გახდება სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრი?! - კვირის პალიტრა

გახდება სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრი?!

მიუხედავად უკრაინული კარიერისა, სააკაშვილის მთავარ მიზნად საქართველოს ხელისუფლებაში ხელახლა დაბრუნება რჩება...

ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინულ და რუსულ მედიაში აქტიურად განიხილავენ უკრაინის მთავრობაში მიხეილ სააკაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შესაძლებლობას. "დაინიშნოს მიხეულ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ მინისტრად" - ასეთი სათაურით ელექტრონული პეტიცია პეტრო პოროშენკოს პრესსამსახურის ვებგვერდზე გამოჩნდა. პეტიციის ავტორები მოითხოვენ, რომ სააკაშვილს საშუალება მიეცეს დაწყებული რეფორმები ბოლომდე მიიყვანოს და უკრაინა საბოლოოდ გაათავისუფლოს კორუფციისგან. იმისთვის, რომ პეტიცია პრეზიდენტმა განიხილოს აუცილებელია 25 ათასი ხელმოწერა, რომელიც 90 დღეში უნდა შეგროვდეს. 1 სექტემბერს დადებულ პეტიციას ხელი ამჟამად უკვე 12 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

გარდა ამისა, 3 სექტემბერს უკრაინული მე-5 არხისათვის მიცემულ ინტერვიუში, სააკაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა მოქმედი პრემიერ-მინისტრი, არსენ იაცენიუკი და არც მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები დაინდო. მისი თქმით, იაცენიუკი ოლიგარქების ინტერესებს ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე მაღლა აყენებს. შედეგად, უკრაინის მთავრობას პირდაპირ აკონტროლებენ ოლიგარქიული ძალები, რაც ქვეყნის განვითარებას და რეფორმების გატარებას სერიოზულად აფერხებს. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მთავრობას პარალიზებული უწოდა, ხოლო ვითარება უკრაინაში შეაფასა როგორც ძალიან კორუმპირებული და რთული. სააკაშვილმა დასძინა, რომ ვითარების ჩიხიდან გამოყვანის ერთადერთი საშუალება ახალი კადრების დანიშვნა და მთავრობის გადატვირთვაა.

მიხეილ სააკაშვილს დიდი მხარდაჭერა აქვს უკრაინულ მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი პროდასავლურად განწყობილ ნაწილში. ისინი "ფეისბუქის" გვერდზე კომენტარებში აქტიურად მოუწოდებენ სააკაშვილს, უარი არ თქვას პრემიერობაზე. პრეზიდენტის ინტერვიუს შემდეგ პეტიციის მხარდამჭერთა რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება. უკრაინის ნომერ პირველი პრობლემა, რათქმაუნდა, ომი და ტერიტორიული მთლიანობაა, თუმცა მოსახლეობა ქვეყანაში გავრცელებული კოფურციითაც ძალიან დაიღალა და მთავრობისგან რადიკალურ რეფორმებს და კორუფციასთან ბრძოლას ითხოვს.

ინტერვიუში სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის არ აპირებს უკრაინის პრემიერ-მინისტრობას, რადგან უკრაინის პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება მოწესრიგებული, გარკვეული ფინანსურ დეტალებში, იქნება დამოუკიდებელი ოლიგარქიული ინტერესებისგან და დასძინა, რომ არიან უკრაინაში, რომლებიც ამ საქმეს მასზე უკეთ გაართმევენ თავს... თუმცა ეს უფრო თავპატიჟს ჰგავს, ის საკითხი, რომ მან პეტიციის გამოჩენისთანავე "დაარტყა" იაცენიუკს, სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

სააკაშვილის პრემიერად დანიშვნამ შესაძლოა გააუარესოს რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები. ამის შესახებ საუბარი სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის დროსაც მიმდინარეობდა. ბევრი ამბობს, რომ სააკაშვილის მაღალ პოსტზე დანიშვნა თავიდანვე იყო გამიზნული, ოდესის გუბერნატორობა კი მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო ამ გზაზე. მიხეილ სააკაშვილი 2015 წლის 30 მაისს დაინიშნა ოდესის ოლქის გუბერნატორად. ოდესის ოლქი პრორუსი მოსახლეობის სიმრავლით გამოირჩევა, ამიტომ ეს პირდაპირი გამოწვევა იყო რუსეთისადმი. მოსახლეობის საკმაოდ დიდი, 29% ეთნიკურად რუსია.

ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის მთავარი საზრუნავი კორუფციასთან ბრძოლა და ქვეყნის ქაოსიდან გამოყვანაა. პოროშენკოს მიერ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის მთავარი მიზეზი სწორედ რადიკალური რეფრომების გატარებაში მისი დიდი გამოცდილება იყო. ინტერვიუში სააკაშვილის საუბრიდან ჩანს, რომ მისი მთავარი პრობლემა არასაკმარისი ძალაუფლებაა. მან ღიმილით აღნიშნა, რომ მის მიერ წარდგენილი 16 კანდიდატურიდან მხოლოდ 6 დანიშნეს თანამდებობებზე ოდესის ოლქში.

თუ გავითვალისწინებთ ხალხის მხარდაჭერას, პოროშენკოს პოლიტიკურ ნებას და სააკაშვილის უკანასკნელ ინტერვიუს, მისთვის პრემიერობის შეთავაზება მოვლენების ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა. მით უფრო, ბევრი პროგნოზირებს უკრაინის მომავალ სამთავრობო კრიზისს, რასაც შესაძლოა პოროშენკოს მთავრობამ ვერ გაუძლოს. სავარაუდოდ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე სამთავრობო ცვლილებები გარდაუვალია.

ამჟამად მიხეილ სააკაშვილი მთლიანად უკრაინის მოვლენებშია ჩართული, თუმცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ყოველთვის აღნიშნავს, რომ მისი მთავარი საზრუნავი საქართველოა და ოდესაში სწორედ რუსული აგრესიის შესაჩერებლად არის, რომელიც შესაძლოა მომავალში საქართველოსაც დაატყდეს თავს. ამჟამად სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკაში პირდაპირ მონაწილეობას, ფაქტობრივად, ჩამოშორებულია, თუმცა ის კვლავ რჩება "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელად და როგორც ამბობენ, რიგი გადაწყვეტილებების მიღებაშიც აქტიურად მონაწილეობს. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად უკრაინული კარიერისა, სააკაშვილის მთავარ მიზნად საქართველოს ხელსიუფლებაში ხელახლა დაბრუნება რჩება...

ნატო მუჯირიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)