"როდესაც პოეტს არ უსმენენ, იქ დიქტატორის მოსმენა უწევთ" - რატომ მიმართა დათო მაღრაძემ ნიკოლას ბერლინერს - კვირის პალიტრა

"როდესაც პოეტს არ უსმენენ, იქ დიქტატორის მოსმენა უწევთ" - რატომ მიმართა დათო მაღრაძემ ნიკოლას ბერლინერს

"საბჭოთა პერიოდში თვითონ არიან ჩარჩენილები, ყველგან კომუნისტები ამიტომ ელანდებათ"

"საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მისი სამშობლოს სტრატეგიული პარტნიორია და არა ერთი რომელიმე პარტიის"

"ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია წავიდა ხელისუფლებიდან და როგორ შეიძლება ეს არხი ხელისუფლების არხად განვიხილოთ?!"

ამ რამდენიმე დღის წინ, პოეტმა დათო მაღრაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ნიკოლას ბერლინერს ღია წერილით მიმართა, რომელიც პასუხია ამ უკანსკნელის მიერ "რუსთავი2"-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე. "ბატონო ელჩო, თქვენ ალბათ გსმენიათ, რომ ნაციონალური მოძრაობის ძალადობრივი რეჟიმის დროს საქართველოში გაითელა სიტყვის თავისუფლება, დაილეწა დამოუკიდებელი ტელეკომპანია "იმედი", ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს..." - წერს მაღრაძე და იქვე დასძენს: "გულწრფელად მინდა რომ თქვენი, ვფიქრობ, უსაფუძვლო შეშფოთება დავაცხრო და გითხრათ: - რომ იყავით მშვიდად, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე აღარ ემუქრება, რადგან ურეიტინგო, პოლიტიკურ-ზნეობრივად გაკოტრებული, ხალხის უნდობლობით დაღდასმული, დაშლილი, დანაწევრებული "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვერასოდეს მობრუნდება. ამას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს... რუსთავი 2"-ის მეპატრონეებს შორის დავას გაარკვევს მონობიდან გათავისუფლებული დამოუკიდებელი სასამართლო. სიტყვის თავისუფლება არანაირად არ უნდა ზღუდავდეს საკუთრების უფლებას."

მაღრაძის წერილს მოჰყვა გოგა ხაინდრავას და ზაზა შათირიშვილის ამავე პოზიციის განცხაადებები, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების და რიგი მედიაექსპერტების მხრიდან, როგორც კომუნისტური გადმონაშთი და ტელევიზიის წინააღმდეგ გალაშქრება ისე შეფასდა.

ჩვენ დავუკავშირდით დათო მაღრაძეს და კომენტარი ვთხოვეთ:

- ღია წერილი დაწერისაკენ მიბიძგა ელჩის მოვალეობის სემსრულებლის განცხადებამ, სადაც მან თქვა: "დღეს საქართველოში მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ან მედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილება იქმნება". სწორედ ეს იყო ბიძგი ჩემი ღია წერილისა, რომლითაც მას მივმართე. რეფრენი ამ წერილისა არის ერთი, - იქნებ, სცადოთ და პოეტს მოუსმინოთ, რადგან როდესაც პოეტს არ უსმენენ, იქ დიქტატორის მოსმენა უწევთ. საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მისი სამშობლოს სტრატეგიული პარტნიორია და არა ერთი რომელიმე პარტიის.

- წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელში განსაკუთრებით სწორედ იმ მონაკვეთს აკრიტიკებენ, სადაც წერთ რომ აუცილებელია პოეტებს მოუსმინონ, მეტიც, წერენ პოეტების და არტისტების მოსმენა კომუნისტური გადმონაშთია...

- ბაირონი იყო საბჭოური გადმონაშთი თუ სხვა დიდი პოეტები? ვინც ამას ამბობს როგორც ჩანს არც პოეზიაზე აქვთ წარმოდგენა და არც - მოსმენაზე. ეს ხალხი თუ ფიქრობს, რომ პოეტები მარტო პოეტებისთვის წერენ, ძალიან ცდებიან. პოეტის შეფასება თუ პოლტიკოსის შეფასებაზე ნაკლებ საინტერესო ჰგონიათ, ამითაც ცდებიან. მათ ჰგონიათ რომ პოეტები არაფერს აფასებენ?! სიმართლე გითხრათ იმ ადამიანების, აზრი ვინც თავს პოლიტიკოსებად მიიჩნევენ ნაკლებად მაინტერესებს. პარტიაში ყოფნა არ ნიშნავს პოლიტიკოსობას, არც ერთი ლექსის დაწერა ნიშნავს პოეტობას, ვინც ასე ფიქრობს, რომ პოეტს აზრი არ უნდა ჰკითხოთ, მათთვის პოეზია მხოლოდ ყვარელზე დაწერილი ლექსებია. ზოგადად, ვინც ფიქრობს, რომ არტისტული შეფასება იგნორირებული უნდა იყოს, მათ არც პოეზიაზე აქვთ წარმოდგენა, არც წუთისოფელზე და საერთოდ არაფერზე. როგორც ჩანს, საბჭოთა პერიოდში თვითონ არიან ჩარჩენილები, ყველგან კომუნისტები იმიტომ ელანდებათ. სხვათა შორის, პოეტი იყო პაოლოც, რომელიც თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ტიციანი დახვრიტეს, იგივე განაჩენი გამოუტანეს ნიკოლოზ გუმილიოვს, მანდელშტამი გადაასახლეს, ხოლო ბროდსკი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტეს. ეს მხოლოდ პოეტების მცირე ჩამონათვალია. ვინც ეს ყველაფერი გააკეთა, მათ სურდათ პოეზია დაედუმებინათ, მაგრამ შეცდნენ, რადგან პოეზია არასოდეს დუმდება. მე ამ ხალხს თავს კი არ ვადრი, უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის ვამბობ

- თქვენ წერთ ხელისუფლებას დღეს არ აქვს საკუთარი ტელევიზია, თუმცა GDS , რომელიც ბერა ივანიშვილის საკუთრებაა, განა ხელისუფლების პოზიციას არ ატარებს?

- ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია წავიდა ხელისუფლებიდან და როგორ შეიძლება ეს არხი ხელისუფლების არხად განვიხილოთ?! რაც შეეხება "საზოგადოებრივ მაუწყებელს", რომელიც იყო "ნაციონალური მოძრაობის" ჯიბის ტელევიზიად ქცეული, დღეს საზოგადეობისაა. ცალსახაა, რომ იმ ავადსახსენებელი პერიოდისგან განსხვავებით, დღევანდელი ხელისუფლება აღარ აკონტროლებს მედიას.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)