მწვანე ტბის საიდუმლო - რატომ დამალა "ნაციონალურმა" ხელისუფლებამ ასლან აბაშიძის დროს ტბაში ჩაყრილი იარაღის ამბავი?!
"მაშინ ეს ფაქტი გადაიღო აჭარის ტელევიზიამ, ხოლო კუდ-მა კადრები ჩამოართვა და მხოლოდ 3 დღის შემდეგ გაშუქდა."
"წვრთნებისას გამოყენებულ და გამოუყენებელ იარაღსაც ტბაში ყრიდნენ"
ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2 200 მეტრ სიმაღლეზე, მწვანე ტბაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის დროს ჩაძირული იარაღი აღმოაჩინეს. მწვანე ტბა გამოირჩევა თავისი სილამაზით, ის მუდამ იზიდავს როგორც უცხოელ, ასევე ქართველ ტურისტებს, ის გოდერძის უღელტეხილის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, ტბა უზარმაზარ მთებს შორისაა მოქცეული და ნაძვნარითა და წიფლნარითაა შემოსაზღვრული. კამკამა წყალი სარკეში არეკლილ მთებთან ერთად საოცარ სიმშვიდეს და იდილიას ქმნის. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში მისით დაინტერესებულმა ტურუსტთა რიცხვმა მნიშვნელოვნად იმატა. აქამდე ტბას დაივინგისთვისაც იყენებდნენ.
მწვანე ტბა ამ რამდენიმე დღის წინ საზოგადოების ყურადღების ქვეშ სულ სხვა მიზეზით მოექცა, მის ფსკერზე დაივერებმა დიდი ოდენობის იარაღი აღმოაჩინეს. ფიციალური ინფორმაციით, ჩაძირული ყუმბარმტყორცნები საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, შესაბამისად არსებობს აფეთქების საფრთხე. სწორედ ამიტომ იარაღის ნაპირზე გამოტანა ჯერ ვერ მოხერხდა და აღმოჩენილი იარაღი კვლავ ტბის ფსკერზე რჩება.
როგორც გავარკვიეთ, ეს იარაღი ჯერ კიდევ 2006 წელს იყო ნაპოვნი, თუმცა მისი ტბიდან ამოღებისტვის არვის უზრუნია, მეტიც არავის გაუფრთხილებია ტბის მნახველები, რომ ტბაში ცურვა სახიფათო იყო.
"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა "წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" ხელმძღვანელს დავით ნიკოლაიშვილს:
- ჩვენი დაივინგ კლუბის წევრებმა მწვანე ტბაზე ჯერ კიდევ 2006 წელს აღმოაჩინეს ჩაძირული იარაღი, მაშინ ეს ფაქტი გადაიღო აჭარის ტელევიზიამ, ხოლო კუდ-მა კადრები ჩამოართვა და ამბავი უმნიშვნელოდ, მხოლოდ 3 დღის შემდეგ გაშუქდა. ეს იარაღი ასლან აბაშიძის დროსაა ჩაყრილი და წარმოიდგინეთ, იმდენი იარაღია, რომ ტბის გარკვეულ ნაწილში შეიძლება მისი მუხლამდე წყალში აღმოჩენა, გაითვალისწინეთ, რომ ტბას საკმაოდ დიდი სიღრმე აქვს. ჩვენი კლუბი ერთადერთია, რომელსაც დაივინგის საერთაშორისო სერთიფიკატი აქვს, შესაბამისად, სრული უფლება გვაქვს, დაივინგით დაინტერესებული უცხოელი ტურისტები წავიყვანოთ და მომსახურება გავუწიოთ. რადგან აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერ შევდივართ, დაივინგის ბევრი კარგი ადგილი, ფაქტობრივად, მიუწვდომელი გახდა ჩვენთვის, დარჩა მხოლოდ კვარიათი, გონიო და კიდევ აქამდე ვსარგებლობდით ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მწვანე ტბით, რომელშიც განსაკუთრებული წყალქვეშა ფლორა და ფაუნაა. ამიტომ ეს ადგილი ძალიან მიმზიდველია უცხოელებისთვის, ხოლო ახლა, როცა ტბაში ჩაძირული იარაღი ვიპოვეთ, გამოდის, რომ ამ ტბას დაივინგისთვის ვეღარ გამოვიყენებთ. მოვიძიეთ ინფორმაცია და გავიგეთ, რომ იარაღი ასლან აბაშიძის დროს ჩაყარეს, ამბობენ, რომ აქ სამხედრო ბაზა იყო და წვრთნებსაც ატარებდნენ. წვრთნის შედეგად მორჩენილ სამხედრო ნარჩენებს თურმე 2003 წლამდეც ყრიდნენ, მერე კი უკვე გამოუყენებელ იარაღიც ჩაყარეს. ამიტომ აღმოჩენილ იარაღთაგან ზოგიერთი აქტიურია და შეიძლება ამ ტბაში ცურვას დიდი მსხვერპლი მოყვეს. ჩვენ ჩვენი მხრივ, გავაფრთხილეთ ტურისტები, მაგრამ სანამ სახელმწიფო არ მიხედავს ამ ადგილს და სრულიად არ გაწმენდს ტბის ფსკერს, აქ ცურვა არ შეიძლება. ეს სახელმწიფომ ოფიცილაურად უნდა აკრძალოს.
ეკა გადახაბაძე (სპეცალურად საიტისთვის)