კულტურული ღონისძიებების მნიშვნელობა ტურისტული რეგიონისათვის - კვირის პალიტრა

კულტურული ღონისძიებების მნიშვნელობა ტურისტული რეგიონისათვის

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კვალდაკვალ აჭარაში ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებებიც ვითარდება. ბოლო წლებია ზაფხულობით ბათუმი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ ცენტრად იქცა და ეს ტენდენცია ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერდება. რეგიონი მნიშვნელოვან კულტურულ, სპორტულ და სამეცნიერო ღონისძიებებს, სახალხო დღესასწაულებს, საერთაშორისო მუსიკალურ თუ კინო ფესტივალებს მასპინძლობს. შესაბამისად, აჭარას, გარდა ისტორიულ-კულტურული ძეგლების მრავალფეროვნებისა და სიმდიდრისა, კულტურული ტურიზმის ამ უმნიშვნელოვანესი კომპონენტითაც შეუძლია იამაყოს. უფრო მეტიც, ცნობილი საერთაოშორისო მუსიკალური თუ კულტურული ღონისძიებები ისევე ასოცირდება ჩვენს ქალაქთან, როგორც ზაფხული, ზღვა და დასვენება. ასეთი ფესტივალების და საერთაშორისო ღონისძიებების რიცხვს მიეკუთვნება "შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი", ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესიტვალი "ღამის სერენადები" (აგვისტო-სამხატვრო ხელმძღვანელი: ლიანა ისაკაძე), კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი (სექტემბერი-სამხატვრო ხელმძღვანელი: ელისო ბოლქვაძე), საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი "Biaff“ (სექტემბერი), ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "Tofuzi""; (ოქტომბერი), Grafikart Festival Batumi (ივლისი),საერთაშორისო ფესტივალი "ბათუმის ეზოს ისტორიები" (აგვისტო) და სხვა. გარდა ტრადიციად ქცეული, ყოველწლიური ხასიათის ღონისძიებებისა, ზაფხულობით ბათუმი დამატებით არაერთი საინტერესო ღონისძიების ჩატარების ადგილადაა ქცეული.

უდაოა, რომ მსგავსი ღონისძიებები ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებას, რეგიონის პოპულარიზაციას და დადებითი იმიჯის დამკვიდრებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. დადებითადვე ისახება საინტერესო ღონისძიებებით მოზიდული ტურისტების რიცხვი რეგიონის ტურიზმის სტატისტიკაზეც, რაც ბუნებრივია თავის მხრივ ტურიზმის კერძო სექტორის სტიმულირებასა და მოსახლეობის ფინანსურ კეთილდღეობაზეც ახდენს ზეგავლენას.

შესაბამისად, ტურისტული ქალაქისათვის მრავალფეროვანი, მაღალი დონის კონცერტები თუ ფესტივალები სასურველია მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდეს. კულტურული ტურიზმის ამ მიმართულების კიდევ უფრო ხელშეწყობისა და გაძლიერებისათვის, წელს აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება საპილოტე პროექტი "ჰით ბათუმი", რომელიც 6 ივლისიდან დაიწყო და 15 სექტემბრამდე გრძელდება. პროექტის ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი ღონისძიების ჩატარებაა დაგეგმილი, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდე ქვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე. პროექტი "ჰით ბათუმი" 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

მიუხედავად იმისა, რომ "ჰით ბათუმის" ღონისძიებები ჯერ არ დასრულებულა და მასთან დაკავშირებით არც რაიმე სპეციალური კვლევა ჩატარებულა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ პროექტმა გაამართლა. ამას ადასტურებს დეპარტამენტის თუ ჰით-ბათუმის სოციალურ გვერდებზე არსებული გამოხმაურება სხვადასხვა ღონისძიებების მიმართ და მოსახლეობასა და ტურისტებში გაჩენილი მოსაზრება, რომ წელს ბათუმი განსაკუთრებით მხიარული, მრავალფეროვანი და საინტერესოა. ბუნებრივია, როგორც საპილოტე პროექტს, ჰით ბათუმსაც ჰქონდა გარკვეული ხარვეზები, მაგრამ პროექტის მთავარი მიზანი მიღწეულია - გაჩნდა მოლოდინი რომ ბათუმში მართლაც საინტერესოა, რადგან "აქ ყოველ დღე რაღაც ხდება". ჰიტ-ბათუმის პროექტმა უკვე განსაკუთრებული როლი ითამაშა შიდა ტურიზმის სტუმულირებაში. რაც შეეხება ქვეყნის საზღვრებს გარეთ პროექტის რეკლამირებას, სამომავლოდ, წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული პროგრამების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება დეპარტამენტის სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით მათი გავრცელებაც. წელს კი მიმდინარე ღონისძიებები სხვადასხვა ენაზე ხელმისაწვდომია დეპარტამენტის ოფიციალურ პორტალზე სპეციალურ ივენთ კალენდარსა http://gobatumi.com/en/events-calendar და ჰით-ბათუმის კვირეულების პროგრამებში http://gobatumi.com/en/what-to-do/whats-on ისევე როგორც ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში, საიდანაც ტურისტები უშუალოდ ღებულობენ ინფორმაციას მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში გამართული ძალიან ბევრი კონცერტი თუ სანახაობა უფასოა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის "ჰით-ბათუმს".

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი განაგძობს მსგავსი პროექტების მხარდაჭერას. უფრო მეტიც, გამოდის ინიციატივით, რომ 2016 წლიდან აჭარის მთავრობის ბიუჯეტით დაფინანსებული კულტურული ღონისძიებების პოლიტიკა შეიცვალოს. გახდეს უფრო მოქნილი, რეგიონის მოსახლეობასა და მის სტუმრებზე უფრო მეტად მორგებული. კერძოდ, მოხდეს სახელმწიფო დოტაციაზე არსებული ფოლკლორული თუ სახელოვნებო ჯგუფების და სახელმწიფოსვე დაფინანსებულ კერძო ინიციატივების საშუალებით დაგეგმილი ღონისძიებებების ერთიანი კალენდრის შემუშავება. (ამ ეტაპზე ყოველწლიურად 110-დან 130-მდე ასეთი ღონისძიება იმართება რეგიონში). დეპარტამენტის ხელმძღვანელის აზრით, აუცილებელია აღნიშნულ კალენდარში ღონისძიებების დიდი ნაწილი გადანაწილდეს ისე, რომ რეგიონის და ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტის-ტურიზმის მოთხოვნები იქნას გათვალისწინებული. შესაბამისად, ღონისძიებათა დიდი ნაწილი უნდა იყოს კონცენტრირებული საზაფხულო სეზონის დასაწყისსა და დასასრულზე (15 აპრილიდან 15 ოქტომბრამდე), ასევე საახალწლო პერიოდზე (25 დეკემბრიდან 15 იანვრამდე). სასურველია, ერთიან კალენდარში შედიოდეს ყველა სახეობის ღონისძიება ფესტივალის, სახალხო დღესასწაულის, სპორტული ღონისძიების თუ სხვადასხვა კონცერტის სახით.

დეპარტამენტი საკუთარ თავზე აიღებს აღნიშნული კალენდრის მიზანმიმართულ და მასიურ რეკლამირებას როგორც ქვეყნის ფარგლებს შიგნით, ისე უცხოურ სამიზნე ბაზრებზე. რეკლამირება მოხდება ტურიზმის დეპარტამენტის სარეკლამო და Pღ საშუალებებით, რაც გულისხმობს: პირდაპირ ინტერნეტ და ტრადიციულ რეკლამას (2 მლნ. ლარი) თვის განმავლობაში საშუალოდ 500 000 წვდომით; დაახლოებით 200 პროფესინალის მოწვევას (ჟურნალისტები და ტურ-ოპერატორები); 25 ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე რეგიონის პოზიციონირებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტურიზმის დეპარტამენტი კერძო სექტორს აქტიურად შესთავაზებს აღნიშნულ კალენდარში თავიანთი ღონისძიებების ინტეგრირებას, რაც ყოველწლიურად ივენთ-კალენდარს მნიშვნელოვანი რაოდენობის (დაახლოებით 300 ღონისძიება) ღონისძიებას შემატებს, განსაკუთრებით წლის იმ მონაკვეთში, რომელიც სახელმწიფოს მიერ აქტიურად დაგეგმილ პერიოდს არ ემთხვა (ივნისი-სექტემბერი). შედეგად მივიღებთ სახელმწიფო და კერძო სექტორის მიერ დაგეგმილ, წინასწარ ცნობილ ღონისძიებათა ყოველდღიურ ნუსხას. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ხელს შეუწყობს:

• რეგიონის ტურიზმის პოტენციალის გამდიდრებას და მის მიმზიდვეობის გაზრდას

• ტურისტების კმაყოფილების დონის გაზრდას, რაც უზრუნველყოფს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ტურისტების რაოდენობის და ზოგადად ტურიზმის ზრდის მდგრად განვითარებას

• ტურიზმის ინდუსტრიის სექტორების (განთავსების, კვების და სხვა იობიექტების) დატვირთულობის გაზრდას

• ქართული კულტურის შენარჩუნებას და პოპულარიზაციას

• ინვესტორების კიდევ უფრო დაინტერესებას

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი