"ჩვენც ხომ ამ ქვეყნის შვილები ვართ?!" - ათი წლის ობოლი ბიჭი კონკურსზე დაუფინანსებლობის გამო ვერ მიდის
"ჩემმა შვილმა აიჩემა, მამას ხმა უნდა მივაწვდინოო, სახლში მიკროფონი გვქონდა, ამ მიკროფონს დაიჭერდა და ჩაჰყვიროდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა მომღერლობაც"
"სოფელ მეჯვრისხევში ვცხოვრობთ. ჩვენიდან 50 მეტრში დგას რუსის ჯარი. მავთულხლართებთან ვართ პირდაპირ, სულ შიშის ქვეშ ვცხოვრობთ. ადამიანის ენა ვერ აღწერს რამდენი უბედურება გამოვიარეთ. ყოველ სროლაზე სახლიდან გავრბოდით. ბავშვმა საშინელი დღეები გადაიტანა, მაგრამ მაინც მიზანდასახული დარჩა. რაღაცაში ხომ უნდა შეგვიწყონ ხელი, ჩვენც ხომ ამ ქვეყნის შვილები ვართ?!"
კონფლიქტის ზონაში მცხოვრები 10 წლის ზურიკო ხომასურიძე თურქეთში, საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე მხოლოდ იმიტომ ვერ მიდის, რომ სახელმწიფოს საკმარისი სახსრები არ აღმოაჩნდა პატარა ბიჭისა და მისი პედაგოგის გასამგზავრებლად. არადა, რუსის ჯარის მიერ ოკუპირებული ქართული მიწის მოსაზღვრედ მდებარე სოფელში მცხოვრები ადამიანებისთვის მცირე მხარადაჭერა და წარმატება უმნიშვენლოვანესია.
ზურიკო ხომასურიძის წარმატებისკენ მიმავალ ეკლიან გზაზე დედა და მისი პედაგოგი გვიამბობენ.
მარიკა დავითაშვილი, ზურიკოს დედა:
- გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში ვცხოვრობთ. ჩემი მეუღლე ხელოსანი იყო, ძრავების შეკეთებით შოულობდა ფულს, 2008 წელს, ომის დროს შინიდან საქმეზე წავიდა და უკან ვეღარ დაბრუნდა. ისიც არ ვიცით რა მოხდა, მოგვიგდეს სისხლიანი ცხედარი. ისეთი საზარელი სურათი ნახეს ჩემმა შვილებმა - ცხედარს ჭიანჭველები როგორ ესეოდნენ, გონზე რომ ვარ იმ დღის მერე, მიკვირს, თუმცა ჯანმთელობა შემერყა, წნევები მაწუხებს. ზურიკომ მამის გარდაცვალება ისე განიცადა, ვერაფრით ვაწყნარებდით. მაშინ მხოლოდ სამი წლის იყო. ეს ჩემი ნაბოლარა შვილია, დანარჩენი სამი უფრო დიდები არიან. ზურიკო სულ გაიძახოდა მამას ნახვა მინდაო, ვეუბნებოდი, ცაშია-მეთქი. ერთხელაც ვერტმფრენი რომ დაინახა, გაეკიდა და ყვიროდა მამაჩემია იქ, ის ხომ ცაშიაო... ერთხანს აიჩემა, მამას ხმა უნდა მივაწვდინოო, სახლში მიკროფონი გვქონდა, ამ მიკროფონს დაიჭერდა და ჩაჰყვიროდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა მომღერლობაც. ბავშვს ვინ მიიყვანდა მუსიკაზე, ვის ჰქონდა მაგის ნერვები?! ჩემი მეუღლის გარდაცვალების საბუთები დავკარგე, ქსეროასლი დაგვჭირდა და ერთ-ერთ დაწესებულებაში წავედი, სადაც ზურიკოც მახლდა. ამ დაწესებულების გვერდით მუსიკალური სკოლაა, ზურიკო აიპარა, როიალთან მივიდა, რომ ვიპოვე, უკრავდა და მღეროდა: - "ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელოო", ბავშვი ისე მღეროდა, მთელი პედაგოგობები გაოცებული შემოეხვივნენ და იმ წუთას სკოლაში მიიღეს. ერთ კვირაში ვოკალის პედაგოგი დაუნიშნეს, დაიბარეს ქალბატონი მაყვალა ხორბალაძე, რომელსაც ბავშვი ძალიან მოეწონა და ზუსტად ისე ზრუნავს ზურიკოზე იმ დღის შემდეგ, თითქოს მისი შვილი იყოს.
მაყვალა ხორბალაძე, პედაგოგი:
- ნიჭიერი ბიჭია ზურიკო, ძალიან ვმეგობრობთ, ყველა კონკურსზე და კონცერტზე გამყავს. ილიაობას საპატრიარქოში ვიყავით და უწმიდესს უმღერა. პატრიარქმა დალოცა ზურიკო, ძალიან მოეწონა. ბატონი პაატა ბურჭულაძეც იქ იყო, მანაც შეაქო ჩვენი ზურიკო. ახლახან რესპუბლიკური მასშტაბით ძალიან დიდი ღონისძიება იყო - "მომავლის ვარსკვლავები" და იქ ჯილდო "მაყურებლის სიმპათია" აიღო. მათ წარადგინეს თურქეთში მარმარისის საერთაშორისო კონკურსზე. სამწუხაროდ, ორივეს წასვლას ვერ აფინანსებენ, ბავშვი კი გამორიცხულია მარტო წავიდეს. ჯერ ათი წლისაა და მხოლოდ ჩემთან ერთად არის შეჩვეული სცენაზე გამოსვლას. ნუთუ გორის ადგილობრივ მმართველობას იმდენი არ გააჩნია, ეს ერთი ბავშვი კონკურსზე გაუშვას?! ეს ხომ რაიონის სახელიც არის! ბავშვის ერთადერთი სიხარული ის არის, რომ მუსიკალურ სკოლაში დადის და იქ სწავლის ფულსაც არ იხდის.
მარიკა, ზურიკოს დედა:
- როგორც გითხარით, სოფელ მეჯვრისხევში ვცხოვრობთ. ჩვენიდან 50 მეტრში დგას რუსის ჯარი. მავთულხლართებთან ვართ პირდაპირ, სულ შიშის ქვეშ ვცხოვრობთ. ადამიანის ენა ვერ აღწერს რამდენი უბედურება გავიარეთ. ყოველ სროლაზე სახლიდან გავრბოდით. ბავშვმა საშინელი დღეები გადაიტანა, მაგრამ მაინც მიზანდასახული დარჩა. რაღაცაში ხომ უნდა შეგვიწყონ ხელი, ჩვენც თუ ამ ქვეყნის შვილები ვართ?! მამა ომს შეეწირა და ამის გამოც ხომ ეკუთვნის რაღაც? ერთადერთი ქალთა საბჭომ აჩუქა ბავშვს პიანინო, ზურიკოზე ზრუნავენ და მათი უდიდესი მადობელი ვარ. სხვა მხრივ არანაირ ყურადღებას არ ვგრძნობთ. სოციალურად დაუცველი ვარ. სოფელში წარამარა სეტყვა და დაქცევაა. საქონელი მყავდა და გამაყიდინეს, საზღვარი გადაკვეთაო. იძულებული გავხდი, გამეყიდა, ხომ ვერ ვასწავლიდი საზღვარი სად იყო და იმას იქით, რომ არ უნდა გადასულიყო?! მოკლედ, ძლიან გვიჭირს, რომ არა ზურიკოს პედაგოგი მაყვალა ხორბალაძე, ალბათ ვერ შევძლებდი ზურიკოსთვის მუსიკალური განათლების მიცემას. ახლა გვეუბნებიან, რომ ბავშვის კონკურსზე წასვლას დააფინანსებენ, მაგრამ პედაგოგის გარეშე, სულ ათი წლისაა, მარტო სად უნდა გვაუშვა, როგორ წავა, უცხო გარემო ბავშვისთვის ისედაც სტრესია, მით უფრო თუ გვერდით ახლობელი არავინ ეყოლება.
მანანა გაბრიჭიძე(სპეციალურად საიტისთვის)