"ნატოსგან უსაფრთხოების გარანტია გვჭირდება და არა გარანტიის დეკორაცია" - კვირის პალიტრა

"ნატოსგან უსაფრთხოების გარანტია გვჭირდება და არა გარანტიის დეკორაცია"

"მცოდნეები საბოტაჟს ეწევიან, უცოდინარები საქმეს აფუჭებენ"

"მეეჭვება, წულუკიანი გაუშვან. რაც შეეხება ბერუჩაშვილს, ის კარგი დიპლომატია, თუმცა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, ეს პოსტი უფრო ინიციატივიან პირს ჰქონდეს"

საქართველოში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი უკვე გახსნილია, მოვისმინეთ როგორც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ნატოს გენერალური მდივნისა და რუსეთის ხელისუფლების შეფასებებიც. ყველა დასავლელი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის სასწავლო ცენტრის ნატოს არაწევრ ქვეყანაში გახსნა მნიშვნელოვანია, თუმცა იქვე მიანიშნებენ, რომ ამ ეტაპზე ნატო საქართველოს გაწევრების სამოქმედო გეგმას არ მისცემს და ამის მთავარი მიზეზი რუსეთია. ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- მიუხედავად საქართველოსადმი არაერთი კეთილგანწყობილი განცხადებისა, ნატოს გენერალური მდივანი ისე წავიდა საქართველოდან, ქვეყნის ალიანსში გაწევრების რეალურ შესაძლებლობაზე არაფერი უთქვამს...

-ამას არც არავინ ელოდა. სიმართლე გითხრათ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სტოლტენბერგის ვიზიტისას სტუმარიც და მასპინძელიც დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ ნატოსა და საქართველოს ურთიერთობა სულ უფრო მჭიდრო ხდება, თუმცა MAP-ის მოცემაზე არც მომავალ სამიტზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ცოტა არ იყოს, მომაბეზრებელია ყოველი მორიგი ვიზიტისა თუ სამიტის დროს ამ თემაზე ვარაუდების გამოთქმა.

სტოლტენბერგს რას ვერჩი, ნატოს წამყვანი ქვეყნების, განსაკუთრებით, საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციაა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრება რუსეთთან კონფრონტაციას ნიშნავს. შესაბამისად, ჩვენს გაწევრებას ყველანაირად აფერხებენ.

სტოლტენბერგმა რა დაპირებაც უნდა მოგვცეს, საბოლოოდ გადაწყვეტილება მაინც იმ დიდმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ. იმავდროულად, ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკოსები -ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლები - განცხადებებს უფრო საგარეო მოხმარებისთვის აკეთებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ, ერთი მხრივ, ხაზი ესმება დასავლური კურსის ერთგულებას, მეორე მხრივ კი, მცდელობაა იმისა, როგორმე შეჩერდეს რუსეთის სავარაუდო აგრესია. ქართული პოლიტიკური ელიტა ცდილობს, მოცემულ ვითარებაში შეინარჩუნოს პოზიციები და დასავლეთის მიმართულებასაც არ ასცდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ვართ გეოპოლიტიკური ვითარების ტყვეობაში, განსაკუთრებით, 2008 წლის ომის შემდგომ. მოქმედების არეალი, პრაქტიკულად, უაღრესად შეზღუდული გვაქვს. ერთი მხრივ, დასავლურ კურსს ვერ გადავუხვევთ იმიტომ, რომ იქ არის ჩვენი განვითარების პერსპექტივა და გარდა ამისა, დასავლეთის მიმართაც გვაქვს ვალდებულებები. მეორე მხრივ, რუსეთი ვერაფრით შეეგუება საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზის განვითარებას. ამ ცენტრის შექმნაზე შეიძლება კიდევ თვალი დახუჭოს, მაგრამ მის სამხედრო ბაზად ჩამოყალიბებას ყველანაირად შეეწინააღმდეგება. რაც შეეხება MAP-ს, ჩემი აზრით,

საქართველოს მოსახლეობისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რა ერქმევა, MAP-ი თუ სხვა რამ, მთავარია, ბოლოს და ბოლოს, დაცულად იგრძნოს თავი.

ხალხს უსაფრთხოდ ყოფნა სურს, ამიტომ პოლიტიკური განცხადებები კი არ აინტერესებს, არამედ რეალური ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ნატოში გაწევრება დაცვის მაღალი ხარისხის გარანტიაა, მაგრამ, ფაქტია, ნატოში ჩვენი ქვეყნის მიღება უაღრესად გაჭიანურდა. მოკლედ, სერიოზული დილემის წინაშე ვართ, გამოსავალი არის მაქსიმალური სიფრთხილე და მოზომილი ნაბიჯები.

- ცენტრის გახსნის დღესვე გამოქვეყნდა ოფიციალური მოსკოვის პოზიცია. რუსეთი ამ წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნას ნატოს პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად" აფასებს.

- ამ ცენტრის ტიპის სტრუქტურა ნატოს არაწევრ ქვეყანაში არსად არის. ამ თვალსაზრისით აშკარად წინ გადავდგით ნაბიჯი, რაც ნატოსთან ნამდვილად გვაახლოებს. სიმართლე გითხრათ, შესაძლოა, MAP-ის მიღების შემთხვევაშიც კი არ გადადგმულიყო ნატოსთან დაახლოებისკენ ასეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ დაახლოება წევრობასა და უსაფრთხოების გარანტიას არ ნიშნავს. არადა, ჩვენ ნატოსგან უსაფრთხოების გარანტია გვჭირდება და არა გარანტიის დეკორაცია. რაც შეეხება რუსეთის გამოხმაურებას,

სიმართლე გითხრათ, მე უფრო მკაცრ განცხადებას ველოდი. ისეთი შთაბეჭდილებაც კი დამრჩა, რომ ამ განცხადებით თქვეს, საქართველო კი არა, ნატოს ქვეყნები არიან ყველაფერში დამნაშავეო.

- ექსპერტთა ნაწილი რუსეთისგან პროვოკაციების გახშირებას არ გამორიცხავს...

- არც მე გამოვრიცხავ. პროვოკაცია შეიძლება იყოს მრავალნაირი, მაგალითად, ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა, ბანერების დადგმა, საჰაერო სივრცის პერმანენტული დარღვევა, ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის შევიწროება და ა.შ. სხვათა შორის, პროვოკაცია შესაძლოა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც დაგეგმონ. შეგახსენებთ, ამ რამდენიმე დღის წინ თურქეთში შაჰ-დენიზის გაზსადენი ააფეთქეს და ეს შეფასდა ოფიციალური ანკარის წინააღმდეგ ქურთების ქმედებად, მაგრამ რუსეთს დიდი გავლენა აქვს ქურთებზე და შესაძლოა, ამგვარ ქმედებებს სხვა მიზანიც ჰქონდეს.

სიმართლე გითხრათ, სამხედრო ინტერვენციასა და ცენტრალური მაგისტრალის გადაკვეთას მე არ ველი.

ამ ეტაპზე არც ეკონომიკური სანქციების შემოღებას ვვარაუდობ, რადგან ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის, განსაკუთრებით სავაჭრო სფეროში, არ არის ისეთი მასშტაბური, როგორიც ზოგიერთს წარმოუდგენია. ცოტა სასაცილოა, მაგრამ აფხაზური ღვინის ოდენობამ რუსულ ბაზარზე დანარჩენი საქართველოდან შეტანილ ღვინოს კარგა ხანია გაუსწრო. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ აფხაზური ღვინის ნაწილი საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან შეტანილი ყურძნისგანაა დაყენებული. რომც დაგვიწესონ ეკონომიკური სანქციები, ეს არ იქნება იმ მასშტაბის ტრაგედია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რაიმე მიმართულებით პოზიცია შეცვალოს.

- აფხაზეთის სარკინიგზო ხაზზე მუშაობას რუსი სამხედროები კვლავაც განაგრძობენ. რის მიღწევას ცდილობს რუსეთი და თუ უშვებთ, რომ ამ თემაზე საქართველო კულუარულად შეიძლება მართლაც ლაპარაკობდეს რუსეთთან?

- მეეჭვება. ეს ამბავიც სწორედ ზეწოლისა და პროვოკაციის ერთ-ერთი ფორმა მგონია. ამ რკინიგზის აღდგენას იმდენი ფული სჭირდება, რუსეთმა შეიძლება ორი აფხაზეთი იყიდოს.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთისთვის გამოყოფილი 3, 5 მილიარდი რუბლიდან რუსეთიდან, ჯერჯერობით, მხოლოდ 176 მილიონია გადმორიცხული, რის გამოც აფხაზეთში დიდი უკმაყოფილებაა. ამის გათვალისწინებით ადვილი სავარაუდოა, რომ რუსეთს ახლა ამ რკინიგზის მშენებლობის სახსრები არა აქვს. ახლა იქ მხოლოდ გაწმენდითი სამუშაო მიმდინარეობს. ეს ყველაფერი უფრო დემონსტრაციას ჰგავს, ვიდრე საქმის კეთებას.

-კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი არ მივიდა, თუმცა მივიდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. ბევრმა ეს მარგველაშვილისა და ღარიბაშვილის დაპირისპირების დასასრულად მიიჩნია, თუმცა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნისას ბევრმა შეამჩნია, რომ პრემიერს სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტისადმი მიმართვა დაავიწყდა.

- მერწმუნეთ, ქართველ საზოგადოებას, რომლის უმეტესი ნაწილი მოწადინებული იყო, რომ მმართველ ძალებში შემდგარიყო კონსენსუსი, ახლა კი ხედავს, რომ ეს ყველაფერი პირად დავად იქცა, ეს თემა აღარ აინტერესებს.  ხალხი დაიღალა ამ უაზრო ჭიდილის შემყურე და ვერაფრით გაიგო, რატომ არ შეიძლება ქვეყანას, რომელსაც აქვს დასავლურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პრეტენზია, ისეთი კონსტიტუცია ჰქონდეს, სადაც გარკვევით ეწერება, ქვეყანაში ვინ არის პირველი და ვინ -მეორე, ვის რა ფუნქცია-მოვალეობები აქვს და ვინ სად უნდა მიდიოდეს ვიზიტად. მოსაბეზრებელია გაუთავებლად ლაპარაკი, ვინ წავა გაეროში, ვინ -ევროკავშირში, ვინ რას მოაწერს ხელს და სად გამოვა სიტყვით. ეს ყველაფერი საზოგადოებაში ირონიის მეტს აღარაფერს იწვევს.

- ბოლო ორი კვირაა მედიასაშუალებები გაუთავებლად წერენ მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე...

- ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მთავრობის გადახალისება დიდად არ არის საჭირო. სამთავრობო ცვლილებების საკითხი უნდა წყდებოდეს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგად. უპრიანი იქნება, ეს შეფასება გაკეთდეს წლის მიწურულს ან ახალი წლის დამდეგს, მით უფრო, რომ მოახლოებული არჩევნების ფონზე მაინც საჭირო გახდება რიგი ცვლილებები. როგორც წესი, წინასაარჩევნოდ ვიღაც დამნაშავეს გამოძებნიან ხოლმე და მას მიაწერენ დაშვებულ შეცდომებს. ამას აკეთებდა საქართველოს ყველა ხელისუფლება. თუმცა მეც მაქვს ინფორმაცია, რომ ცვლილებებს შემოდგომისთვის ამზადებენ. როგორც ჩანს, რაღაც ისეთი პრობლემებია, რომელთა გადაჭრაც ახლა გადაწყვიტეს. რასაკვირველია, ბევრი მინისტრის მუშაობა არც მე და არც საზოგადოებას არ მოსწონს, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას ერთიც:  თუ აპირებენ ლარის კურსის მერყეობას გადააყოლონ, მაგალითად, ფინანსთა მინისტრი ხადური, უნდა გაიხსენონ ისიც, რა დღეშია ეროვნული ვალუტები სხვა ქვეყნებში,  მაგალითად, აზერბაიჯანში, ყაზახეთში და ა.შ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რა ხდება ჩინეთში, სადაც ასეთივე კრახი განიცადა შანხაის ბირჟამ. იმის თქმა მინდა, რომ ლარზე გარე ფაქტორები მნიშვნელოვნად მოქმედებს, ამას ემატება ჩვენი სუსტი ეკონომიკა და ისიც, რომ ვიღაცები ამ პროცესს ხელს აშველებენ.

- როგორ ფიქრობთ, უახლოეს პერიოდში თუ ცვლილებები მოხდა, რითი იქნება განპირობებული?

- ვფიქრობ, შიდა დაპირისპირება ერთი მიზეზი იქნება, მაგრამ არა -მთავარი. უმთავრესი მიზეზი, ალბათ, იქნება ის, რომ მთავრობაში ეკონომიკური სიძნელეების გაღრმავების პერსპექტივა დაინახეს და ამის ასაცილებლად გადაწყვიტეს ცვლილებების გატარება. დიდი ალბათობით ეკონომიკური გუნდის მინისტრები შეიცვლებიან.

- მედია წერდა საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრების შეცვლის შესაძლებლობაზეც...

- მეეჭვება, წულუკიანი გაუშვან. რაც შეეხება ბერუჩაშვილს, ის კარგი დიპლომატია, თუმცა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, ეს პოსტი უფრო ინიციატივიან პირს ჰქონდეს. თუ კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრობიდან მართლაც გაუშვეს, მას ასევე საპასუხისმგებლო საქმეს ჩააბარებენ.  როგორც ვიცი, კვირიკაშვილს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისთვის ამზადებენ, შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ მისი იმიჯის შელახვას.

სიმართლე გითხრათ, დიდი მნიშვნელობა არა აქვს მთავრობაში პერსონალიების შეცვლას. როდესაც ქვეყანას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფცია არა აქვს, რა სამთავრობო ცვლილებებიც უნდა გაატარონ, ჯეროვანი შედეგი მაინც ვერ იქნება, მით უფრო, რომ

სამთავრობო გუნდში ძალიან ცოტაა ინიციატივიანი, მცოდნე და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიმღები პირი.

მთავარი აქცენტი სწორედ ინიციატივიან და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიმღებ პირებზე უნდა გაკეთდეს.

- იწყება ახალი პოლიტიკური სეზონი. თქვენი აზრით, როგორ მოხდება ძალთა გადანაწილება, მით უფრო, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე?

- რაც გარედან ჩანს, საარჩევნოდ მზადება პარტია "ქართულმა ოცნებამ" აქტიურად დაიწყო, რადიკალურად შეიცვალა კადრები მთელ ვერტიკალში. ბევრი კარგი ჩანაფიქრი აქვთ, მაგრამ შესრულდება თუ არა ეს ყველაფერი, არ ვიცი.

თავის დროზეც ბევრი კარგი იდეა ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოვიდა, რადგან "ნაციონალური მოძრაობიდან" ძალიან ბევრი ხალხის პორტირება მოხდა, განსაკუთრებით, რეგიონებში.

თუ ახლა გააკეთებენ გასაკეთებელს და არ შეუშლიან ერთმანეთს ხელს პარტიის უმაღლესი იერარქები, კარგი იქნება, ოღონდ ეს ექსპერტების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი რაღა იყო, ვერ მივხვდი.  გასაგებია, უნდათ მიიზიდონ გონიერი და პერსპექტიული ადამიანები პარტიაში, მაგრამ ამისთვის კონკურსის ფორმის მიცემა, ცოტა არ იყოს, სასაცილოა. რაც შეეხება კოალიციას, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე ამ კონფიგურაციას შეინარჩუნებს, მაგრამ არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას ამ ფორმით, ვერ გეტყვით. ჩემი აზრით, კოალიციის შემადგენლობა შეიცვლება, თუმცა რაიმე კონკრეტულის თქმა ახლა ნაადრევია, რადგან ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, მათი დიდი უმრავლესობის ნდობის მანდატი ძალიან დაბალია.

"ნაციონალურ მოძრაობაზე", რომელსაც თავისი მყარი ელექტორატი ჰყავს, თუმცა მისი მხარდამჭერების რაოდენობაც შემცირდა. ნაციონალურ მოძრაობას" გამოყოფილ ჯგუფსაც გაჰყვა რაღაც ნაწილი. ვფიქრობ, გაძლიერდება ე.წ. ჯაფარიძის გუნდი, მას ექნება ფულიც და ნელ-ნელა ძალას მოიკრებს. მათი რიტორიკა კი იქნება ასეთი: - მიხეილ სააკაშვილს არა, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთ ლიდერსა და ამ ორგანიზაციის ისტორიის ზოგიერთ ფურცელს ემიჯნებიან.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს პრორუსული განწყობის პარტიები მომრავლდნენ, მათ საზოგადოების მხარდაჭერა არა აქვთ, რადგან ძალიან ძნელია დაარწმუნო ადამიანი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ რუსული არმია განადგურებით ემუქრებდა, იმაში, რომ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლის შემთხვევაში ქვეყანაში საშინელება არ მოხდება. თუმცა, ალბათ, პრორუსული პარტიების ელექტორატი ოდნავ მაინც მოიმატებს. კიდევ ერთი ვარაუდი მაქვს: დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბერში გამოჩნდება ბევრი ახალი პარტია, რომელთა ნაწილს ექნება ფულიც,

თუმცა, ბუნებრივია, პრეტენზია ამ არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებაზე არ ექნებათ. დღეს ქართველი ელექტორატის 50%-ზე მეტი იმედგაცრუებულია და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს. საზოგადოება შეფასების რეჟიმშია. ამ სივრცისთვის ბევრი ახალი სუბიექტი დაიწყებს ბრძოლას, რაც ლოგიკურია.

ნათია დოლიძე