"ჩემი შვილის სახელის ლაფში ამოსვრას არავის ვაპატიებ!"
"ჩემს შვილს მარცხენა მხარეს ჩაარტყა დანა, რამაც ფილტვი, აორტა და გული გაუგლიჯა, თან მკვლელს ჩარტყმული დანა დააუტრიალებია. როგორ უნდა შემობრუნებულიყო უკან ლამის ორმეტრიანი ბავშვი? დათო იპოვეს იმავე მდგომარეობაში, როგორც იჯდა, საჭეს ხელი ძლივს გააშვებინეს"
"კვირის პალიტრა" უკვე წერდა გასული წლის 15 დეკემბერს, ვარკეთილში დატრიალებულ შემზარავ ტრაგედიაზე, როდესაც 19 წლის დავით ხარაზიშვილი ცივი იარაღით გამოასალმეს სიცოცხლეს. სისიხლისგან დაცლილი ახალგაზრდა დაჭრიდან 15 წუთში ადგილზე გარდაიცვალა. დედისერთა ახალგაზრდის მკვლელობის მიზეზად შურისძიება დასახელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 15 წლის ნათია ფ-მ მამის მოთხოვნით ბიჭს "ფეისბუქის" საშუალებით მესიჯი მისწერა და შეხვედრა დაუთქვა. ხარაზიშვილი დათქმულ ადგილას დედის კუთვნილი ავტომანქანით გავიდა, რა დროსაც მას ნათია ფ-ს მამა, ბიძა და ბაბუა დაედევნენ, ისინი ბიჭს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი მამამ, კახა ფ-მ ზურგის არეში სასიკვდილოდ დაჭრა.
21 აგვისტოს, საქალაქო სასამართლომ დავით ხარაზიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ კახა ფ-ს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დაცვის მხარის მტკიცებით, ხარაზიშვილმა გოგონა გააუპატიურა, თუმცა გამოძიებას არ დაუდგენია, მართლა ჰქონდა თუ არა ადგილი სქესობრივ ძალადობას. როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, გაუპატიურებაზე საჩივარი არავის შეუტანია და, შესაბამისად, გამოძიება არც ჩატარებულა.
ირმა ბრელიძე, კახა ფ-ს ადვოკატი:
- გამოძიებამ დავით ხარაზიშვილის დედის თანხმობით ამოიღო მისი მიმოწერები "ფეისბუქზე". მას გარდაცვალებამდე მიმოწერა ჰქონდა ნათიასთან და მეგობრებთან. 15 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ნათიამ დედას გაანდო მასზე ძალადობის შესახებ, ეს მამის მხარემაც გაიგო და გოგონას მამამ და ბაბუამ ხარაზიშვილს დასალაპარაკებლად მიაკითხეს სახლში. დათო "ფეისბუქში" წერს ნათიას: "შემთხვევით დედაშენისთვის და მამაშენისთვის ხომ არ გითქვამს რამე, ზოგადად რამე, იმენნა ის ხომ არა, ჩვენზე? დღეს დილით ორი კაცი დახვდა ჩემს მეზობელს სადარბაზოსთან და მეძებდნენ, მერე კაკუნით ჩამოიღეს კარი, თან კაცები. ერთადერთი აზრი, რაც თავში მომდის, ეს კლიაოზნიკი მამაშენია".
ხარაზიშვილი იმავე დღეს თავის მეგობარს მისწერა: "მეძინა და ორი სომეხი კაცი ამოვიდა, ჩამოიღეს კარი, ვიღაც დამდევს მოსაკლავად, იმენნა მე მეძებენ, დამენძრა მგონი, ნათიამ უთხრა მამამისს რაღაც. ოკ, დავრეკავ, მანამდე თუ არ მომკლა ვინმემ". ასევე მეგობარ ნიას მისწერა: "შენ იცინე და, მე სულ ქალიშვილებთან მაქვს სექსი და ყველაზე რეალური ვარიანტი ეგ არი".
რატომ ფიქრობდა ხარაზიშვილი, რომ მაინც და მაინც მოსაკლავად მიაკითხეს? ეს ბიჭი ორი კვირის განმავლობაში, როგორც ჩანს, შინიდან არ გამოდიოდა, პანიკაში იყო და ყველას სწერდა, რომ მოსაკლავად დასდევდნენ. როდესაც ნათია დათოს შეხვედრას უთქვამდა, მამა ეჯდა გვერდით და ის აწერინებდა ტექსტს. მეგობრებიდან დაიკითხა სოფო ტ, რომელმაც თქვა, რომ ნათიამ 1 დეკემბერს, ანუ მანამ, სანამ დედას ეტყოდა, მოუყვა, რომ ხარაზიშვილმა მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. ნებითაც თუ იყო, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარება, თანაც გაუკუღმართებული, დასჯადია. ნათია ამბობს, 1 დეკემბერს დავით ხარაზიშვილმა საკუთარ სახლში ფოტოების გადასაღებად ამიყვანა და იარაღის მუქარის ქვეშ იხმარა ძალაო. მისი მანქანიდან ამოღებულია პლასტმასის იარაღი, რომელიც სანთებელა აღმოჩნდა, თითქმის ნამდვილი იარაღის იდენტური.
საქმეში არსებობს ერთადერთი, 2015 წლის 16 დეკემბერს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ "ნ.ფ.-ს საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეულია. არ არის მთელი, მისი დარღვევის ხანდაზმულობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია, ვინაიდან გასულია 2 კვირაზე მეტი.".
გოგონას მამა სულიერად დაავადებულია, დადგენილი აქვს ორგანული აშლილობა და პერიოდულად გადიოდა მკურნალობას ფსიქიატრიულში. იგი ამბობს, მცემდნენ და ისე მომაწერინეს ხელი, არ წამიკითხავს, რა ჩაწერეს ოქმშიო. არც მკვლელობის იარაღია ამოღებული, არანაირი მტკიცებულება არაა საქმეში. ერთადერთი, რაც აქვთ, ესაა დისკი, რომელზეც ფარულად ჩაწერილი კახას სატელეფონო საუბრებია მის მეორე ცოლთან. კახა ეუბნება მას: ის ნაბიჭვარი ვნახე და დავჭერიო. არც ჩანაწერის ავთენტურობა არ არის დადგენილი, რასაც პირველივე დღიდან ვითხოვ. დათოს დანა უკანა მხრიდან აქვს დარტყმული, არადა, უკანა სავარძელზე იჯდა კახა, დათო მობრუნებულია მისკენ და კამათობენ. ბიჭი ისტერიკაში ჩავარდნილა, ყვიროდა, დაგჭრით, თქვენი სომეხი დედაო. კახა ფ. ამბობს, დანა მომიტანა სახესთან და ხელი გადავუტრიალე, მერე აღარ მახსოვს რა მოხდა, აზრზე რომ მოვედი, ვაზისუბანში ვიჯექი ბორდიურზეო.
ხათუნა ელიზბარაშვილი, დავით ხარაზიშვილის დედა:
- ჩემს შვილს ნათია არ გაუუპატიურებია, მათ შორის არასოდეს ყოფილა სქესობრივი კავშირი. როდესაც ნათია მათ საერთო მეგობარ სოფოს თითქოს გამოუტყდა, დათომ ჩემთან სქესობრივი კავშირი დაამყარაო, სოფოს დათოსთვის ადრეც და მკვლელობის დღესაც უკითხავს, მართალიაო? ჩემს შვილს უთქვამს - მსუბუქი ფლირტი გვქონდა, ვაკოცეთ, მეტი არაფერი მომხდარაო. დათო და სოფო ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ და ჩემი შვილი ამასაც ეტყოდა. მეორე მხარე ამტკიცებს, რომ დათომ ძალა იხმარა, რის შედეგადაც გოგონას ჰქონდა დაზინებები. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ აპკი არ არის მთელი, მაგრამ გარეგნულად ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება.
გაუპატიურების საქმე როგორ უნდა გამოეძიებინათ, როცა მეორე მხარეს განცხადება არ ჰქონდა შეტანილი და ძალადობაზე არავის უჩივლია? ან ამ გოგომ, თუ მართლა გააუპატიურეს, ორი კვირის მერე რატომ თქვა? რა, თავიდან ეშინოდა და მერე - აღარ? ნათიამ სასამართლოზე ისიც კი ვერ ახსნა, ლიფტიდან რომელი კარი იყო ჩვენი, თან ამბობს, დათომ ორჯერ ამიყვანა თავისთანო. დათოს და სოფოს ნათიასთვის არასდროს გადაუღიათ ფოტოები, ნათიამ დათოს სელფები გამოუგზავნა.
დაკითხვაზე გოგოს დედამ თქვა, რომ თავდაპირველად თვითონ წაიყვანა შვილი გინეკოლოგთან, რომელმაც გოგონას ქალიშვილობა დაუდგინა. მერე ამბობდა, მოგვატყუაო. მან პროკურორს ისიც უთხრა სასამართლოზე, დათოს ცოტა ხნით მაინც წაეყვანა ნათია ცოლადო. ალბათ უნდოდათ, განათხოვარის სახელი ჰქონოდა. მამამისმა თავიდან აღიარა მკვლელობა. მას მეორე ცოლთან სატელეფონო საუბარშიც უთქვამს, დავჭერი ნაბიჭვარიო. ამოღებულია ასევე მის მეგობართან სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც ამბობს, სუხიშვილზე ვიღაც "დავბრიდეო" და აღწერდა, როგორ ჩაარტყა მას ზურგიდან დანა. სასამართლოზე ორივე დაიკითხა მოწმედ და მათ დაადასტურეს კახა ფ-ს ნათქვამი და ჩანაწერის ავთენტურობა. მკვლელი შეურაცხადად გამოჰყავთ, არადა, ის სრულიად აკონტროლებდა თავს და კარგად აცნობიერებდა, რასაც აკეთებდა, გამოძიებას აფექტის პირველი ფაზაც არ დაუდგენია. ჩემი ავტომანქანა მარჯვენასაჭიანია, დათო წინ იჯდა, კახა ფ. ცაციაა და ჩემს შვილს მარცხენა მხარეს ჩაარტყა დანა, რამაც ფილტვი, აორტა და გული გაუგლიჯა, თან მკვლელს ჩარტყმული დანა დააუტრიალებია. როგორ უნდა შემობრუნებულიყო უკან ლამის ორმეტრიანი ბავშვი? დათო იპოვეს იმავე მდგომარეობაში, როგორც იჯდა, საჭეს ხელი ძლივს გააშვებინეს. თურმე ფეხებში და ხელებში ურტყამდნენ, ხელები რომ გაეშვა. კახა ფ-მ ჩვენებაშიც დაწერა, ზურგიდან ჩავარტყი დანაო. მერე ეტყობა დაარიგეს და თავის მართლების მიზნით მოიფიქრეს ეთქვა, არ მახსოვს, რა მოხდაო. დათო არავის ემალებოდა, იმ დღეებში რამდენჯერმე გავიდა სახლიდან თავის საქმეზე, დაბადების დღეზეც იყო, დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების ნახატების გამოფენაზეც, სადაც ფოტოები გადაიღო.
დესპოტი და მანიაკი გამოიყვანეს დათო. ისეთი კარგი შვილი გავზარდე, ყოველთვის თავაწეული და ამაყი ვივლი ქუჩაში. პანიკაში რომ ყოფილიყო და ეჭვი შეეტანა რამეში, სახლიდან გავიდოდა, თან ნათიას დათქმულ შეხვედრაზე? "ფეისბუქმიმოწერას" რაც ეხება, მეორე მხარემ ჩაატარა ბრიფინგი, რა დროსაც წაიკითხეს და გაახმოვანეს ის ამონარიდები, რაც მათ აწყობთ, კონტექსტიდან ამოგლეჯილად. რატომ ის არ ამოიკითხეს, დათო ნია რომ სწერდა - არავისთვის არაფერი მიწყენინებია ისეთი, კაცები რომ დამადგნენო.
დათო ერთდროულად წერდა ნათიას და კობას და როცა მეგობრისთვის უთქვამს, ნათია მთხოვს შეხვედრასო, ალბათ მაგიტომ მისწერა გოგოს, მამაშენისთვის რამე ხომ არ გითქვამსო, რათა დაედგინა, ის ეძებდა, თუ - არა.
ნათიას დათოსთან მამამისი ძალიან ცუდად ჰყავდა დახასიათებული, დათომ თქვა, დესპოტი მამა ჰყოლია, დანით დასდევდა ცოლ-შვილს, ამიტომ გაშორდნენო. რომ იცოდა მამამისის ხასიათი, ამიტომ მიუწერია, ზოგადად რამე ხომ არ გითქვამსო. როგორც ამბობენ, ნათიას ჰყვარებია დათო და უარი რომ უთხრა ურთიერთობაზე, ამიტომ ჩაიდინა ასეთი საქციელი. საუბარი ჩამოვარდნილა და დათოს უთქვამს, პატრა ხარ, შენი გაზრდის თავი არ მაქვსო. სოფოსთან უთქვამს ნათიას, დათო მიყვარს, მის გარეშე ვერ გავძლებო. არსებობს მოწმე, მეგობარი რომელიც ადასტურებს, რომ 1 დეკემბერს დათო მათთან იმყოფებოდა საავადმყოფოში და ის გოგოს სახლში ვერ ამოიყვანდა. თანაც, ჩვენს სახლში მუდმივად ვიღაცაა - მე, ჩემი და ან მამაჩემი. ნათია ფ. არც ამბობს, რომელ საათზე ამოიყვანა დათომ. მამა-შვილს რაც უნდა ახსოვს, რაც არა, არა. ახლა იგონებენ, გოგონა კარჩაკეტილია, გარეთ არ გადის და ამ ამბის შემდეგ თვითმკვლელობა არაერთხელ სცადაო, არადა, დათო ჯერ გაციებულიც არ იყო, გოგომ ინსტაგრამზე ფოტოები დაყარა და თავს იწონებდა თურმე, თაყვანისმცემლებმა ახალ მისამართზეც მომაგნეს და საჩუქრებიც მოაქვთო. ნათია ფ-ს სასამართლოზე არც უთქვამს, რომ გაუპატიურებისას დათო იარაღით ემუქრებოდა. დათოს სანთებელა მტკიცებულებათა ნუსხაში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ დანაშაულის ადგილიდან, "ბარდაჩოკიდან" ამოიღეს მისი ნივთები (და არა როგორც მუქარის იარაღი). ნათია რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ქალიშვილი არ აღმოჩნდა, აპრიორი დათომ გააუპატიურა? ამას დამტკიცება სჭირდება. თვითონ ამაზე არ ჩივიან, ან რაში აწყობთ? 14 დეკემბერს ჩემს შვილს "მაგთიფანიდან" მიუწერია ნათიასთვის - "ნაბიჭვარი უნდა ვიყო, რასაც იმსახურებ, ისე მოგექცე, მაგრამ მე მასეთი არ ვარ"- პანიკაში რომ ყოფილიყო, როდესაც ნათია შეხვედრის დრო დაუთქვა, დათო ბიჭ მეგობრებს მაინც წაიყვანდა თან და არა სოფოს, რომელიც, შეხვედრის შემდეგ, ნათიას თხოვნით, სახლთან ჩამოსვეს და თვითონ გააგრძელეს გზა. მკვლელობა არა თბილისის ზღვასთან, არამედ ნათიას კორპუსთან მოხდა, არავის არავინ გაუტაცია. დანაშაულის ადგილი მითითებულია საქმეში. ამასთან, ჩემი შვილის სისხლის კვალი აღმოჩნდა კახა ფ-ს, სვიტრზეც და შარვლის ტოტზეც და კიდევ იმას ამტკიცებენ, მკვლელობა მას არ ჩაუდენია და ვერაფრით მტკიცდებაო? ჩემი შვილის სახელის ლაფში ამოსვრას არავის ვაპატიებ!
ნანა ფიცხელაური