სამი მამაკაცი მონაწილეობდა...

- ასეც იყო, მაგრამ სოფელში ერთმანეთს ათეული წლებია ვიცნობთ და ვიცით, დაახლოებით ვინ ვინ არის, ვინ რისი გამკეთებელია. როცა ეს დანაშაული გახმაურდა, ოჯახიდან ხმა მაშინვე გამოვიდა, რომ როცა იმ უბედურ კაცს ხე დაეცა და დარწმუნდნენ, კაცი გარდაცვლილი იყო, ოჯახის სიძემ, რომელიც ჩვენი სოფლელი არ არის და ამ ოჯახში ჩასიძებული იყო, გადაწყვიტა, მკვდარი გადაემალათ, ცოლისძმა ეხვეწებოდა თურმე - არ გვინდა ეგრე მოქცევა, მის ოჯახს შევატყობინოთ, რაც მოხდება, მოხდესო, მაგრამ მაგრამ სიძე ვერ დაითანხმა, ის თურმე ცოლისძმასაც დაემუქრა, თუ არ გაჩუმდები, შენც მაგას გაგაყოლებო...

ეს კაცი, მარტო მაგ ოჯახის სიძე კი არ არის, მთელი წილკნის სიძეა. რამდენიმე წელია, რაც ჩამოგვისახლდა. მაგ ოჯახის ქალიშვილმა მობილური ტელეფონით გაიცნო... სამეგრელოს ერთ-ერთი სოფლიდანაა, მერე გაირკვა ერთი პირი ცოლ-შვილი მიტოვებული რომ ჰყავადა და დანაშაულისთვის ციხეშიც იყო ნამყოფი. ნაციხარი რომ არ ყოფილიყო და ისევ იქ მოხვედრის ალბათ არ შეეშინდებოდა, მოხუცი შემთხვევით მოკლა ხემ, ამაში დასამალი რა იყო?! რატომ უნდა დამუქრებოდა ცოლისძმას, რასაც მე ვამბობ, ის გააკეტე, თორემ შენც მაგას გაგაყოლებო. ამ მუქარით სიმამრიც გააჩუმა, როგორც ჩანს. მან იცის თავისი დანაშაული, იმიტომაც დახვდა პოლიციას სახლში. მოკიდეს ხელი და წაიყვანეს. სიძე და ცოლისძმა ჯერ კიდევ იმალებიან, მაგრამ ნეტავი როდემდე დაიმალებიან.

- გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე მიმდინარეობს.

- არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეს არის უდიდესი დანაშაული, როცა ოჯახს მიცვალებულს დაუმალავ და მიწაში უპატრონოდ ჩააგდებ.

გენადი გულბათაშვილი, სოფელ ანანურის რწმუნებული:

- საცოდაობა მოხდა, საშინელი სიკვდილით მოკვდა საწყალი ძია ვასილი, კარგი კაცი იყო, არ იმსახურებდა ამას. მისმა ასეთმა სიკვდილმა ყველას გული გვატკინა. მისი ვაჟი ძალიან ნერვიულობს, - იმ დღეს სამუშაოდ წავიდა თურმე და მამაც გაჰყვა, თან პირუტყვიც გაიყოლეს.…შაუდღისას, პაპანაქება მზეზე საწყალმა მოხუცმა პირუტყვი ტყეში შეყარა და…შეჰყვა თურმე თვითონაც. აი, ამ დროს მოხდა ეს უბედურება, - მამა რომ ტყიდან აღარ გამოვიდა, შვილმა მთელ სოფელს დაგვიძახა და მთელი ღამე ვეძებეთ. მეორე დღეს პოლიცია ამოვიდა. წილკნელები ისევ იქ იყვნენ შეშის საჭრელად. პოლიციამ მოხუცზე რომ ჰკითხა, უპასუხეს, - თვალით არ გვინახავსო.

- მეორე დღეს რა მოტივით მივიდნენ იმ ადგილას?

- ისევ შეშის საჭრელად, ალიბისთვის.

- რა დაეხმარა პოლიციას საქმის გახსნაში?

- სათვალე, სადაც წილკნელები შეშას ჭრიდნენ, იქ საწყალი მოხუცის სათვალე იპოვეს, ეტყობა, ამათ ჯაჯგურში დაუვარდა. პოლიციამ ეს სათვალე იპოვა და კვალს მიჰყვა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ეთერ ერაძე(სპეციალურად საიტისთვის)