"გული მიკვდება, რა ბედნიერები ვიყავით მაშინ..." - 25 წლის უნიჭიერესი ბალერონი ტრაგიკულად დაიღუპა
"გუგა ძალიან კარგი მოცეკვავე იყო. საოცრად ლამაზი ნახტომის პატრონი, რასაც ყოველთვის აღტაცებაში მოჰყავდა მაყურებელი. არ შემიძლია არ გამოვყო "გოპაკის" ვარიაცია, რომელსაც ბრწყინვალედ ასრულებდა. ვირტუოზული ტრიალი ჰქონდა, აჯადოვებდა მაყურებელს."
"ტრაგიკულად დაიღუპა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტი, უნიჭიერესი და სამაგალითო ადამიანი – გუგა მშვენიერაძე. რასაც არ ჰკიდებდა ხელს პროფესიის ჩათვლით, ყველაფერი ფანტასტიკურად გამოსდიოდა – IT, პროგრამირება, დიზაინი… ერთეულებია საქართველოში, ვინც ასე იცოდა კლასიკური მუსიკა და ოპერა, ბალეტზე აღარ ვლაპარაკობ", – ასე გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტის გუგა მშვენიერაძის ტრაგიკულ დაღუპვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. 25 წლის უნიჭიერესი ბალერონი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადორში, წყალსაცავში დაიხრჩო. ტრაგედიის მიზეზი გუგა მშვენიერაძის მცდელობა გახდა, რომ ფოტო გადაეღო, რა დროსაც წყალსაცავში ჩავარდა და წყალს თავი ვეღარ დააღწია.
გიორგი (გუგა) მშვენიერაძემ 2007 წელს დაამთავრა ვ. ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი და იმავე წელს მიიღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასში. 2002 წელს, პირველ საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე "ჭაბუკიანი-ბალანჩინი" მიიღო დიპლომი ნომინაციაში ,,საუკეთესო დებიუტი". 2010-2014 წლებში მონაწილეობდა ბურნონვილის საზაფხულო აკადემიაში. 2014 წელს, რიგის ბალეტის საერთაშორისო კონკურსზე "რიგის გაზაფხული" მიიღო ვერცხლის მედალი კლასიკურ ქორეოგრაფიაში და ოქროს მედალი თანამედროვე ქორეოგრაფიაში.
გუგა მშვენიერაძეს მისი მეგობარი, საბალეტო დასის სოლისტი ეკატერინე სურმავა იხსენებს:
- მიჭირს გუგაზე წარსულში ლაპარაკი, ვერ ვიჯერებ, არც მინდა დავიჯერო, რომ ჩვენთან აღარ არის. საოცრად ნიჭიერი და კეთილშობილი ბიჭი იყო. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანთან მეგობრობა მარგუნა ბედმა.. მოგონება მასთან ბევრი მაკავშირებს და მათი გახსენებისას უდიდესი სითბო მეღვრება გულში. ერთ კურიოზს გავიხსენებ: მარტში იტალიაში, კერძოდ კი ქალაქ ბარში ვიყავით კონკურსზე. მთელი დღე თავისუფალი გვქონდა, საღამოს კი ვახშმად ვიყავით დაპატიჟებულები. ჩვენც, რა თქმა უნდა, დრო არ დავკარგეთ და მთელი ქალაქი ფეხით შემოვიარეთ. იმდენი ვიარეთ, იმდენი, რომ გუგას ფეხსაცმელმა პირი დააღო. უკვე მაღაზიები იკეტებოდა, თან ვახშამზეც გვაგვიანდებოდა... მოკლედ მივადექით ფეხაცმლის მაღაზიას, აღარ გვიშვებდნენ, მაგრამ რისი ვაი-ვაგლახით შევაშვებინეთ თავი და წამებში ვიყიდეთ კიდეც. გუგა ხუმრობდა ფეხსაცმლის მორგება და ყიდვა ყოველთის უდიდესი პრობლემა იყო ჩემთვის და თურმე წამებშიც შეიძლება მისი მოგვარებაო. გული მიკვდება, რა ბედნიერები ვიყავით მაშინ...
- ასე მხიარული იყო თეატრშიც?
- თეატრში ვარჯიში დილას ადრე გვეწყება, როგორც წესი. დარბაზში შესულები ჯერ კიდევ ძილბურანში ვართ ხოლმე. გუგაც მთქნარებით შემოვიდოდა, დადგებოდა თავის ადგილას და ვითომც არაფერი უცებ გაიხუმრებდა, გულიანად გაგვაცინებდა და ასე გვაფხიზლებდა. ძალიან კარგი, თავისებური იუმორი ჰქონდა. საოცარი ფანტაზიის პატრონი იყო. ფოტოებს ფოტოშოპით ისეთ რაღაცეებს მიახატავდა, ყველას გვაკვირვებდა, საიდან მოსდიოდა მსგავსი იდეები. თავის საქმის დიდი პროფესიონალი გახლდათ, რაც მთავარია ძალიან უყვარდა თავისი საქმე. ნამდვილად დამაკლდება მისი მომღიმარი სახის დანახვა, მუდამ რომ მამხნევებდა. ძალიან მორიდებული ადამიანი იყო, ცოტა გულჩათხრობილიც. მაგრამ ისეთ დიდ გულს და სულს ატარებდა, რომ არ ვიცი როგორ იტევდა ერთი ადამიანი ამდენს.
-მიუხედავადად მისი ასაკისა, უკვე საკმაოდ წარმატებულიც იყო...
- გუგა ძალიან კარგი მოცეკვავე იყო. საოცრად ლამაზი ნახტომის პატრონი, რასაც ყოველთვის აღტაცებაში მოჰყავდა მაყურებელი. არ შემიძლია არ გამოვყო "გოპაკის" ვარიაცია რომელსაც ბრწყინვალედ ასრულებდა. ვირტუოზული ტრიალი ჰქონდა, აჯადოვებდა მაყურებელს. სცენაზე გასვლისას, როგორც ყველა მოცეკვავე, ისიც ღელავს ხოლმე, მაგრამ გუგა მობილიზების საოცარი უნარით იყო დაჯილდოვებული. ბალეტის განვითარებისთვის უმნიშველოვანესი იყო მისი შექმნილი საბალეტო საიტი Balletoman.com რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია, ეს საბალეტო სპექტაკლების ჩანაწერების ერთგვარი არქივია. ის დაუღლავად შრომობდა იმისთვის, რომ საბალეტო საზოგადოება ყოველთვის სათანადოდ ინფორმირებული ყოფილიყო. მის გარეშე ყველას ძალაინ გვიჭირს...
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)