კალაძე VS ჟორჟოლიანი
ვიცე-პრემიერის კახი კალაძის ცოლის ძმას გიორგი არეშიძეს შესახებ "ფრეშ ნიუსმა" სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც ლაპარაკია, რომ ვიცე-პრემიერის ცოლის ძმას დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვასა და მითვისებაში ადანაშაულებენ.
როგორც ქართული სააგენტოები წერენ, კახი კალაძემ ამ სიუჟეტს არასერიოზული უწოდა. მისი თქმით, სიუჟეტი ნანუკა ჟორჟოლიანმა შეუკვეთა.
"ეს არის სიცრუე. "ფრეშ ნიუსი" ერეკლე კოდუას მეუღლის სააგენტოა. ერეკლე კოდუა ვინც არის და რას წარმოადგენს, ეს ვიცით. ის ჩვეულებრივი კრიმინალი და ე.წ. ბარიგაა. მისი მეუღლის მიერ შეკვეთილ სიუჟეტებზე ვიცე-პრემიერმა გასცეს პასუხი, მგონი არასერიოზულია", - კახი კალაძის ამ განცხადებას ქართული საინფორმაციოა სააგენტოები ავრცელებენ.
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ერეკლე კოდუასთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერს სოციალური ქსელით გამეხმაურა: "კახი კალაძე დიდხანს და უშედეგოდ ეძებდა კრიმინალების მიერ გატაცებულ ძმას. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო. იყო ბევრი უძილო ღამე, დაკითხული ათობით მოწმე... არეული კვალი.. და მაინც არ ნებდებოდნენ პოლიციელები და გამომძიებლები. ამ პოლიციელებს შორის იყო ერეკლე კოდუა, რომელმაც მართლა ძალიან ბევრი გააკეთა, რომ ცნობილი ფეხბურთელის ოჯახს, გაეგო რეალურად რა ტრაგედია დატრიალდა მის თავს. საქმე გაიხსნა. აღარ ვყვები რამდენჯერ მოატყუეს ოჯახი, გადაახდევინეს ძალიან დიდი ფული... გადააგდეს. აღარ ვყვები, როგორ ატყუებდნენ მათ რომ გატაცებული ბავშვი ცოცხალი იყო...
ამ ყველაფრის შემდეგ, დაჯდე და ორღობის ჭორიკანასავით ილაპარაკო ერეკლე კოდუაზე, იმაზე მეტად ტეხავს, ვიდრე "რემენასთან" ძმაკაცობა და ორი ავტოგოლი. როცა ხარ დაუნახავი და უმადური , ხარ ასეთი ყველასთან. როცა ამას ივიწყებ, დაივიწყებ ყველაფერს ამ ქვეყანაზე. მათ შორის ვალდებულებებსაც საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. დანარჩენს გავარკვევთ სასამართლოში, სადაც აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს", - წერს ჟორჟოლიანი.