"საშკას ვერ გაგვიცოცხლებენ, მაგრამ დამნაშავე უნდა დაისაჯოს" - ხმაური ე.წ. კორტების საქმის განხილვისას - კვირის პალიტრა

"საშკას ვერ გაგვიცოცხლებენ, მაგრამ დამნაშავე უნდა დაისაჯოს" - ხმაური ე.წ. კორტების საქმის განხილვისას

"მაგათ ძალაუფლების დემონსტრირებას შესწირეს ორი ახალგაზრდის სისცოცხლე, მათ შორის ალექსანდრე ხუბულოვის, ჩემ სიძეს წლინახევრისა და თვენახევრის შვილები დარჩა, აქამდე არაფერი გვითქვამს, დღეს თავი ვეღარ შევიკავე"

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღეს სასამართლო დარბაზში დაპირისპირება მოხდა, როდესაც ერთ-ერთი ექსპერტი იკითხებოდა. დაკითხვისას ბრალდებულმა გიორგი ცააძემ მოითხოვა ვიდეომასალის ჩვენება. მას შემდეგ რაც სასამართლოს დარბაზში ვიდეო მასალის ჩვენება დაიწყო, ზურაბ ვაზაგაშვილთან ერთად მოკლული ალექსანდრე ხუბულოვის სიდედრმა ბრალდებულების მიმართ შეურაცხმყოფელი რეპლიკა გააკეთა, რასაც დარბაზში დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოყვა.

ალექსანდრე ხუბულოვის მეუღლემ კი დარბაზში მყოფ ერთ-ერთ პირს შეაფურთხა, რის შემდეგაც მანდატურებმა ის დარბაზიდან გაიყვანეს.

ასევე სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს ხუბულოვის სიდედრი რუსუდან თურმანიძე, რომელმაც გაძევების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა, რომ ალექსანდრე ხუბულოვს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა და ათი წელია განცხადება არ გაუკეთებია, დღეს კი ბრალდებულების გამოსვლების შემდეგ თავი ვეღარ შეიკავა.

"ეს სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ იყო დაგეგმილი. მაგათ ძალაუფლების დემონსტრირებას შესწირეს ორი ახალგაზრდის სისცოცხლე, მათ შორის ალექსანდრე ხუბულოვის, ჩემ სიძეს წლინახევრისა და თვენახევრის შვილები დარჩა, აქამდე არაფერი გვითქვამს, დღეს თავი ვეღარ შევიკავე", - განაცხადა რუსუდან თურმანიძემ.

ჩვენს არქივში ინახება ინტერვიუ ანა ხუბულოვის მეუღლე, ანა თათარაშვილთან, რომლიდანაც ამონარიდს გთავზობთ:

ანა თათარაშვილი, ხუბულოვის მეუღლე:

- ვიცი, საშკას ვერ გაგვიცოცხლებენ, მაგრამ ეს საქმე სწორად უნდა გამოიძიონ და დამნაშავე დაისაჯოს...

საშკამ წინადღეს თქვა, ხვალ საქმეზე მივდივარო, მაგრამ იმ ღამით ბავშვმა არ დაიძინა და გამთენიისას, 7 საათზე დავწექით. საშკას მობილური გათიშული ჰქონდა, სახლის ნომერზე იმდენჯერ დარეკეს, წამოდგა ლოგინიდან და ზარს უპასუხა. არ ვიცი, ვის ესაუბრა. მერე მითხრა, უნდა წავიდეო. საათ-ნახევარში ტელევიზიით ვნახე ეს საშინელი ფირი... 17 ტყვია დავუთვალეთ საშკას.

იხილეთ სრულად