მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებელთა შეფასების წესი დაამტკიცა - ვინ და რა ფორმით შეაფასებს მასწავლებლებს?
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასების წესი დაამტკიცა. წესის თანახმად, ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლების მიერ განხორციელებული აქტივობები შეფასდება და შესაბამისი კრედიტქულები მიენიჭება, რაც სექტემბრიდან დაგეგმილ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში აისახება.
რომელი აქტივობები და რა კრიტერიუმებით შეუფასდებათ მასწავლებლებს, ამის შესახებ kvirispalitra.ge მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის მენეჯერს, კახა ჟღენტს ესაუბრა.
- ვინ და რა ფორმით შეაფასებს მასწავლებლებს?
- მასწავლებლებს შეაფასებენ პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით, არანაკლებ 3 წევრისგან შექმნილი კომისიები, რომლებიც ცენტრის მიერ მომზადებული შემფასებლებით დაკომპლექტდება. ესენი იქნებიან ჩვენი ტრენერ-კონსულტანტები და საგნის ექსპერტები. მასწავლებელთა შეფასება მასწავლებლის ელექტრონული პორტფოლიოს საფუძველზე მოხდება.
- რა კრიტერიუმებით მოხდება შეფასება?
- ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლების კომპეტენციების შეფასება 4 მიმართულებით, სპეციალურად შექმნილი დადასტურების ინსტრუმენტებით მოხდება. კრიტერიუმების შემუშავებისას, ჩვენთვის პრინციპული იყო აქტივობების ხარისხის დადგენა. ამდენად, მნიშვნელოვანია არა განხორციელებული აქტივობების რაოდენობა, არამედ აქტივობის შესაბამისობა დადგენილ კრიტერიუმებთან. მასწავლებლებს თითოეული მიმართულებით მხოლოდ ერთი აქტივობის წარმოდგენა მოუწევთ, რომელიც მათი აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მათ კომპეტენციას. აღნიშნული მიმართულებებია: სასწავლო პროცესის დაგეგმვა დამართვა,სასწავლო რესურსის შექმნა, პროფესიულგანვითარებაზე ზრუნვა და საკუთარი პროფესიული საქმიანობის კვლევა. ეს უკანასკნელი მიმართულება მხოლოდ სერტიფიცირებულ, დოქტორის ხარისხის მქონე მასწავლებლებს ეხებათ.
კრიტერიუმები შედგენილია სხვადასხვა რუბრიკის მიხედვით და რამდენიმე ათეულია. რაც შეეხება რუბრიკებს, ესენია პროფესიული განვითარების განხორციელებული გეგმის რეფლექსიის შეფასების რუბრიკა; საგნობრივ კათედრაზე განხორციელებული აქტივობის, დამუშავებული თემის წარდგენა კათედრაზე, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით პრეზენტაციის მოწყობის რუბრიკა; "სასწავლო ციფრული ობიექტების შექმნა, ისტ ტექნოლოგიების გამოყენება" -შეფასების რუბრიკა; პროფესიული პრაქტიკის კვლევის შეფასების რუბრიკები; სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლესთან მუშაობის შეფასების რუბრიკა; ინტეგრირებული გაკვეთილის შეფასების რუბრიკა; საგანმანათლებლო პროექტის შეფასების რუბრიკა.
- რამდენ კრედიტქულას მიანიჭებს მათ შეფასება და ახალი სქემის რა ნაწილში აისახება ის?
- სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მართვის მიმართულებით განხორციელებული დადადებითად შეფასებული აქტივობის საფუძველზე მიენიჭებათ 3 კრედიტ ქულა, სასწავლო რესურსის შექმნის მიმართულებით - 1კრედიტ ქულა, პროფესიულ განვითარებაზე ეფექტიანი ზრუნვა შეფასდება 2 კრედიტ ქულით, ხოლო საკუთარი პროფესიული საქმიანობის კვლევა, რომელიც მხოლოდ დოქტორის ხარისხის სერტიფიცირებული მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი - 4 კრედიტქულით. ცენტრი დაინტერესებულია თითეული მიმართულებით გამოავლინოს ხარისხიანი აქტივობები. რაც შეეხება მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ძველი სქემის კრედიტების ასახვას, ისინი დამატებითი აქტივობების ნაწილში აისახება.
- როდის დაიწყება შეფასების პროცესი და რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისათვის, რომ მისი საქმიანობის შეფასება განხორციელდეს?
- შეფასება 20 აგვისტოდან იწყება. ხაზი უნდა გავუსვათ რამდენიმე დეტალს, რომელზეც მასწავლებლებს ყურადღების გამახვილება მოუწევთ. პირველ რიგში, ყურადღებით უნდა გაეცნონ შეფასების წესს და რესურსცენტრში შეავსონ შეფასების განაცხადი. ამის შემდეგ უნდა შეავსონ პროფესიული განვითარების განხორციელებული აქტივობების გეგმა, რომელსაც დაადასტურებს სკოლის დირექტორი. მასწავლებლებს არჩეული აქტივობების დასადასტურებლად წარმოსადგენი აქვთ სხვადასხვა დოკუმენტი, მათ შორის: კვლევის ანგარიში, ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია, საგანამანათლებლო პროექტის გეგმა და რეფლექსია, ელექტრონული სასწავლო ციფრული ობიექტის რეფლექსიის კითხვარი, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის მიმართულებით აუცილებელია
პროფესიული განვითარების განხორციელებული გეგმა და რეფლექსია, თემის წარდგენა კათედრაზე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, აქტივობის რეფლექსია უნდა განხორციელდეს კითხვარის გამოყენებით.
როდესაც მასწავლებელი საკუთარ პორტფოლიოში თავს მოუყრის და მოაწესრიგებს შერჩეული აქტივობების დამდასტურებელ დოკუმენტაციას, მან უნდა მიმართოს თავის სკოლას, რომლიც უზრუნველყოფს სკოლის ეშცჰოოლ-ში გამოყოფილია სპეციალური ვირტუალური სივრცეში მასწავლებლის დოკუმენტაციის ატვირთვას.
20 აგვისტოდან- 11სექტემბრის ჩათვლით მასწავლებელებმა რესურსცენტრებში უნდა წარადგინონ შევსებული განაცხადები და პროფესიული განვითარების განხორციელებული გეგმები, ხოლო შესაფასებელი აქტივობების დოკუმენტაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში - ეშცჰოოლ) არსებულ სივრცეში აიტვირთება 20 აგვისტოდან - 21სექტემბრის ჩათვლით. პროცესი იქნება გამჭირვალე, რადგან შეფასება ეყრდნობა მკაფიოდ გაწერილ ინსტრუმენტებს - რუბრიკებსა და კითხვარებს, რომელიც საჯაროა და განთავსებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. გარდა ამისა, ცენტრი უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას კონსულტაციით. შეფასების შედგები ცნობილი გახდება 16-დან 20 ნოემბრის ჩათვლით.
(R)