"ვარსკვლავური ომების" ქართველი მსახიობები
არქივი, 2015-09-07
"მე და ლიკა ფილმშიც ტყუპს ვთამაშობთ. მართალია, მეორეხარისხოვანი პერსონაჟები ვართ, მაგრამ როგორც რეჟისორმა ჯეი ჯეი აბრამსმა დაგვარწმუნა, დასამახსოვრებელ სახეებს ვქმნით"
"ჩემი მეუღლე ქართველია - ლაშა კორკელია, ლიკას მეუღლე, ნადირ ბადრაგენი კი - ლიბანელი"
"ვარსკვლავური ომები" - ეს ფანტასტიკური საგა, რომელიც 6 ფილმს აერთიანებს, მსგავსი ჟანრის ფილმებს შორის ნამდვილ რევოლუციად იქცა და დიდი გავლენა იქონია ამ კინოჟანრის განვითარებაზე. ფილმების ამ სერიას სხვადასხვა დროს ათი "ოსკარი" აქვს აღებული და დღემდე ყველაზე შემოსავლიან კინოპროდუქციად ითვლება. წელს, დეკემბერში, გამოვა "ვარსკვლავური ომები-7", რომლის გმირები ტყუპი თეა და ლიკა შენგელაიები არიან. "კვირის პალიტრა" თეა შენგელაიას ესაუბრა:
- მე და ლიკა მოსკოვში დავიბადეთ. მამა იქ ექიმი გახლავთ. 1991 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროში მუშაობა შესთავაზეს და ჩვენც იქ გადავედით საცხოვრებლად. სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინო განათლება საქართველოში მივიღეთ. დავბრუნდით დუბაიში და მამასთან ერთად შევუდექით სამედიცინო საქმიანობას. თუმცა პერიოდულად კინოკასტინგებში ვმონაწილეობთ.
- "ვარსკვლავური ომების" პერსონაჟები როგორ გახდით?
- 2014 წლის მაისში ერთ-ერთი ფილმის კასტინგზე წავედი, თან ჩემი და მახლდა. იქ მისულებს გვთხოვეს, ორივეს გვეცადა ბედი. ლიკა თავს იკავებდა, თუმცა მაინც დაითანხმეს. ორი კვირის შემდეგ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ დაგვამტკიცეს სრულიად სხვა ფილმის, "ვარსკვლავური ომების", პერსონაჟებად.
რეჟისორს, ჯეი ჯეი აბრამსს, ამერიკელები ვეგონეთ, ძალიან გაუკვირდა ჩვენი "ჯორჯიელობა", დუბაიში საიდან მოხვდითო. სხვათა შორის, საქართველოს შესახებ ბევრი რამ იცოდა.
კონტრაქტის თანახმად, ფოტოს გადაღების უფლება, არც გრიმში და არც კოსტიუმში, არ გვქონდა, ამიტომაც გადასაღებ მოედანზე მობილურებს გვართმევდნენ. გადაღება არაბთა გაერთიანებული საამიროს დედაქალაქ აბუ-დაბიში მიმდინარეობდა. 7 თვის განმავლობაში შენდებოდა დეკორაციები და პავილიონები. მე და ლიკა ფილმშიც ტყუპს ვთამაშობთ. მართალია, მეორეხარისხოვანი პერსონაჟები ვართ, მაგრამ როგორც რეჟისორმა ჯეი ჯეი აბრამსმა დაგვარწმუნა, დასამახსოვრებელ სახეებს ვქმნით.
გადაღებების დროს ერთ მსოფლიო დონის ფოტოგრაფთან მოგვიწია შეხვედრამ (მისი ვინაობის დასახელების უფლება არა მაქვს). რეჟისორის სურვილით მან მე და ლიკას უდაბნოში ფოტოსესია მოგვიწყო. დამშვიდობებისას ვკითხეთ, სად შეიძლება ჩვენი ფოტოების ნახვა, რაზეც გვიპასუხა: პრემიერის შემდეგ ამ ფოტოებს ყველა სტენდზე ყველა ჟურნალსა და ყველა ინტერნეტკედელზე იხილავთო.
კიდევ ერთი საინტერესო გადაღებაც გვქონდა: ფილმის პერსონაჟების სათამაშო ფიგურებისა და კომპიუტერული თამაშების შესაქმნელად. ასე რომ,
დეკემბერში, პრემიერის შემდეგ, ჩვენი გამოსახულების თოჯინები და კომპიუტერული თამაშებიც გამოვა.
- ალბათ, სოლიდური ჰონორარი აიღეთ?
- ჰოლივუდის დონეზე არა, თუმცა ჩვენთვის ნამდვილად სოლიდური იყო.
- კიდევ გქონდათ რაიმე მნიშვნელოვანი შემოთავაზება?
- გვაქვს რამდენიმე შემოთავაზება. უკვე ვითამაშეთ დუბაის წარმოების რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმში. გარდა ამისა, ვმღერით, ჩვენს ბენდს დუბაიში ხშირად იწვევენ კონცერტებზე.
- კიდევ რას მიამბობთ დებ შენგელაიებზე?
- 27 წლისანი ვართ. ორივე ერთდროულად დავოჯახდით. 26 სექტემბერს ქორწილს ორივე თბილისში გადავიხდით. ჩემი მეუღლე ქართველია - ლაშა კორკელია, ლიკას მეუღლე, ნადირ ბადრაგენი კი - ლიბანელი.
- ქორწილის შემდეგ სად აპირებთ ცხოვრებას?
- მე და ჩემი მეუღლე, ალბათ, ევროპაში, რადგან ლაშა გერმანიაში მუშაობს, ლიკა და მისი მეუღლე კი საამიროებში დარჩებიან.
როგორ იწყებოდა "ვარსკვლავური ომები"
"ვარსკვლავური ომების" შემქმნელ რეჟისორს, ჯორჯ ლუკასს, თავიდან ძალიან გაუჭირდა დაფინანსების მოპოვება - სტუდიების უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ მსგავსი რამის ყურება არავის მოუნდებოდა. საბოლოოდ, სერიალის პირველი ფილმი 1977 წლის 25 მაისს გამოვიდა და უზარმაზარი საკასო წარმატება ხვდა, რითაც ფაქტობრივად, გადაარჩინა კიდეც კომპანია 20th Century Fox-ი გაკოტრებას.
დღეს "ვარსკვლავური ომების" უზარმაზარი სამყარო მოიცავს სრულმეტრაჟიან ფილმებს, ანიმაციურ სერიალებს, მულტფილმებს, წიგნებს, კომიქსებსა და ვიდეოთამაშებს. საგა მოგვითხრობს 20 000 წელიწადზე მეტი დროის მონაკვეთზე და დასაბამს 1976 წელს იღებს - სწორედ მაშინ გამოვიდა ჯორჯ ლუკასის წიგნი "ეპიზოდი IV: ახალი იმედი", რომელიც საფუძვლად დაედო სერიალს, ხოლო 1977 წელს სამეცნიერო ფანტასტიკის მსოფლიო კონგრესზე სპეციალური პრემია მიიღო.
ეკა სალაღაია