"კარგი ტატუ საქართველოში 5-10 ათასი ლარი ღირს" - ცნობილი ქართველებიდან ვის ამშვენებს ტატუ
მაკა შალიკაშვილი: "დრაკონის ფორმის ტატუ გავიკეთე. დამარწმუნეს, დროებითიაო და მოტყუებული დამტოვეს. წლები რომ გავიდა და არ გაქრა, პეპლად გადავაკეთე"
თამუნა ვაშალომიძე: "ხელზე მაქვს ვარსკვლავები. ამბობენ, თავისუფალი სექსის ნიშანიაო, მაგრამ ჩემთვის წარმატებას უფრო აღნიშნავს"
კრისტი ყიფშიძე: "ტატუ ენერგეტიკის მატარებელია და აქსესუარის მაგივრობასაც მიწევს"
წარსულში ტატუ კრიმინალური ცხოვრების ანაბეჭდი იყო, დღეს კი სხვადასხვა ფორმის, ზომისა თუ ფერის ტატუებით სელებრითები იწონებენ თავს. ზაფხულში, გარუჯულ სხეულზე, ტატუ განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ჩვენი რესპონდენტია თბილისში ცნობილი ტატუს ოსტატი ანდრეი აივაზიანი. იგი ტატუკულტურის თანამედროვე ტენდენციებზე გვესაუბრება.
- ტატუკულტურა საქართველოში დღითი დღე პოპულარული ხდება. ტატუთი ადამიანები თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს აღნიშნავენ. ის კარგი ანტიდეპრესანტიცაა. არსებობს ერთი დაუწერელი კანონი: კარგი ტატუ არ შეიძლება იყოს იაფფასიანი.
- რა ღირს საქართველოში კარგი ტატუს გაკეთება?
- სამოციდან 5-10 ათას ლარამდე. ფასი დამოკიდებულია ტატუს ზომასა და დროზე, რაც მის კეთებას დასჭირდება. ჩემთვის ტატუში 20 ათასი დოლარიც გადაუხდიათ, ოღონდ - საზღვარგარეთ, საქართველოში კი ყველაზე დიდი გასამრჯელო 5 ათასი ლარი ამიღია.
- თქვენმა ყველაზე გრძელმა სეანსმა რამდენ საათს გასტანა?
- ერთ-ერთი ამერიკელის ტატუირებაზე 12 საათი ვიმუშავე. ერთ სეანსში მთელ ზურგზე ფრთები დავახატე, არადა, იმავე სახის სამუშაოს სხვა დროს ორ სეანსად ვყოფ. დაახლოებით 3 ათასი დოლარი გადამიხადა...
უცხოელების გარდა ტატუს იკეთებენ ქართველი სელებრითებიც: ნუკი კოშკელიშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, თიკო სადუნიშვილი, ვასიკო ოდიშვილი, ნიკა გვარამია, გეგა ფალავანდიშვილი, ნინა წკრიალაშვილი, მაია ასათიანი და სხვები.
წელს მოდურია აბსტრაქტული ნახატები. ფერადი ტატუ ყველას არ მოსწონს, ზოგი შავ-თეთრს ანიჭებს უპირატესობას. პოპულარობას არ კარგავს "დოთვორქის" მიმდინარეობა, რომელსაც ბევრი იხატავს. მე ნებისმიერ სტილს ჩემს ხელწერას ვუმატებ და ძირითადად, ფოტორეალიზმის სტილით ვხატავ. ეს არის ერთ-ერთი რთული სტილი, რომელსაც მხატვრული განათლება თუ არა, ხატვის ნიჭი მაინც სჭირდება.
- არსებობს დროებითი ტატუ?
- დროებითი ტატუ არ არსებობს. თუ საღებავი კანქვეშ შედის, მას ვერ ამოიღებ. ტყუილია, რომ ამბობენ, საღებავი თავისით ღიავდებაო.
ბევრჯერ მოსულან ჩემთან და უთქვამთ, ხუთი წელია, ტატუ მაქვს, არადა, ვადა ორი წელი ჰქონდაო. ტატუს მოშორებას 5-6 სეანსი საჭირდება. ციხესა და ჯარში გაკეთებული ტატუები იოლად შორდება, პროფესიონალური საღებავის ამოყვანა კი რთულია.
თამუნა ვაშალომიძე, მოდელი:
- მომწონს შავ-თეთრი ტატუ. არ მიყვარს, ვარდებით წითელ-ყვითლად რომ აქვთ აჭრელებული სხეული. ჩემი აზრით, ნამზეურზე ძალიან ლამაზად ჩანს ოქროსფერი ტატუებიც. მე ხელზე მაქვს გამოკვეთილი ვარსკვლავები. აAმბობენ, თავისუფალი სექსის ნიშანიაო, მაგრამ ჩემთვის ვარსკვლავები წარმატებასა და სიკაშკაშეს უფრო აღნიშნავს.
ნინა წკრიალაშვილი, მომღერალი:
- ოცდაათ წლამდე არც ერთი ტატუ არ მქონდა, ახლა უკვე ექვსი მაქვს. ბათუმში ვისვენებ, თბილისში რომ ჩავალ, კიდევ ორი ტატუს დამატება მინდა. წარწერა მაქვს ზურგზე, ყელზე, მაჯაზე, მუცელზე, ფეხზე, მხარზე. ახლა სად დავიმატებ, არ ვიცი, თუმცა, ზუსტად ვიცი, როგორ ტატუს გავიკეთებ.
- რა შინაარსის იქნება თქვენი ახალი ტატუ?
- ფრანგულენოვან ტატუებს ვიკეთებ, რადგან არ მინდა, ყველამ წაიკითხოს. ჩემთვის ყველა ტატუს თავისი დატვირთვა აქვს. ვიკეთებ მაშინ, როდესაც რაღაც მწყინს, ან მიხარია.
- ჩანს, რაღაც ძალიან კარგი მოხდა ამ შვებულების დროს...
- არა, რაც მინდა, რომ მოხდეს, ის უნდა დავიწერო.
კრისტი ყიფშიძე, მოდელი:
- ოთხი ტატუ მაქვს. ჩემთვის ტატუს ყოველთვის რაღაც დანიშნულება აქვს. ჯერ ერთი, ის ენერგეტიკის მატარებელია და აქსესუარის მაგივრობასაც მიწევს, განსაკუთრებით - ზაფხულში. ფეხზე მზის ფორმის ტატუ მაქვს, მარცხენა ხელის მაჯაზე - პატარა წითელი გული, მარჯვენა ხელზე - თხელი ვარდისფერი სამაჯური, მკერდის გაყოლებაზე, თეძოს ზემოთ კი ღუზა გამოვისახე. მინდა, მომავალში პატარა ჯვარი დავიხატო და მერე, ალბათ, გავჩერდები.
მაკა შალიკაშვილი, მსახიობი:
- რამდენიმე ტატუ მაქვს. დრაკონის ფორმის მაშინ გავიკეთე, როცა ვიღებდით ფილმს "მიდიოდა მატარებელი". დამარწმუნეს, დროებითიაო და მოტყუებული დამტოვეს. წლები რომ გავიდა და არ გაქრა, ავდექი და პეპლად გადავაკეთე. მართალია, მთლად ისეთი არ არის, როგორიც მინდოდა, მაგრამ რაც იყო, იმას სჯობია. კიდევ ორი ტატუ მაქვს მაჯასა და თეძოზე.
ეკა სალაღაია
ტატუს ისტორია
ტატუს ისტორია დაახლოებით 6000 წელს ითვლის. პოლინეზიურ ენაში სიტყვა "ტა", "ჭრილობას" ნიშნავს; ხოლო ტაიტურად ტატაუ" - მონიშვნას.
ტატუ პირველად მოხსენიებულ იქნა ბრიტანელი კაპიტნის, ჯეიმს კუკის, დღიურში. ყველაზე ძველი ტატუები აღმოაჩინეს გიზის პირამიდის შესწავლისას, სადაც ძვ.წ. 2000 წლით დათარიღებული ქალი მუმიების სხეულები სხვადასხვაგვარი ტატუებით იყო მოხატული.
1769 წელს მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ჯეიმს კუკმა მთლიანად მოხატული გვამი ჩამოასვენა, რომლის ტატუირებული სხეულის თვალიერებამ ევროპელები განაცვიფრა.
დღესდღეობით ტატუირება პოპულარულია მთელ მსოფლიოში და ის ხელოვნების ერთ-ერთ დარგს წარმოადგენს.