"2003 წელს "სანჩო პანსამ მას უღალატა"- ვისთან მეგობრობს დღევანდელ ხელისუფლებაში ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი?
"ეს ადამიანი დაიბადა სოფელ მამათში და მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ფეხშიშველა დადიოდა სკოლაში, ასეთმა ადამიანმა შექმნა მთელი ეპოქა და იყო XX საუკუნის მეორე ნახევრის მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი არქიტექტორი."
"ბაბუსავით კარგი არა, მაგრამ შეიძლება ითქვას, მეც გურული იუმორი და მოთმინების უნარი მაქვს"
ჩვენი რესპოდენტი ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი ლაშა შევარდნაძეა. საკუთარ საქმიანობაზე, პირადზე, ბაბუაზე, ოჯახზე და იმაზე, თუ ვისთან მეგობრობს დღევანდელ ხელისუფლებაში, ლაშა შევარდნაძე AMBEBI.GE-ს მკითხველს თავად უამბობს.
- ლაშა, რას საქმიანობთ ახლა?
- დღესდღეობით მე კომპანია Socar energy georgiaა-ში ვმუშაობ, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების და საგარეო ეკონომიკის კუთხით. ასევე პარალელურად ვმუშაობ შვეიცარიულ-ქართულ ფონდში, რომელსაც ეწოდება "საერთაშორისო ფონდი მგრადი განვითარებისთვის". ფონდის მიზანია განავითაროს ალტერნატიული ენერგიის (მზე, ქარი) დანერგვა როგორც საქართველოში, ასევე კავკასიის და შუა აზიის რეგიონში. მე ამ ფონდის რეგიონალური წარმომადგენელი და ბიზნეს-დეველოპერი გახლავართ. იქიდან გამომდინარე, რომ განახლებადი ტექნოლოგიების თვითღირებულება საკმაოდ ძვირი ჯდება და ასევე ჩვენს ქვეყანაში არსებული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ჩვენს ხელისუფლებას არა აქვს იმის საშუალება, რომ უცხოელ ინვესტორებს ამ მიმართულებით ხელი შეუწყონ. საკანონდებლო დონეზე ასევე მისაღებია ეგრეთ წოდებული "მწვანე ტარიფი". აქვე დავამატებდი იმასაც, რომ საქართველოს ყველანაირი ბუნებრივი რესურსები გააჩნია, როგორებიცაა მზე, ქარი, წყალი და ამ კუთხით ნამდვილად ღმერთისგან დაჯილდოებული ქვეყანა ვართ. ვიმედოვნებ, რომ ამ ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში მალე მოხდება და ჩვენს ენერგო დამოუკიდებლობას უფრო მეტად შეუწყობს ხელს.
- თქვენი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ლაშა, როგორი ბაბუა იყო ბატონი ედუარდი და რა შეიცვალა თქვენთვის მისი წასვლის შემდეგ?
- ბაბუა სახლში, ოჯახის წევრებთან ყოველთვის თბილი, მოსიყვარულე და უშუალო იყო. მე არასოდეს არ მახსოვს სახლში გაბრაზებულიყოს ან ხმისთვის აეწიოს. თავის ცხოვრების ყველაზე მძიმე დროსაც კი უზომოდ მშვიდი და გაწონასწორებული იყო. სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ მე მას 2003 წლის შემდეგ დავუახლოვდი მხოლოდ, გადადგომის მერე. ეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მანამდე მას უბრალოდ არ ეცალა.
დებთან - სოფოსთან და ნანუსთან ერთად
1992 წლიდან 2003 წლამდე, როდესაც ის სახელმწიფოს მეთაური იყო, სახლიდან დილის შვიდ საათზე გადიოდა სამსახურში და ღამის პირველ საათზე ბრუნდებოდა. გამონაკლისი მხოლოდ კვირა დღე იყო, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა საღამოს ცხრა საათზე. ამ თერთმეტი წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ დაისვენა და ამ დროს ლიკანის სამთავრობო რეზიდენციით ისარგებლა, ისიც ორჯერვე ორი კვირით და დასვენების ნახევარი დრო მუშაობაში გაატარა. ამ დროს საქართველო გარდამავალ პერიოდს გადიოდა და ქვეყანა დღე და ღამე მუშაობას ითხოვდა.
2003 წლის შემდეგ ბაბუ და მე ერთმანეთს ძალიან დავუახლოვდით. ის ხშირად მიყვებოდა ხოლმე თავის პოლიტიკურ ისტორიებს და ჩემთვის, როგორც იმ პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტისთვის, ძალიან საინტერესო იყო. არდადეგებზე რომ ჩამოვდიოდი, ხშირად შუადღისთვის კრწანისის რეზიდენციაში ავდიოდი ხოლმე, ბაბუასთან ერთად ვსადილობდი, მერე გავდიოდით მის კაბინეტში, სადაც ვსვამდით მწვანე ჩაის. ცნობილია, რომ მას ცოტა კონიაკის დალევაც უყვარდა. ბოლო წლებში ძალიან შეუძლოდ იყო, თუმცა მას სიცოცხლის ბოლომდე ნათელი გონება ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მე, მამაჩემი და მამიდაჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მასთან ვიყავით.
- რა უპირატესობები და მინუსები ჰქონდა პრეზიდენტის შვილიშვილობას?
- ვიტყოდი, რომ მინუსები უფრო მეტი ჰქონდა ვიდრე უპირატესობა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ როდესაც ხარ ქვეყნის პირველი პირის ოჯახის წევრი, შენ გარკვეულწილად შეზღუდვები გაქვს. რაც ჩემს თანატოლებს შეეძლოთ, მე ამის უფლება არ მქონდა. როდესაც შენი ოჯახი იმყოფება მუდმივი ყურადღების ქვეშ და თითოეული უნებლიე შეცდომა, რაც სხვას ეპატიება, შენ არ გეპატიება. ეს კი საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს ადამიანზე. მოკლედ, ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო, ლაღი და უდარდელი ბავშვობა ნამდვილად არ მქონია.
უპირატესობა ის არის რომ, მე მეამაყება, რომ ვარ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი (ზოგისთვის მოსაწონი, სხვებისთვის - ნაკლებად მოსაწონი). ეს ადამიანი დაიბადა სოფელ მამათში და მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ფეხშიშველა დადიოდა სკოლაში, ასეთმა ადამიანმა შექმნა მთელი ეპოქა და იყო XX საუკუნის მეორე ნახევრის მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი არქიტექტორი. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ჩემთვის და თითოეული ჩემი ოჯახის წევრისთვის, თავისი პოლიტიკური კარიერის გვირგვინი იყო მისი მშვიდობიანი გადადგომა და თავის საკუთარი მოქალაქეების სისხლის არ დაღვრა.
- რა რჩევებს გაძლევდათ ბაბუა?
- ხშირად მეუბნებოდა ყოველთვის გქონდეს შორს მჭვრეტელი მიზნები, იარე შორს, მაგრამ იყავი ახლოს შენს ოჯახთან და სამშობლოსთანო.
- საერთო თვისებები თუ გაქვთ ბაბუასთან?
- ბაბუსავით კარგი არა, მაგრამ შეიძლება ითქვას, მეც გურული იუმორი და მოთმინების უნარი მაქვს.
- ხელისუფლების ყოფილი წევრები ხშირად აკრიტიკებდნენ ედუარდ შევარდნაძეს და მის მმართველობას, ზოგჯერ შეურაცხმყოფელიც იყო ეს კრიტიკა, როგორ ხვდებით ამ შეფასებებს, თუნდაც ახლა, როცა ამბობენ რომ შევარდნაძის ბნელი დრო დაბრუნდა ქვეყანაში?
- მე არაერთხელ მითქვამს ჩემს წინა ინტერვიუებში, რა თქმა უნდა, უშეცდომო ადამიანები არ არსებობენ და შეცდომები განსაკუთრებით მისი მმართველობის ბოლო პერიოდში ბევრი იყო. თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მისი ღვაწლი ქვეყნის და მსოფლიოს წინაშე იქნება სწორად შეფასებული და ადეკვატურად დაფასებული. ისტორია აუცილებლად თავის სათქმელს იტყვის. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი ახსოვს, კარგად ემახსოვრება თუ როგორ ქვეყანაში ჩამოვიდა ის 1992 წელს და 2003 წელს როგორი ქვეყანა დაუტოვა "თავისსავე აღზრდილებს", ეს იყო ქვეყანა თავისი აწყობილი სახელმწიფო ინსტიტუტებით.
როდესაც იგი საქართველოში 1992 წელს დაბრუნდა, თბილისის ცენტრი იყო ნაომარი და სამოქალაქო ომისგან გაპარტახებული. ქვეყანას მართავდა სამხედრო საბჭო, ქვეყანაში ბანდ-ფორმირებები ბატონობდნენ და ქვეყნის ბიუჯეტი მხოლოდ 100 000 დოლარს შეადგენდა. მოკლე პერიოდში ედუარდ შევარდნაძემ ავად თუ კარგად შეძლო ქვეყნის სტაბილიზაცია, ბანდ-ფორმირებების განეიტრალება, ლარის სახით ახალი ვალუტის შემოღება და ახალი დემოკრატიული კონსტიტუციის მიღება. სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ კონსტიტუციის მიღების 20 წლის თავი აღნიშნეს. საქართველო გახდა ევროსაბჭოს წევრი, გაწევრიანდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ღიად განაცხადა ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. სწორედ ედუარდ შევარდნაძის დროს, 1999 წელს, სტამბულის სამიტზე ხელი მოეწერა საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის საკითხს, დაიწყო ქართული არმიის ნატოს სტანდარტებით აღჭურვა და წვრთნა. ყველაზე წარმატებული პროექტი კი, ბატონ ჰეიდარ ალიევთან ერთად, ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზერუმი იყო. სწორედ ამ ორმა პროექტმა საქართველოს გეოპოლიტიკური სტატუსი მიანიჭა და ჩვენი ქვეყანა დასავლეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გახდა. დღესდღეობით სწორედ ამ ორი პროექტის გამოა ევროპა და ამერიკა ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული.
შემიძლია ასევე თამამად განვაცხადო, რომ ზუსტად ამ ორი პროექტის გამო 2008 წლის ომის დროს რუსეთმა ვერ შეძლო საქართველოს მთელი ტერიტორიის დაკავება. რაც შეეხება შეცდომებს, მე მიმაჩნია, რომ ედუარდ შევარდნაძეს აღარ უნდა ეყარა კენჭი 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამ შემთხვევაში მას სიცოცხლეშივე უფრო მეტად დააფასებდნენ. სამწუხაროდ, 2000 წლის მერე მას გადაღლა დაეტყო და ეს ბუნებრივიც იყო, რადგან უკვე ასაკოვანი იყო.
მისი ბოლო პერიოდის საკადრო პოლიტიკა ჩემი აზრით, პრეზიდენტ შევარდნაძის სერიოზული შეცდომა იყო და ეს მოითხოვდა გადახედვას. ასაკის მატებასთან ერთად მას დააკლდა ის გაბედულება და რისკზე წასვლის უნარი, რომელიც მთელი ცხოვრება ახასიათებდა და რომლითაც ის აღწევდა წარმატებებს. ამით ისარგებლა მისმა გარემოცვამ. თუმცა ამასაც აქვს თავის გამართლება, ბუნებრივიც არის, როდესაც ადამიანს შვიდი წლის განმავლობაში სამჯერ მოგიწყობენ ტერაქტს. 2003 წელს კი, როგორც მამაჩემი იტყოდა, "სანჩო პანსამ მას უღალატა".
- ვისთან მეგობრობთ დღევანდელ ხელისუფლებაში?
- დღევანდელ ხელისუფლებაში რამდენიმე ადამიანთან ვმეგობრობ, გვარებს არ დავასახელებ. გარდა ერთისა, რომელიც ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. ეს არის დავით ფაცაცია, რომელიც "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი იყო. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ის ჯერ კიდევ არ დანიშნეს აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარედ. ვიმედოვნებ, რომ ეს საკითხი მალე დადებითად გადაწყდება. იმის გარდა რომ, ის ჩემი მეგობარია, ასევე უდიდესი პატრიოტი და პროფესიონალია. სწორედ ასეთი ადამიანები აკლია ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს. იგი სოხუმიდან არის. სხვათა შორის, აფხაზეთის ომის დროს ბიძამისი სოხუმის აეროპორტის უფროსი გახლდათ და სწორედ მან ჩაუსხა საწვავი პრეზიდენტ შევარდნაძის თვითმფრინავს, რომლითაც მან ალყაშემორტყმული სოხუმი დატოვა.