"ხალხი იმიტომ მლოცავს, რომ რესპუბლიკელები მლანძღავენ"
"ზურაბიშვილი კოალიციაში ერთ-ერთი შავი ლაქაა"
"ივანიშვილმა "ენჯეოშნიკ" "სოროსელს" საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა", - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის ამ განცხადებას არა მხოლოდ საზოგადოების, კოალიციის წევრთა უკმაყოფილებაც მოჰყვა. რატომ ვერ ხედავს საკუთარ თავს რესპუბლიკელების გვერდით და მოუხდის თუ არა ბოდიშს მისი განცხადებებით გაღიზიანებულ მოქალაქეებს, "კვირის პალიტრას" დეპუტატი თამაზ მეჭიაური ესაუბრა:
- ეს ჩემი მოსაზრებაა და პიროვნული შეურაცხყოფაც არავისთვის მიმიყენებია. პირიქით, პრეზიდენტი აყენებს შეურაცხყოფას იმ ამომრჩეველს, რომელმაც სრულიად სხვა პროგრამისა და დაპირებების გამო აირჩია. გიორგი მარგველაშვილმა ბიძინა ივანიშვილი და ხალხი სათავისოდ გამოიყენა და მეც სწორედ მის უზნეო ქმედებებზე მივანიშნე.
- თქვენთვის "ენჯეოშნიკობა" და "სოროსელობა" უზნეობასთან ასოცირდება?
- "ენჯეოშნიკობა" უზნეობა ნამდვილად არ გახლავთ, მაგრამ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ქვეყანას ზიანს აყენებს. რაც შეეხება "სოროსელობას", სოროსი ყველაზე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციების შემქმნელად ითვლება, ამიტომ კრებსით სახედ გამოვიყენე. თუმცა, გამონაკლისების გარდა, მისი წიაღიდან გამოსულები, ძირითადად, ანტიქართულ საქმიანობას ეწევიან, საპატრიარქოსა და პატრიარქს უკანასკნელი სიტყვებით მოიხსენიებენ და თუთბერიძეების მსგავსი პიროვნებების დაფინანსებას გვამადლიან. ასე რომ, აქ საამაყოს ვერაფერს ვხედავ და არც მე მოვიხდი ბოდიშს... საბოდიშო სხვებს აქვთ...
- მაშ, რატომ დაუჭირეთ მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში "სოროსელ" გიორგი მარგველაშვილს, ის ხომ კოალიციის ფავორიტად ერთხმად დაასახელეთ?
- ბიძინა ივანიშვილი ხალხის აბსოლუტური ნდობით აღჭურვილი ლიდერი იყო, მან კი პრეზიდენტის პოსტზე რეკომენდაცია გიორგი მარგველაშვილს გაუწია. მას მანამდე არც ვიცნობდი და მხარი იმიტომ დავუჭირე, რომ ვიფიქრე, ბიძინა იცნობდა კარგად.
- და რაკი მარგველაშვილი კოალიციას არ ემორჩილება, ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი შეცდა?
- შედეგებით ყველაფერი ნათლად ჩანს.
- პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული განცხადების გამო კოლეგებმაც გაგაკრიტიკეს. თავდაცვის მინისტრმა ამ ყველაფერს სამარცხვინო უწოდა, დავით ზურაბიშვილს კი თქვენნაირი პოლიტიკოსების მაღალ თანამდებობაზე ყოფნა საგანგაშოდ მიაჩნია.
- ზურაბიშვილი ჩემი კოლეგა არასოდეს ყოფილა და მადლობა თქვას, რომ ჩვენს გუნდში მოვიხსენიებთ. მე ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელი ვარ, ზურაბიშვილი კი კოალიციაში ერთ-ერთი შავი ლაქაა. დანარჩენებს რაც შეეხება, განცხადების გაკეთების შემდეგ, საღამომდე, სხდომათა დარბაზში ვიჯექი და თუ რომელიმე კოლეგამ ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგო, მოსულიყვნენ და განვუმარტავდი. ამის ნაცვლად, მხოლოდ მათი შეურაცხმყოფელი განცხადებები მესმოდა, ამიტომ ვფიქრობ, აქ სხვა მოვლენებთან გვაქვს საქმე.
- რა მოვლენებს გულისხმობთ?
- ამაზე განცხადებას მალე გავაკეთებ. ვინც პიროვნული შეურაცხყოფა მომაყენა, პასუხს პირადად გავცემ...
- კოალიციაში დაპირისპირება უკვე აშკარაა. კონკრეტულად რა საკითხებზე და ვისთან ვერ თანხმდებით?
- რესპუბლიკელებში არის ჯგუფი, რომელიც კოალიციის სხვა წევრებს მედიდურად უყურებს, ნაწილი კონსტრუქციულია. მაგალითად, გიგლა აგულაშვილი, ნოდარ ებანოიძე, თემურ ნერგაძე კომუნიკაბელური ადამიანები არიან, ძმებ ბერძენიშვილებზე, ხიდაშელსა და ზურაბიშვილზე კი იმავეს ვერ ვიტყვი. ვიღაცებს ნუ ჰგონიათ, რომ შანტაჟით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას შეძლებენ - ხალხს ისინი არ აურჩევია!
- რესპუბლიკელები აშანტაჟებენ კოალიციის სხვა ლიდერებს?
- ყველაფერი უკვე ვთქვი... ხალხი იმიტომ მლოცავს, რომ რესპუბლიკელები მლანძღავენ.
- ასეთი იდეოლოგიური შეუთავსებლობის მიუხედავად, თქვენ დათანხმდით კოალიციის სახელით არჩევნებში მონაწილეობას... ამ დაპირისპირების შემდეგ მმართველ გუნდში, რესპუბლიკელების გვერდით ყოფნა შესაძლებელი გგონიათ?
- მომავალ არჩევნებში მათ გვერდით თავი ნამდვილად ვერ წარმომიდგენია... სხვათა შორის, 2016 წლის არჩევნებში კენჭისყრას არ ვგეგმავდი, თუმცა არ გამოვრიცხავ, გარკვეული ფორმით პროცესში ჩავერთო.
- თქვით, რომ ბოდიშს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს მოუხდით, მაგრამ როგორც დეპუტატი, საზოგადოების წინაშე ხართ პასუხისმგებელი...
- მე უკვე განვაცხადე, რომ საბოდიშო არაფერი მაქვს, ჩემმა კოლეგებმა მომიხადონ ბოდიში...
- ბოლო განცხადებების გამო ბიძინა ივანიშვილი არ შეგხმიანებიათ?
- არა, თუ საჭიროდ ჩათვლის, შემეხმიანება...
თამაზ მეჭიაურთან საუბრის შემდეგ, რესპუბლიკელ დავით ზურაბიშვილს დავუკავშირდით: "მეჭიაურთან პოლიტიკურ მომავალს ვერ ვხედავ და არც მინდა, რომ რესპუბლიკელები მის გვერდით ისევ აღმოვჩნდეთ. ბიძინა ივანიშვილს არავისზე ნაკლებ პატივს არ ვცემ, ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და ცოცხალი რომ ვარ, მისი დამსახურებაა, მაგრამ რესპუბლიკელები მივიჩნევთ, რომ პოლიტიკაში პიროვნებების კი არა, იდეებისა და პრინციპების ერთგული უნდა იყო.
2012 წელს სპეციფიკური პოლიტიკური ვითარების გამო სპეციფიკური გაერთიანება შეიქმნა, რომლის მთავარი მიზანი - ყველა ერთის წინააღმდეგ იყო. ახლა, როცა სააკაშვილის რეჟიმი არ არსებობს, კოალიცია თავის შესაძლებლობებს ამოწურავს, თუმცა მომავალშიც კოალიციური მთავრობა გვეყოლება. უბრალოდ, ის კლასიკური გაგებით ევროპული ტიპის გაერთიანება იქნება".
რუსუდან შელია