რაზე ისაუბრეს რუსუდან შარაძემ და ირაკლი შოთაძემ - რა ახალი დეტალები იკვეთება გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში?!
თბილისის პროკურატურამ ახლახან გურამ შარაძის საქმე მთავარ პროკურატურას გადასცა. ამას წინ უძღოდა მთავარი პროკურორის მოადგილის - ირაკლი შოთაძისა და რუსუდან შარაძის შეხვედრები. რა გახდა გიორგი ბარათელის გაჩუმების მიზეზი?! რატომ აღარ შეხვდა ის გურამ შარაძის ქალიშვილს, ვისთვისაც სიმართლის მოყოლას აპირებდა და რა ახალი დეტალები იკვეთება შარაძის მკვლელობის საქმეში?! ამის შესახებ რუსუდან შარაძე "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა.
- 2014 წლის მაისში ირაკლი ღარიბაშვილმა საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. დაიწყო მკვლელობის ხელახალი გამოძიება. საქმე თბილისის პროკურატურას გადაეცა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ვესწრებოდითP მე, თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი, მისი პირველი მოადგილე გიორგი ქევხიშვილი, საგამოძიებო სამსახურის უფროსი დავით კუტალაძე და პროკურორ-გამომძიებლები, მათ შორის - ვახტანგ ჭიბალაშვილი. ამავე დროს, ვხვდებოდი მთავარი პროკურორის მოადგილეს, ირაკლი შოთაძეს, რომელზეც კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. საქმის მთავარ პროკურატურაში გადმოტანის მთავარ მიზეზსაც მოგახსენებთ: თბილისის პროკურორის პირველ მოადგილეს, გიორგი ქევხიშვილს უმნიშვნელოვანესი საქმეები ებარა, მათ შორის, მამაჩემის მკვლელობის საქმეც. ახლახან შევიტყვე, რომ
ქევხიშვილი სერგო თეთრაძის საქმის პროკურორიც იყო. მოვიპოვე დოკუმენტები, სადაც თეთრაძის მკვლელობის საქმის მოწმეები ჰყვებიან, თუ როგორ აყალბებდნენ მასალებს ქევხიშვილის დავალებით. შეიძლება ქევხიშვილი და მისი მსგავსნი დღეს ყველაფერს აკეთებენ, რომ წარსულის ლაქა ჩამოირეცხონ, მაგრამ მათი ნდობა ძნელია.
ამიტომ მასთან თანამშრომლობის გაგრძელება შეუძლებლად მივიჩნიე, თუმცა, თბილისის პროკურორ მიხეილ შაყულაშვილზე გული ნამდვილად მწყდება...
ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი მამუკა ვასაძე გამაცნო. საქმეს ახალი ჯგუფი გადაიბარებს. მათ აქვთ გეგმა და დეტალებს სხვა დროს გაგანდობთ. არ დაგიმალავთ, ბევრი მარწმუნებს, გატყუებენ, დრო გაჰყავთ და მთავარ პროკურატურაშიც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შარაძის საქმის გამოძიებას ხელს შეუშლიანო... მაგრამ წინასწარ ტალახის სროლას ვერავის დავუწყებ. 3-4 წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მამაჩემის მკვლელი სააკაშვილი ქვეყნიდან გაიქცეოდა და საქმე ხელახლა ძიებაში დაბრუნდებოდა, თუმცა, ასე მოხდა.
- როგორ ფიქრობთ, გურამ შარაძის საქმის გამოძიებას ხელი ვინ შეუშალა?
- არსებობს "ალდაგის" ფირი და ათეულობით მოწმე... მკვლელის, რომელიც მამაჩემს უკან მისდევდა, ზუსტი სიმაღლე რომ განისაზღვროს, საჭიროა, ვიცოდეთ, როგორი იყო "ალდაგის" კამერა, რომელმაც მკვლელობა აღბეჭდა. "ალდაგმა" კი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, დოკუმენტაცია გაანადგურა.
საჭიროა, ვიცოდეთ, როგორია ამ კამერის ლინზა, რის მიხედვით შევძლებთ ფირზე აღბეჭდილი პირების სიმაღლის დადგენას და გავიგებთ, ფირზე ბარათელია თუ არა.
- როგორც შევიტყვეთ, გიორგი ბარათელს თქვენთან შეხვედრა აღარ სურს...
- რამდენიმე თვის წინ სასჯელაღსრულების მაშინდელი მინისტრის, გიორგი მღებრიშვილისა და მისი მოადგილის, კახა კახიშვილისგან ბარათელის მონახულების ნებართვა მართლაც მივიღე, მაგრამ თვითონ ბარათელმა თქვა უარი. მესმის მისი - მან ამ ხნის მანძილზე არაერთი ფსიქოლოგიური დარტყმა გადაიტანა. ალბათ, გახსოვთ, ხელისუფლების ცვლილებისთანავე ბარათელმა ციხიდან შემომითვალა: "შენ მართალი იყავი!" მონიტორინგის ჯგუფის წევრებს: დიმიტრი ლორთქიფანიძესა და სოსო მანჯავიძეს, აგრეთვე ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილს განუცხადა, რომ მას ეს მკვლელობა არ ჩაუდენია და თავის დროზე აღიარებითი ჩვენება საკუთარი სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის იყო აუცილებელი. ბარათელი ჩემთან შეხვედრასაც ითხოვდა.
სოზარ სუბარის სინდისზე იყოს, რომ მასთან არ შემიშვა. დამპირდა და მომატყუა. არ მიყვარს წყენის დამახსოვრება, მაგრამ ასეთ საქმეში ღალატს საკუთარ სისხლსა და ხორცსაც ვერ ვაპატიებ.
ასეა თუ ისე, 2012 წლის 17 დეკემბერს პროკურორ შალვა ცერცვაძისა და ადვოკატ მამუკა ნოზაძის თანდასწრებით ბარათელის დაკითხვა მაინც მოხერხდა, ამასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდა. არჩილ კბილაშვილი რომ პატიოსანი კაცი იყოს, რად უნდოდა ორი თვე ბარათელთან პროკურორის შეშვებას?..
დაკითხვისას ბარათელმა განაცხადა, რომ 2007 წლის 20 მაისს, დაახლოებით 12.00 საათისთვის (მაშინ, როდესაც მამაჩემი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო) ის პირველი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, თბილისის ზღვაზე წაიყვანეს, სცემეს და გურამ შარაძის მკვლელობის აღიარება მოსთხოვეს (?!). მან თქვა, რომ მკვლელობის დროს მელიქიშვილის გამზირზე არ ყოფილა. დაადასტურა სხვა მნიშვნელოვანი ფაქტებიც.
ამის საფუძველზე, წელიწად-ნახევრის შემდეგ ძლივს მივაღწიე, რომ საქმის ხელახალი გამოძიება დაწყებულიყო. კბილაშვილი კი ისე წავიდა თანამდებობიდან, პასუხიც არ მაღირსა, შეიძლებოდა თუ არა, ბარათელის ნათქვამი და ახალ მოწმეთა დაკითხვის ოქმები ახლად აღმოჩენილ გარემოებებად ჩათვლილიყო. აუცილებლად გამომზეურდება, რა ხდებოდა კბილაშვილის დროს, რა საქმეები "მოკვარახჭინდა" და პასუხს აგებს ყველა, ვინც უარყოფითი როლი ითამაშა ამ და სხვა მკვლელობების გამოძიების საქმეში! ასეა თუ ისე,
მამაჩემის მკვლელობისთვის მსჯავრდადებულმა მოახერხა და სკანდალური ჩვენება მისცა პროკურორს. ამასობაში, იმავე წლის ნოემბერში, მოხდა ე.წ. შტირის ინციდენტი და კუბლაშვილის სასამართლომ სრულიად უსამართლოდ ბარათელს ორწლიანი სასჯელი დაუმატა, რითაც მას კიდევ ერთი ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა.
კიდევ კარგი, ამის შემდეგ ბარათელს ყველანაირი ამნისტია შეეხო და მალე ისედაც გათავისუფლდება. ორი წელი აქვს დარჩენილი, თუმცა, პრეზიდენტს მისი შეწყალებაც შეუძლია... ამიტომ, როგორც ჩანს, მან დუმილი არჩია. ალბათ, ფიქრობს, თუკი ამდენი წელი უსამართლოდ გაატარა ციხეში, ცოტასაც გაუძლებს... მას ძალიან ვგულშემატკივრობ და მსურს, რაც შეიძლება მალე თავისუფალი ვიხილო.
- აცხადებთ, რომ არსებობს მოწმე, რომელიც ჰყვება, როგორ დაიგეგმა მკვლელობა, რა მითითებები გასცა მეგის ქარდავამ, ვის დაავალა შესრულება და ვინ ჩაიდინა მკვლელობა. ამ ვერსიაზე პროკურატურა მუშაობს?
- სრული ინფორმაცია მივაწოდეთ პროკურატურას; მათ სხვა დეტალებიც დააზუსტეს, რაც ამ ვერსიას განამტკიცებს, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ ვერაფერს ვიტყვი.
ამ საქმეში ქარდავა მხოლოდ ჭანჭიკია. მამაჩემის მკვლელობის ბრძანება სააკაშვილმა გასცა, მისი განხორციელება კი ახალაიას ბანდას დაევალა. და ვინ გააკეთებდა ამას ქარდავასა და მის ზონდერებზე უკეთ?!
არ მიკვირს, რომ სააკაშვილის მკვლელების ბანდას გარკვეული ძალები ამჟამადაც მფარველობენ. რამდენიმე თვის წინ ღია წერილით მივმართე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და ვთხოვე იმ ადამიანების ძალოვანი სტრუქტურებიდან გათავისუფლება, ვინც მამაჩემის მკვლელობის საქმეში პირდაპირ თუ ირიბად არიან ეჭვმიტანილი. ჩემს მოთხოვნას გამოეხმაურა შს მინისტრის მოადგილე თალაკვაძე - სანამ დანაშაული არ დამტკიცდება, ვერავის გავათავისუფლებთო. გასაგებია, რომ ეს არის იურისტისა და თანამდებობის პირის პასუხი, მაგრამ ამასობაში მკვლელები ისევ ავ საქმეებს სჩAადიან. განა იური ვაზაგაშვილის ტრაგიკული აღსასრული ამის დასტური არ არის?!