რთველის "ფასი"- ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან
"გლეხებსა და ქარხნებს შორის ინდივიდუალური გარიგება იდებოდა, თანხას გლეხებს დაგვიანებით უხდიდნენ. გადავწყვიტეთ, რომ ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით ორ კვირაში გლეხი კუთვნილ სუბსიდირებულ წილს მიიღებს სახელმწიფოსგან, ქარხანა კი თავის წილს შეთანხმების საფუძველზე გადაუხდის"
შემოდგომაზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა რთველი და ყურძნის ფასია, მით უფრო, როცა ღვინის ექსპორტი რუსეთსა და უკრაინაში შემცირებულია და ღვინის ქარხნებს ჯერ კიდევ შარშან დაწურული აქვთ გასაყიდი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სათადარიგო გეგმები აქვს იმ შემთხვევისთვის, თუ გლეხს ყურძნის ჩაბარების პრობლემა შეექმნება. სამინისტროში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის მუშაობენ. "კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ უწყებაში უკვე დასრულებულია მუშაობა პურის ტექნიკურ რეგლამენტზე და ის ძალაში, სავარაუდოდ, 1-ლი იანვრიდან შევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მწარმოებელი პურს გასაყიდად შეფუთვისა და ეტიკეტირების გარეშე ვერ გამოიტანს და რაც მთავარია, პურის შემადგენლობა ეტიკეტზე მითითებულს უნდა შეესაბამებოდეს.
ოთარ დანელია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი: - წელს დაახლოებით 200 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ველოდებით და ვფიქრობთ, რომ სამრეწველო გადამუშავებისთვის 120-130 ათას ტონამდე იქნება ჩასაბარებელი. წლევანდელი რთვლისთვის აღარ ვგეგმავდით ყურძნის სუბსიდირებას. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო დარგის განვითარების პერსპექტივები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რაც ხდება რეგიონში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში და შევისწავლეთ რა მოთხოვნა ღვინოზე, რომელიც საკმაოდ შემცირებულია, მივხვდით, რომ დარგს ჯერ კიდევ სჭირდება სუბსიდირება.
თეთრი ყურძნის -35 თეთრით, ხოლო 15 თეთრით შავი ყურძნის სუბსიდირება ხდება. გასული წლებისგან განსხვავებით, ამ თანხას ღვინის ქარხნების ნაცვლად გლეხები მიიღებენ.
წინა წლებში გლეხებსა და ქარხნებს შორის ინდივიდუალური გარიგება იდებოდა, თანხას გლეხებს დაგვიანებით უხდიდნენ. ამგვარი ხარვეზების გამოსწორება გვინდა და გადავწყვიტეთ, რომ ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირაში გლეხი სახელმწიფოსგან კუთვნილ სუბსიდირებულ წილს მიიღებს, ქარხანა კი თავის წილს შეთანხმების საფუძველზე გადაუხდის.
- სუბსიდიის ოდენობა თუ ახდენს გავლენას ყურძნის საბაზრო ფასზე?
- სუბსიდიის მოცულობა არ განსაზღვრავს ყურძნის საბაზრო ფასს, თუმცა პროცესს ხელს უწყობს. ამ ვითარებაში არსებითია სწორი ბალანსის დაცვა, ყურძნის ფასით არც ერთი მხარე არ დარჩეს წაგებული. არ შეიძლება, ერთის ხარჯზე მეორემ მეტი შემოსავალი მიიღოს. ყურძენზე უნდა იყოს სწორი ფასი, რაც ქართულ ღვინოს ჯანსაღ კონკურენციას შეუქმნის. ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა ქართული ღვინის პოპულარიზება არატრადიციულ ბაზრებზე ხდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სწორი ფასი, ტენდენციები და ხარისხი, რათა ჩვენი ღვინო კონკურენტუნარიანი იყოს.
არ შეიძლება, ქართული ღვინო იყოს იტალიურზე ან ფრანგულ ღვინოზე გაცილებით ძვირი. შესაძლოა ვაწარმოოთ ასეთი ღვინოც, მაგრამ უფრო დაბალ საფასო სეგმენტზე გათვლილი ღვინოც უნდა გვქონდეს. უნდა დავიცვათ ბალანსი გლეხის კეთილდღეობასა და ქარხნის გამართულ მუშაობას შორის. ამიტომ მივანდეთ ეს საკითხი კერძო სექტორს, ის დაარეგულირებს ყურძნის ფასს.
- როგორ ფიქრობთ, რქაწითელის დღევანდელი საბაზრო ფასი -70 თეთრი და შავი ყურძნისა -85 თეთრი 1 კილოგრამზე, სწორი ფასია?
- თუ ეს ფასია ბაზარზე, მაშინ ის სწორი ფასია...
- გლეხები ამ ფასით უკმაყოფილო არიან და ამბობენ, რომ 1 კილოგრამი ყურძნის მოყვანა 1 ლარი მაინც უჯდებათ.
- ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი სპეციალისტები აწარმოებენ გათვლებს და ზუსტად ვიცით, რა ჯდება 1 კილოგრამი ყურძნის მოყვანა, ის ლარზე გაცილებით ნაკლებია. მეტიც, ყურძნის თვითღირებულება თქვენ მიერ დასახელებულ საბაზრო ფასებზეც მნიშვნელოვნად ნაკლებია.
- იმის გამო, რომ რუსეთსა და უკრაინაში ქართული ღვინის ექსპორტი საგრძნობლად შემცირდა და 50%-იან ნიშნულსაც კი ჩამოსცდა, მოსალოდნელია, რომ წელს არ იყოს მაღალი მოთხოვნა ყურძენზე და ჩაუბარებელიც კი დარჩეს?
- ეს მოსალოდნელია და სწორედ ამიტომ განვაგრძობთ დარგის წახალისებას. გვინდა, ახალ ბაზრებზე უკვე კონკურენტული ფასით გავიდეს ქართული ღვინო და ამასაც ემსახურება სუბსიდირება. თუმცა წელს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება, ყველაფერს ვიღონებთ, რომ ეს არ მოხდეს.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია სახელმწიფომ შეისყიდოს შედარებით დაბალი ხარისხის ყურძენი და სპირტი დაამზადოს.
- ამასაც განვიხილავთ. ჩვენ გვაქვს ალტერნატიული გეგმები და ვფიქრობთ, წელს რთველი უპრობლემოდ ჩაივლის.
-"კვირის პალიტრაში" დაიბეჭდა რამდენიმე პუბლიკაცია, სადაც საუბარია იმაზე, რომ ფქვილისა და ხორბლის ბაზარი, ფაქტობრივად, მონოპოლიზებულია, რაც ფქვილს აძვირებს. რესპონდენტებმა, მათ შორის პურის მწარმოებლებმა, არაერთხელ ახსენეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. თქვეს, რომ ცდილობდნენ თქვენთან შეხვედრას ამ საკითხის გამო. შეხვდით თუ არა მათ?
- დიახ, არაერთხელ შევხვდით როგორც მეხორბლეებს, ასევე პურის მწარმოებლებს. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გვქონდა მიღებული ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ძალაში უნდა შესულიყო მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს და გადავწიეთ 1-ელ იანვრამდე. სწორედ ამ შეხვედრების, დისკუსიების შედეგმა განაპირობა ამ გადაწყვეტილების მიღება - ჩვენ გავითვალისწინეთ ბიზნესის მდგომარეობა. გვინდა, ყველანაირი შემფერხებელი ფაქტორი გამოვრიცხოთ, თუმცა ვიმეორებ, რეგლამენტი ვერ იქნება ბიზნესისთვის დამაბრკოლებელი გარემოება, პირიქით, ის აჯანსაღებს ბიზნესსა და წარმოებას.
- რას გულისხმობს ფქვილისა და ასევე პურის რეგლამენტი, რომლის მიღებასაც აპირებთ?
- პურის რეგლამენტი სხვა პროცესია, მაგრამ ფქვილის რეგლამენტი ამის წინა საფეხურია. როცა რძის რეგლამენტი დავნერგეთ, ვითარება, ფაქტობრივად, 1 კვირაში შეიცვალა და დახლებზე ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქცია მივიღეთ. პურის თაობაზე კი ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს. პურის რეგლამენტზე მუშაობა გასულ კვირას დასრულდა. დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა შემიძლია ზოგადად გითხრათ, რომ ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, რომელი ხარისხის ფქვილისგან არის გამომცხვარი პური, ხოლო პურის შიგთავსი სრულად უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტზე მითითებულ შემადგენლობას.
არსებობს სტანდარტი, რომლის თანახმადაც, კონკრეტული წარმადობის პირობებში, მეწარმემ განსაზღვრული რაოდენობის პური უნდა გამოაცხოს. ახლა კი მწარმოებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან რაც შეიძლება მეტი პურის წარმოებაში. ამ სფეროში კონკურენციის არაჯანსაღი პირობებია: ვიღაც საღებავს ამატებს პურს, ვიღაც რაღაც ახალ ტექნოლოგიას იგონებს, ვიღაც კი საფუარში რაღაცას ურევს. ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩვენი პური რომ ნახა, გაოცდა: ეს რა არის, რას ჭამთო? რა თქმა უნდა, ვიცით, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული პურის ტექნიკური რეგლამენტის შემოღება. ამიტომაც გვინდა, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ მეწარმეებს, მაგრამ მოვთხოვოთ ხარისხიანი პურის წარმოებაც. რაც შეეხება ფქვილის რეგლამენტს, ის გულისხმობს ეტიკეტირების წესის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესის დაცვას, რათა ეს პროდუქტი იყოს უვნებელი და ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია შეესაბამებოდეს შიგთავსს.
- გამოდის, თუ პურის რეგლამენტი შევა ძალაში 1-ლი იანვრისთვის, ეტიკეტირებისა და შეფუთვის გარეშე პური არ გაიყიდება?
- პურს სჭირდება სწორი მიდგომა, რომ ყველა ის პროცესი, რომელიც გათვალისწინებულია რეგლამენტით, იყოს ზედმიწევნით დაცული და მისი ხარისხი ეტიკეტს შეესაბამებოდეს. არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს მოუწევთ ან ამ პირობების დაკმაყოფილება, ან ბაზრიდან გასვლა.
- ფიქრობთ, რომ რეგლამენტის ძალაში შესვლა შეიძლება პურის ფასზე აისახოს?
- დღევანდელი მოცემულობით პური არ უნდა გაძვირდეს, რადგან უხვი მოსავალია ხორბლის ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში და ამის გამო ხორბლის ფასი მსოფლიო ბირჟებზე შემცირებულია. საქართველომ ხორბლის წარმოების ყველა შიდა რეკორდი მოხსნა. მიმდინარე წელს ხორბლის მოსავლიანობა საშუალოდ 1 ჰექტარზე 3 ტონამდე იყო. გაისად არანაკლებ მოსავალს ველოდებით, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი ისტორიული მაჩვენებელი გვექნება.
- თუმცა ადგილობრივ ხორბალს ხომ ვერ ვიყენებთ პურის წარმოებისთვის?
- იმიტომ, რომ თესლია არასწორად შერჩეული, გლეხებმა დათესეს ის, რაც ჰქონდათ. ამიტომაც დავიწყეთ 33 სხვადასხვა ჯიშის ხორბლის რაიონებში განაწილება და გამოცდა. წელს ხორბლის წარმოებაში ვამატებთ უკვე არატრადიციულ რეგიონებს, მაგალითად, სამეგრელოს. ასევე, გვაქვს ძალიან კარგი ხორბლის თესლის ხელშეწყობის პროგრამა, თქვენ მიერ ნახსენები პრობლემის მოსაგვარებლად.
- ფქვილის რეგლამენტის ამოქმედებამ 1-ელ იანვრამდე გადაიწია, მაგრამ პურის მწარმოებლები, რომელთაც შემოჰქონდათ ფქვილი, ამბობენ, რომ მათ ტვირთს იმ საბაბით აჩერებდნენ, რომ ფქვილის ხარისხი უნდა შეემოწმებინათ. სურსათის უვნებლობის სამსახური ამოწმებდა მათ?
- სურსათის უვნებლობის სააგენტო მხოლოდ ქსელში შესულ ფქვილს შეიძლება ამოწმებდეს, საზღვართან ჩვენ შეხება არ გვაქვს.
- სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გამართულ შეხვედრებზე იყვნენ წისქვილკომბინატების მეპატრონეებიც. მაგალითად, "აგრიკომის-ხელმძღვანელი კოკი ოსიპოვი ამბობს, რომ თქვენს უწყებასთან შეხვედრებს მართავს, მათ შორის, არასამართლიან ფასად ფქვილის იმპორტის შეზღუდვაზე. როგორ შეიძლება შეზღუდოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არასამართლიან ფასად ფქვილის შემოტანა?
- ცოტა გაუგებარი განცხადებაა... ჩვენ გვქონდა გაფართოებული შეხვედრა ყველა მეწარმესთან და, როგორც წესი, თუ რამე კონკრეტული და საგანგებო საკითხი არ არის, მეწარმეებს ინდივიდუალურად არ შევხვდებით, მით უფრო, იმ საკითხზე, რომ რამე გავლენა მოვახდინოთ ბაზარზე. ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანების ხელშეწყობაზე.
- დაგიკონკრეტებთ: პურის მწარმოებლები ამბობენ, რომ როცა წისქვილკომბინატებმა მათ მნიშვნელოვნად გაუძვირეს ფქვილი, გადაწყვიტეს, თავად შემოეტანათ ფქვილი უფრო იაფად, თუმცა ბარიერებს წააწყდნენ და შემოტანილი ფქვილი იმაზე ძვირი დაუჯდათ, ვიდრე წისქვილკომბინატებისგან ყიდულობდნენ.
- კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული რაოდენობის ფქვილიც უნდა შემოვიდეს, ყველა საწარმოც უნდა მუშაობდეს, ყველა წისქვილკომბინატს უნდა უღირდეს მუშაობა და უნდა დაბალანსდეს ფასი. იყო შემთხვევები, როცა დემპინგურ ფასად შემოვიდა ფქვილი. შესაძლოა, ამას გულისხმობს ოსიპოვი, მაგრამ ნებისმიერი მონოპოლია და შავბნელი გარიგებები, რა თქმა უნდა, მიუღებელია.
- დემპინგურ ფასად შემოსვლაში რას გულისხმობთ?
- იყო რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა, ფასი საბაზროზე დაახლოებით 30-40%-ით ნაკლები იყო.
ჩვენს ინტერესშია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ პური არ გაძვირდეს. ჩემი აზრით, დღეს პურზე საკმაოდ მისაღები ფასია და მისი გაძვირება არ იქნება სწორი.
- ცოტა გადაჭარბებული მოლოდინი ხომ არ არსებობს ევროკავშირის ბაზართან დაკავშირებით? მოგვყავს კი პროდუქცია, რომელიც შეგვიძლია გავიტანოთ ევროკავშირის ქვეყნებში?
- ჩვენ უკვე გავიტანეთ ისეთი პროდუქტები, როგორიც არის ლურჯი მოცვი -დიდ ბრიტანეთში, კივი -გერმანიაში. მიდის ბაზრების აპრობირების პროცესი. სხვათა შორის, DCFTI-ს ხელმოწერის შემდგომ 84%-ით გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. შედეგი სახეზეა, უბრალოდ, სოფლის მეურნეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაფერს დრო სჭირდება.
- შეგიძლიათ დამისახელოთ 5 პროდუქტი, რომელთაც ევროკავშირის ბაზარზე გასვლის რეალური შანსი აქვთ?
- თხილი, ღვინო, თაფლი, ჩაი და კენკროვანი კულტურები. ჩამონათვალი ბევრად მეტია. სხვათა შორის, თაფლის გატანას ევროკავშირის ბაზარზე უკვე მომავალ წელს შევძლებთ, რადგან უკვე გვაქვს ლაბორატორია, სადაც კოოპერატივებისთვის უსასყიდლოდ მოხდება თაფლის დიაგნოსტირება, გათვალისწინებული ევროკავშირისა და საზოგადოდ, საერთაშორისო სტანდარტებით. პრემიერის დავალებით მუშავდება მეჩაიეობის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც კოოპერირებასა და ბიოჩაის წარმოებას გულისხმობს.