"სისხლიანი მადლენა" პროკურატურას ხელიდან დაუსხლტა? (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"სისხლიანი მადლენა" პროკურატურას ხელიდან დაუსხლტა? (ექსკლუზივი)

მადლენამ საქართველო დატოვა

"ქალბატონი მადლენა უპირისპირდება არსებულ რეჟიმს, ცდილობს, თავისი უფლებები დაიცვას საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. სად იმყოფება ქალბატონი მადლენა, საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვერ გეტყვით".

"ქონება სოლიდური მაქვს. ამ თანხის მეათედიც არ გააჩნია არავის საქართველოში, მილიარდებზეა ლაპარაკი...  ამდენი ჭორი გავრცელდა ჩემზე, ლეგენდები დადის, მაგრამ მე არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია"

მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი

მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი 2014 წელს, აზერბაიჯანელ და ქართველ სამართალდამცავთა ერთობლივი ძალისხმევით, ბაქოში დააკავეს და საქართველოში დიდი ხმაურით ჩამოიყვანეს. მას მთავარმა პროკურატურამ ბრალი 1993 წელს განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 4 კაცის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში წაუყენა (საქმე ეხება გურჯაანში იმერლიშვილების ოჯახის ამოწყვეტას). ამ ინფორმაციამ იმჟამად მითქმა-მოთქმა გამოიწვია. (იხილეთ სტატია: "სისხლიან მადლენას" ქართული ციხე ელის)

იმხანად ქართველი სამართალდამცავები ირწმუნებოდნენ, რომ მადლენას სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდნენ, თუმცა ზვორიკინამ ქალთა კოლონიაში მხოლოდ 9 თვე გაატარა. ამ ხნის განმავლობაში პროკურატურამ ვერ შეძლო საქმის დასრულება, საკმარისი მტკიცებულებების წარდგენა და სასამართლომ ციხიდან მადლენას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. საქმეზე სასამართლო განხილვა უნდა გაგრძელდეს, თუმცა ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ამასობაში მადლენა საქართველოდან წავიდა. ის პროკურატურასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს.

ინტერვიუ გაზეთ "კვირის პალიტრაში" თვეების წინ გამოქვეყნდა (იხილეთ: "შევარდნაძემ 50.000 დოლარად ჩემი ლიკვიდაცია დაუკვეთა" - ინტერვიუ "სისხლიან" მადლენასთან) შეგახსენებთ, მას 22 წლის წინ გურჯაანში მომხდარ შემზარავ დანაშაულში ამხელენ - პროკურატურა იმერლიშვილების ოჯახის ამოხოცვის ორგანიზატორად ასახელებს. "მე ის დამაბრალეს, რაც არ ჩამიდენია", - გვითხრა ინტერვიუს დროს ქალბატონმა მადლენამ. საზოგადოება ამ ქალს "სისხლიანი მადლენას" სახელით იცნობს. არადა, ირწმუნება, ხელი სისხლში არასოდეს გამისვრიაო. (იხილეთ:  "მაქვს კასეტები, თუ როგორ უთვალთვალებენ გამსახურდიას...")

როგორ შეძლო უმძიმესი ბრალდებით დაკავებულმა ქალმა საქართველოდან გასვლა, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ.

მისი ადვოკატი კი პროკურატურას საქმის შეთხზვაში ადანაშაულებს.

არჩილ შოშიკელაშვილი, ადვოკატი:

- ეს ნონსენსია. ერთი მხრივ, საქმე განსახილველად სასამართლოშია და პროკურატურა იმავე საქმეზე მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილისთვის ბრალის ხელმეორედ წაყენებას აპირებს. ისევ დაიწყეს იმავე საქმის წარმოება. ერთსა და იმავე საქმეზე შეიძლება ორი განაჩენის გამოტანა? სასამართლოში პროკურატურის პოზიცია აშკარად სუსტი იყო, ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, იმის მიუხედავად, რომ 9 ტომი იყო შეკერილი. ახლა ქალბატონი მადლენას შვილისგან, ნონა მათიაშვილისგან ცდილობენ ინფორმაციის მიღებას. მისი ბინიდან ამოიღეს პირადი მობილური და მის მიმოწერაში იქექებიან. ეს კანონის დარღვევაა. ნონას არ არის ვალდებული, საკუთარი დედის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. აშკარად ახალი ბრალის შეთხზვა უნდათ, მაგრამ არ გამოუვათ. პროკურატურას შეეძლო სასამართლოში დაეკითხა მისი შვილი, მაგრამ შეგნებულად მოხსნა დასაკითხთა სიიდან და კიდევ უამრავი მოწმე. მხოლოდ 13 მოწმე მოიყვანეს.A ახლა ნონას დაჰკითხავენ 1993 წელს მომხდარი ფაქტის გამო. მოგეხსენებათ, მაშინ ის გატაცებული ჰყავდათ ვიღაცებს. სად იყვნენ ამდენი წელი? ეს საქმე ხომ 1993 წლიდან პროკურატურაშია, ან რა აუცილებლობას წარმოადგენდა ნონა მათიაშვილის აეროპორტიდან წამოყვანა?

- ნონა საქართველოდან მიდიოდა?

- ნონა რუსეთის მოქალაქეა, ოჯახურ საქმეებზე მიდიოდა რამდენიმე დღით მოსკოვში. მან საქართველოს საზღვარი გადაკვეთა, თვითმფრინავის ტრაპთან იდგა, პროკურატურაში რომ წამოიყვანეს დასაკითხად. მაინცდამაინც ახლა გაახსენდათ მისი დაკითხვა? რატომ უზღუდავენ გადაადგილების უფლებას? ნონა მათიაშვილი პროკურატურის მძევალია, ამ გზით ახდენენ დედამისზე ზეწოლას.

- საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა, ქალბატონმა მადლენამ რა გზით დატოვა საქართველო?

- ამაზე ვერ მოგაწვდით ინფორმაციას. მხოლოდ ის ვიცი, რომ ის აპირებდა მიემართა ერთი-ერთი სახელმწიფოს საელჩოსთვის, რომ დახმარებოდნენ, დიპლომატიური გზით დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. ეს არ ნიშნავს საზღვრის უკანონო გადაკვეთას. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალბატონი მადლენა უპირისპირდება არსებულ რეჟიმს, ცდილობს, თავისი უფლებები დაიცვას საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. სად იმყოფება ქალბატონი მადლენა, საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვერ გეტყვით.

- მე ნამდვილად ვიცი, რომ ის რუსეთში წავიდა. ხომ არ დაეხმარა მას რუსეთის საელჩო? მით უფრო, რუსეთის მოქალაქეც არის. ისიც ვიცით, რომ მას პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა და ვერ შეძლებდა დახმარების გარეშე ქვეყნიდან გასვლას.

- ჯერჯერობით, არა მაქვს უფლებამოსილება, დაგიდასტუროთ ეს ფაქტი. როცა გაათავისუფლეს, ქალბატონ მადლენას ჰქონდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, მაგრამ ეს უფლება ჰაერში იყო ჩამოკიდებული იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ პროკურატურამ პასპორტი ჩამოართვა. სამი თვის შემდეგ, ახლა, როცა დასჭირდათ მისი ხელახლა დაკითხვა მოწმის სახით, გვეუბნებიან, გამოცხადდეს და პასპორტს დავუბრუნებთო. ასე ცდილობენ მის მიტყუებას პროკურატურაში.

ქალბატონმა მადლენამ სცადა პასპორტის დაბრუნება საელჩოს მეშვეობით, თუმცა უშედეგოდ. თუ ახალი პასპორტის აღებას მოინდომებს, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოს იმ ქვეყანას, ვისი მოქალაქეც არის. როგორც ვიცი, მას მომზადებული ჰქონდა დოკუმენტაცია და აშშ-ს სთხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს. გასაუბრებაც შედგა საელჩოში.

ვაცხადებ, მის წინააღმდეგ იგეგმება პროკურატურაში ახალი პროვოკაცია და კვლავ ბრალი წაუყენონ. როცა სახელმწიფო მანქანა გებრძვის, როცა შენს სიმართლეს ვერ აღწევ, ადამიანმა თავი უნდა დაიცვას ყველა გზით, ბუნებრივია პროკურატურამ ნდობა დაკარგა და ასეთ დროს არ გექნება იქ მისვლის სურვილი. 54 მოწმიდან 12 მოწმეს რომ მოიყვან სასამართლოში და აშკარაა სამხილი არ გაქვს, ეს აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ბრალი შეთითხნილია. ყველანაირად ცდილობენ ზეწოლას ამ ქალბატონზე.

- მას სამოქალაქო დავებიც ჰქონდა. ეს პროცესები დასრულდა?

- მან ვერ შეძლო დავების წარმართვა, რადგან პასპორტი არ მისცეს და ამით, ამავე დროს, სამოქალაქო უფლებები ჩამოართვეს. ადამიანი ციხიდან გამოვიდა და პენსიასაც ვერ იღებს.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)

ფოტოზე: მარჯვნივ მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი