"რაჭა ჩემი სიყვარული", ანუ ვიდრე ზაფხული გაილეოდა... - კვირის პალიტრა

"რაჭა ჩემი სიყვარული", ანუ ვიდრე ზაფხული გაილეოდა...

"ვერავინ კითხულობს თადულივით გალაკტიონის "ნიკორწმინდას".

"არ შეიძლება, არ ვახსენო აქსანიკა, რაჭველების უკრაინელი რძალი. არაფერია იმაზე საამური მოსასმენი, როდესაც აქსანა უკრაინული აქცენტით რაჭულ კილოზე გიყვება ამბავს. ლობიო ვერა და ვერ შეიყვარა. სამაგიეროდ, უკრაინული ბორშჩი შეაყვარა აქაურებს".

6 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ჩავედი რაჭაში, მშობლებმა წამიყვანეს ქორწილში. სიმართლე გითხრათ, მომეწონა თუ არა საქართველოს ეს უმშვენიერესი კუთხე, არ მახსოვს, სამაგიეროდ, კარგად მახსოვს, ამ დღისთვის ჩემთვის საგულდაგულოდ შეძენილი ფეხსაცმელი ძალიან მოსწონებია მასპინძელთაგან ერთ-ერთ თანატოლს. დილას რომ გავიღვიძე, ცალი ფეხსაცმელი ვეღარ ვიპოვე. ცოტა ხანში მთელი მაყარი მას დაეძებდა. სწორედ მაშინ დაასკვნა ერთმა რაჭველმა ბებომ: "იე გოგუნა აქანა გათხოვდებაო".

ვერ გეტყვით, ბედია თუ დამთხვევა, მაგრამ ფაქტია, - მეორედ ამ კუთხეს მართლაც რძლის სტატუსით ვეწვიე. ეს იყო 13 წლის წინ. მას შემდეგ ყოველ ზაფხულს ვსტუმრობთ მთელი ოჯახით ამ მშვენიერ კუთხეს.

ჩვენი სახლი ჩემი მამამთილის მამას აუშენებია 76 წლის წინ ერთადერთი ვაჟის დაბადების აღსანიშნავად. როგორც იმხანად თავმომწონე რაჭველს ეკადრებოდა, ეს სახლიც ხის და შუშაბანდიანია.

პირველად რომ ჩამოვედით, სწორედ ამ სახლის ეზოში გაიშალა პურმარილი. ჩვენს დასალოცად შავი ღვინო მოიტანეს და საგანგებოდ აღნიშნეს, შრანწილნდელიაო. გავიფიქრე, ალბათ, ყურძნის ჯიშია, რომლისგანაც ეს ღვინოა დაწურული-მეთქი. აშკარად ფრანგული ჟღერადობა ჰქონდა, მაგრამ მისი ფრანგულ-რაჭული წარმოშობის მოძიება იმ მომენტისათვის უადგილოდ მივიჩნიე. აი, ქეიფის დასასრულს რომ ღვინო შემოაკლდათ და ისევ რომ აღნიშნეს, ესეც იგივე ვაზისგანაა დაწურული, ოღონდ შრანდელიაო, მაშინ ყველა კითხვას მომენტალურად გაეცა პასუხი.

მას შემდეგ ბევრი რაჭული სიტყვა ვისწავლე. მათგან ყველაზე საინტერესოა "მაპაიჯობელი". არარაჭველები რომ არ დაგაბნიოთ, გეტყვით, ეს იგივე დამპატიჟებელია.

"ტბაუკას" შავლაძეების ტბასაც ეძახიან. ვისაც თევზაობა გიყვართ, ამბობენ, "კარგად იჭირებაო".

კიდევ რა გითხრათ, სახლი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, სოფელ ნიკორწმინდაში, შავლაძეების უბანში დგას. უბნის ქვემოთ "პატარიკა" ტბა არის. ამ "ტბაუკას" შავლაძეების ტბასაც ეძახიან. ვისაც თევზაობა გიყვართ, ამბობენ, "კარგად იჭირებაო".

ისინი, ვინც შავლაძეების უბანში კერიის სითბოს ინახავან

ზაფხულობით ბავშვებისა და ახალგაზრდების ჟრიამული ავსებს არემარეს. უბანში შემორჩენილ თითო-ოროლა მოხუცს სწორედ ასეთი ნიკორწმინდა ახსოვს. გული სწყდებათ, რომ ზაფხული გაილევა თუ არა, აქაურობა დაცარიელდება. ზამთარში მხოლოდ რამდენიმე სახლის სახურავიდან ამოდის კვამლი და ასე გრძელდება მომავალ ზაფხულამდე.

სანდრო კობახიძის შვილიშვილს ტყუპი შეეძინაო, ამას წინათ მახარეს. ახლა, ალბათ, ეს პატარები ითამაშებენ ღობესთან მიყენებულ ოთარიკას ტრაქტორზე. უბნის ყველა პატარა ხომ მხოლოდ ამ ტრაქტორის ხათრით მიირთმევს წვნიანს.

დემურიკა და რუსიკო გოცირიძეების ეზოდან ისევ გარმონის ხმა ისმის. "დემუ, ჩამოუარე, გენაცვალე", - ეუბნება იგი ბაბუის მოსახელე შვილიშვილს. გუშინ მისი ყანიდან ბავშვებს სიმინდის ტაროები მოუპარავთ... "მაგაზე ხმას როგორ ამოვიღებ, ბავშვი ქვე რავა არ ვყოფილვარო", - დინჯად ამბობს დემურიკა.

მარჯვნივ თადული შავლაძე - ჩვენი უბნის კოლორიტი

თადული შავლაძე უბნის კოლორიტია. ხანდახან მგონია, რომ უასაკოა: ბავშვთან ბავშვია, ახალგაზრდასთან - ახალგაზრდა, მოხუცთან - მოხუცი. მისი გამონათქვამები პოპულარულია უბანში. "მე მივხვდი, რომ საქართველომ გაიმარჯვა", - ამას მაშინ ამბობს, როდესაც ნადირობიდან ან თევზაობიდან დაბრუნებულებს ხვდება ხოლმე. სულ ვამბობ, თადულის ხმა რომ დროულად აღმოეჩინათ, დღეს ცნობილი მსახიობი იქნებოდა-მეთქი. ალბათ, ვერავინ კითხულობს თადულივით გალაკტიონის "ნიკორწმინდას".

არ შეიძლება, არ ვახსენო აქსანიკა, რაჭველების უკრაინელი რძალი. არაფერია იმაზე საამური მოსასმენი, როდესაც აქსანა უკრაინული აქცენტით რაჭულ კილოზე გიყვება ამბავს. ლობიო ვერა და ვერ შეიყვარა. სამაგიეროდ, უკრაინული ბორშჩი შეაყვარა აქაურებს.

უხარიათ რაჭველებს, ამდენი ტურისტი რომ სტუმრობს მათ მხარეს. არ აკლებენ რაჭულ ლორსა და ლობიანს და წასვლისას აუცილებლად ასე ემშვიდობებიან:

"შეგეწიოთ ყოვლად წმინდა,

ხოტევი და ნიკორწმინდა".

დასრულდა ზაფხული და ნიკოწმინდაც ნელ-ნელა იცლება უკვე...

მე და ჩემი შვილებიც მომავალ წლამდე დავემშვიდობეთ რაჭას, შავლაძეების უბანს.

ეკა სალაღაია (სპეციალურად საიტისთვის)