რატომ გაათავისუფლეს "მამულიჩა" სასამართლო დარბაზიდან?! - კვირის პალიტრა

რატომ გაათავისუფლეს "მამულიჩა" სასამართლო დარბაზიდან?!

რის საფუძველზე გაათავისუფლეს პატიმრობიდან ნარკოდანაშაულში ბრალდებული პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე "მამულიჩა"?

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , მამულაშვილის წინასასამართლო სხდომა სასამართლოში 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მისი ახლობლები, მათ შორის ძმა, შვილი და მეგობრები მე-12 დარბაზთან პროცესის დაწყებას თითქმის ერთი საათი ელოდებოდნენ. საქმის პროკურორმა, გიორგი დავითაშვილმა პროცესამდე ცოტა ხნით ადრე "ინტერპრესნიუსსს" განუცხადა, რომ სხდომა გადაიდებოდა და შენობა დატოვა.

ცოტა ხანში, საქმის პროკურორი მოსამართლის თანაშემწესთან მივიდა, რის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან თანაშემწე გავიდა და განმარტება არ გაუკეთებია, როდის დაიწყებოდა პროცესი. ამ პერიოდში, ბრალდებულის ახლობლებთან და რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად, დარბაზში იმყოფებოდა საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ორი წარმომადგენელი, თუმცა მათ მედიისთვის არ უცნობებიათ, რატომ ჭიანურდებოდა პროცესი. ცოტა ხანში კი გაირკვა, რომ კახა მამულაშვილი მეორე სართულზე, მე-18 დარბაზიდან ისე გაათავისუფლეს, რომ მედიის არც ერთ წარმომადგენელს მის პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა.

მამულაშვილის გათავისუფლების შესახებ ჟურნალისტებმა მას შემდეგ გაიგეს, რაც იგი სასამართლოს ეზოში, ავტომობილში ჯდებოდა.

ჯერ უცნობია, რის საფუძველზე გაათავისუფლეს პატიმრობიდან კახა მამულაშვილი რის საფუძველზე გაათავისუფლეს ნარკოდანაშაულში ბრალდებული კახა მამულაშვილი, ამ დროისთვის უცნობია. სასამართლო სხდომა მედიის გარეშე ჩატარდა.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, ჟურნალისტებს სასამართლოს პრესსამსახურის მხრიდან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მამულაშვილის პროცესი უნდა ჩატარებულიყო საქალაქო სასამართლოს მე-12 დარბაზში, 13.00 საათზე. თუმცა, პროცესის დაწყებამდე პროკურორმა თქვა, რომ წინასასამართლო სხდომა ადვოკატის შეცვლის მოტივით გადაიდო. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ სხდომა სხვა დარბაზში ისე ჩატარდა, რომ სასამართლოს პრესსამსახურმა მედიის წარმომადგენლებს სხდომის ადგილის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია. შესაბამისად, უცნობია, კახა მამულაშვილი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, თუ ბრალდების მხარესთან რაიმე გარიგება შედგა.

რაც შეეხება გათავისუფლების მოტივს, ადვოკატის თქმით, მოსამართლემ ჩათვალა, რომ მამულაშვილის ციხეში ყოფნის აუცილებლობა არ იყო. სასამართლოს ინფორმაციით კი, კახა მამულაშვილის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას პროკურატურაც დაეთანხმა.

მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი სამართალდამცავებმა 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0,2048 გრ.

კახი მამულაშვილს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობდა (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).

"ინტერპრესნიუსი"