"ჩემმა 8 წლის შვილმა 220 ვოლტის სიმძლავრის დენის დარტყმას გაუძლო - ექიმებმა კი სასწაული შეძლეს და ხელი შეუნარჩუნეს" - კვირის პალიტრა

"ჩემმა 8 წლის შვილმა 220 ვოლტის სიმძლავრის დენის დარტყმას გაუძლო - ექიმებმა კი სასწაული შეძლეს და ხელი შეუნარჩუნეს"

"ბავშვმა ხელი მოკიდა შიშველ სადენს, სადაც და 220 ვოლტის სიმძლავრის დენი გადიოდა. ჩემი შვილი სასწაულებრივად გადარჩა, თუმცა იმდენად ძლიერი გარტყმა მიიღო, იქვე გაითიშა".

"ოპარაციის ჩატარებისას საშიშროება იყო ბავშვს ეს მიკერებული ხელი არ მოეგლიჯა"

იაშვილის დამწვრობის ცენტრში ჩატარდა ოპერაცია, რომელიც ერთ-ერთი უიშვიათესია ქართული მედიცინის ისტორიაში. 8 წლის სანდროს მარჯვენა ხელის ამპუტაცია ემუქრებოდა, რადგან ღობეზე გადასვლისას გაშიშვლებულ ელექტროსადენებს ხელით შეეხო და უმძიმესი დამწვრობა მიიღო. ექიმებმა პატარა დაინვალიდებისგან ურთულესი ოპერაციით იხსნეს.

"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა ბავშვის დედას თამარ მიდერაშვილს და ასევე დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელ გუგა ქაშიბაძეს.

თამარ მიდერაშვილი:

- მეზობელთან ვიყავი სამძიმარზე გადასული, როგორც მითხრეს, ბავშვი ღობეზე ავიდა, სადაც თურმე ელექტროსადენები გადიოდა, რომელიც იზოლირებული არ იყო, ბავშვმა ხელი მოკიდა შიშველ სადენს, სადაც და 220 ვოლტის სიმძლავრის დენი გადიოდა. ჩემი შვილი სასწაულებრივად გადარჩა, თუმცა იმდენად ძლიერი გარტყმა მიიღო, იქვე გაითიშა. მეზობელმა გამოუძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადას და გადაიყვანეს ბავშვი გორში სამხედრო ჰოსპიტალში, შემდეგ კი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, სანდრო შოკში იყო, იმდენად ცუდად იყო, ვერავის სცნობდა, ხელ-ფეხს იქნევდა და ყვიროდა, ექიმები ვერ ამაგრებდნენ, მეც კი ვერ მიცნო, რომ მივედი საავადმყოფოში, მაგრამ ჩემი ხმა რომ გაიგო, გონება დაუბრუნდა.

როცა ბატონმა გუგამ და ზურა ექიმმა გვითხრეს, რომ ბავშვი ხელს დაკარგავდა, ძალიან ვინერვიულეთ, მაგრამ მკვებავების საშუალებით და იმ უიშვიათესი ოპარაციით, ბავშვს ხელი მუცელზე მიაკერეს და ნერვული სისტემა აღუდგინეს, არ ვიცი სანდრო როგორ ახერხებდა, მაგრამ დიდი სიმშვიდით იტანდა ამ ყველაფერს. ახლა კარგად არის, მხიარულია და ბავშვებთან თამაშობს კიდეც. ჩემმა 8 წლის შვილმა 220 ვოლტის სიმძლავრის დენის დარტყმას გაუძლო - ექიმებმაა კი სასწაული შეძლეს და ხელი შეუნარჩუნეს. ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ.

გუგა ქაშიბაძე:

- ჩვენთან ბავშვი გადმოიყვანეს მეოთხე სტადიის დამწვრობით, როცა მოვახერხეთ ნეკროზული უბნების მოშორება, მარჯვენა ხელის ნეკა თითი, ფაქტობრივად, ქსოვილის გარეში იყო დარჩენილი. მტევნის ამპუტაციის საშიშროებაც რეალური იყო. უკეთეს შემთხვევაში ბავშვი მტევნის გარკვეულ ნაწილს დაკარგავდა, მიუხედავად ასეთი რთული ვითარებისა, მოვახერხეთ და სანდროს მარჯვენა მტევნის გარკვეული ნაწილი გუგა ქაშიბაძე ჩავაკერეთ მუცლის კანისგან შექმნილ ჯიბეში, რათა ქსოვილი სწრაფად აღდგენილიყო, ყველაფერი კარაგდ წავიდა და წარმატებული შედეგი მივიღეთ, მტევნის დაზიანებული ქსოვილი აღდგა, უკვე მტევანი მუცელს მოვაშორეთ და ბავშვს არა მარტო ქსოვილები, მათი ფუნქციაც კი მნიშვნელოვანწილად უკვე აღუდგა. ოპარაციის ჩატარებისას იყო საშიშროება ბავშვს ეს მიკერებული ხელი არ მოეგლიჯა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩამოყალიბებული, შეგნებული კაცივით ითმენდა ყველაფერს. მსგავსი ოპერაციები არ არის ხშირი, მიხარია, რომ ჩვენ შევძელით და ოპერაცია კარგი შედეგითაც დავასრულეთ. ამ მეთოდს მუცლის კანისგან შექმნილ ჯიბეში მტევნის ჩაკერება ჰქვია.

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)