”მხოლოდ დასავლური რეზოლუციებ­ის იმედზე არ უნდა ვიყოთ” - კვირის პალიტრა

”მხოლოდ დასავლური რეზოლუციებ­ის იმედზე არ უნდა ვიყოთ”

”რუსეთი არ არის მოწონება-არმოწონების თემა. ის ფაქტორია, რომლის გაუთვალისწინებლად საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა ნორმალურად ვერ იარსებებს. ნუ გვავიწყდება, რომ მთის იქით 140-მილიონიანი, მეზობლებზე გაბრაზებული ბირთვული ქვეყანაა. ეს მთელ მსოფლიოს ესმის და ჩვენი მოსახლეობის 70%-იც რუსეთთან პრაგმატულ მიდგომას უჭერს მხარს.”

საქართველოს მიმართ რუსული პოლიტიკა რომ არ შეცვლილა, ფაქტია - ე. წ. საზღვრები ისევ ფართოვდება, ცოტა ხნის წინ კი აფხაზეთში რკინიგზის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ფონზე რამდენად ქმედუნარიანია აბაშიძე-კარასინის ფორმატი და რატომ ფიქრობს, რომ საქართველო მხოლოდ დასავლური რეზოლუციების იმედად არ უნდა იყოს, ამ საკითხებზე ”კვირის პალიტრას” პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ესაუბრა:

- საუბარი დავიწყოთ აფხაზეთის რკინიგზის რეაბილიტაციით, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად შეფასდა. კარასინთან შეხვედრისას ამ საკითხზე გისაუბრიათ?

- ამ საკითხზე კონკერტულ ქართულ უწყებებს, ალბათ, ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვთ. პრაღაში კი, ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატით, ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის რეაბილიტაციის საკითხს არ განვიხილავთ. რუსეთის ამ უკანონო ქმედებების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს ვაცნობეთ და მუშაობა კვლავ გაგრძელდება. ალბათ, ეს შემთხვევით არ მომხდარა და ამის უკან რუსეთის სხვა გეგმები იმალება, მაგრამ რა უნდა ვქნათ, პროცესი როგორ შევაჩეროთ?

- ოპონენტები გაკრიტიკებენ, რომ პარტნიორებთან სათანადოდ არ მუშაობთ...

- სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, შეგახსენებთ, თუ რა მემკვიდრეობა გვერგო წინა ხელისუფლების ”სათანადო მუშაობის”, ასევე, რუსეთთან ურთიერთობაში მათი ”მკაცრი და უკომპრომისო” პოლიტიკის შედეგად:

2008 წლის შემდეგ რუსეთმა, ფაქტობრივად, გაიფორმა ჩვენი ტერიტორიის 20% (იმედია, დროებით), მათ შორის, ის ტერიტორიებიც, რომელებსაც ჩვენ სრულად ვაკონტროლებდით - კოდორის ხეობა და ახალგორის რაიონი. 2008 წლის ომმა, დიდი მსხვერპლის გარდა, გაზარდა დევნილთა რაოდენობაც, განადგურდა ან დაიკარგა ასობით მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა და სხვა ქონება. უდიდესი ძალისხმევის შედეგად 1999 წლის შემდეგ საქართველოდან გაყვანილი რუსული ბაზები 2008 წლიდან გაცილებით დიდი მოცულობით შემოგვიბრუნდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ორივე რეგიონში მუშაობა შეწყვიტეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, კერძოდ, გაერომ და ეუთომ და ეს ტერიტორიები საერთაშიროსო მეთვალყურეობის გარეშე დარჩა. შეფერხდა სამშვიდობო პროცესი ოსებსა და აფხაზებთან, მეტიც - ფაქტობრივად, შეწყდა მათთან პირდაპირი დიალოგი. მნიშვნელოვნად შეილახა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი.

ეს არასრული ჩამონათვალია. ანუ მოხდა კატასტროფა, ქვეყნის მთლიანობა ფაქტობრივად, დაირღვა და ეს ხდებოდა მუშტების ქნევისა და ვითომ პროდასავლური პოლიტიკის ფონზე. რეალურად კი, თუ შედეგებით ვიმსჯელებთ, გაკეთდა რუსული საქმე. მოსკოვი ამაზე ადრე ვერც კი იოცნებებდა. სამწუხაროა, რომ ასეთი ტრაგედიის შემდეგ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უთქვამთ, რომ საგარეო პოლიტიკაში თუნდაც მცირე რამ შეეშალათ და აგვისტოს კატასტროფაში თავისი წვლილიც არის. პირიქით, ისინი ხელისუფლებაში მალე დაბრუნებით და იმავე -მკაცრი- პოლიტიკის გაგრძელებით -აიმედებენ- ხალხს. ამ მტკივნეული წარსულის გახსენება არ მსიამოვნებს და არაფერს ვიტყოდი, რომ არა ზოგიერთი ჩვენი ოპონენტის მცდელობა, ქვეყანაში დაამკვიდროს საყოველთაო სკლეროზი. თქვენი კითხვის პასუხად იმასაც ვიტყვი, რომ რუსეთი მძიმე და არაპროგნოზირებადი პარტნიორია, მაგრამ მასთან მუშაობაა საჭირო. ჩვენს პრობლემებს მთლიანად დასავლელ პარტნიორებს ვერ გადავულოცავთ. მხოლოდ რეზოლუციების, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანის, იმედად არ უნდა

ვიყოთ.

- თუ რეზოლუციები უშედეგოა, ამასთან, თითქმის ყოველდღიურად ე.წ. საზღვარი ფართოვდება და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა უმიწოდ რჩება, ისევ ისმის მუქარა, რომ შესაძლოა, რუსულ ბაზარზე ქართულ პროდუქციას ემბარგო დაედოს, რამდენად საჭიროა კარასინთან დიალოგის გაგრძელება?

- დავიწყოთ იმით, რომ საოკუპაციო ხაზზე მავრთულხლართების გაბმა და ე.წ. ბორდერიზაცია დაიწყო 2009 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოკიდებლობა და დაიწყო მათთვის ე.წ. სასაზღვრო ინფრასტრუქტურის შექმნა. ეს არის 2008 წლის ტრაგედიის შედეგი! ამ ინფრასტრუქტურის შექმნა ინტენსიურად მიმდინარეობდა 2009-2013 წლებში, შემდგომ ტემპმა მეტ-ნაკლებად იკლო. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული პრობლემები განიხილება ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების ფარგლებში, პრაღაში კი განვიხილავთ სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ თემებს. რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უცილებელია - ამას გვირჩევენ ვაშინგტონის ადმინისტრაციის, ნატოს, ევროკავშირის, ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები. გავიხსენოთ თუნდაც ნატოს გენერალური მდივნის განცხადებები თბილისში მისი ვიზიტის დროს. დიალოგის გაგრძელების წინააღმდეგია მხოლოდ ოპოზიციის ერთი ნაწილი, თუმცა, მათაც კარგად ესმით, რომ მოსკოვთან დიალოგი გარდუვალია. განა წინა ხელისუფლება არ ცდილობდა 2008 წლის შემდეგ რუსეთთან დიალოგის დაწყებას? ყველაფერი მშვენივრად იციან, მაგრამ ამოცანა აქვთ სხვა. მათი მიზანია, უბიძგონ დღევანდელ ხელისუფლებას იმავე ტრაგიკული შეცდომებისაკენ, რომლებიც თვითონ დაუშვეს და რომლებმაც, ფაქტობრივად, იმსხვერპლა ქვეყანა. რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლებაშიც არიან გამოცდილი და გონიერი ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ, მაგრამ მათი ხმა გამოკვეთილად არ ისმის. შეგახსენებთ, რომ ამა თუ იმ ფორმით რუსეთთან დიალოგს აწარმოებს ყველა მისი მეზობველი ქვეყანა, უკრაინას მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ შეუწყვეტია. მიუხედავად რთული ურთიერთობებისა, მოსკოვს ესაუბრებიან ამერიკელები, ევროპელები, იაპონელები და ა.შ. დიალოგი და დიპლომატია სწორედ მაშინ არის საჭირო, როცა ქვეყნებს შორის რთული ურთიერთობაა.

- არ ფიქრობთ, რომ კარასინთან შეხვედრის ფორმატი რუსეთისთვის მომგებიანი საფარი გახდა, რათა საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველოსთან ურთიერთობა კონსტრუქციულ ჭრილში წარმოაჩინოს, რეალურად კი მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს?

- თითქმის ყოველდღიურად ვხვდები პარტნიორებს და დეზორიენტაციას მათ ვერ ვამჩნევ. ჩვენ პროფესიონალებთან გვაქვს საქმე. როგორ გგონიათ, ნატოში, ევროკავშირში, ვაშინგტონსა თუ ევროპის დედაქალაქებში არ იციან, რეალურად რა ხდება საქართველოში? ეს აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული კრიტიკაა. მაგრამ მოდი, დავივიწყოთ ეს და ნუ გავივსებთ გულს ბოღმით. წინ გავიხედოთ, დრამატული სიტუაციიდან გამოსავალზე ერთად ვიფიქროთ. ამ საქმეში ყველანი მოკავშირეები უნდა ვიყოთ. ახლა იმასაც მოგახსენებთ, თუ ვინ რა მოიგო და რა დათმო: საქართველოს წმინდა პრაგმატულმა, რაციონალურმა პოლიტიკამ და რუსეთთან დაძაბულობის შესუსტებამ შეამცირა ახალი სამხედრო კონფლიქტისა და ძალადობის საფრთხე. ეს დადებითად მოქმედებს ვითარებაზე ქვეყნის შიგნით, საერთაშორისო კონტაქტებზე, ინვესტორების მოზიდვაზე. ამ პრაგმატულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ჩვენი ევროპული პროექტის განხორციელებას. ამის ნათელი მაგალითია შარშან ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება. ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანზიტო, ტურისტული პოტენციალის განმტკიცების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ბოლო 2 წლის მანძილზე ქართულმა კომპანიებმა რუსეთში გაიტანეს 400 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია, მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს ასობით მცირე და საშუალო სატრანსპორტო კომპანიას. წელს რუსეთიდან ტურისტთა უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვიდა საქართველოში - მგონი, ამას ყველა ხედავს. დიალოგის ფორმატის წყალობით ჩვენ შევძელით ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება, რომლებიც სასჯელს იხდიან რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით. ეს პროცესი გრძელდება. საუბარია ადამიანების ბედზე და ამგვარი დიალოგის გარეშე ეს საკითხი არ მოგვარდებოდა. საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა ითვალისწინებს რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ინტერესების დაცვას. ეს დიდი ძალაა, მათ ყურადღება სჭირდებათ. ეს დიალოგის დადებითი მხარეების არასრული ჩამონათვალია და ამის საპასუხოდ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი არაფერი დაგვითმია. თუმცა, ბუნებრივია, არსებობდა და არსებობს რისკები - ასეთია რუსეთი.

- ე.წ. საზღვარი ყოველდღიურად რომ ფართოვდება, ამაზე მეტი რა უნდა დათმოს სახელმწიფომ?

- ამაზე უკვე მოგახსენეთ. -საზღვრის გაფართოება- ჩვენი ოპონენტების ერთი ნაწილის უსაფუძვლო ბრალდებაა. ოფიციალურად, საერთაშორისო დონეზე აღიარებული საქართველოს საზღვარი სადაც იყო, იქ არის, საოკუპაციო ხაზი კი რუსეთმა 2008 წელს დაადგინა. ისე, რაც დასათმობი იყო, უკვე დავთმეთ აგვისტოს ომის შემდეგ. შეგახსენებთ თუნდაც რუსულ კომპანიებზე წინა ხელისუფლების მიერ გასხვისებული სტრატეგიული ობიექტების ნუსხას: ჟინვალჰესი, ხრამი 1, ხრამი 2, გარდაბნის მე-9 ბლოკი, თბილისის წყალი, მადნეული, კვარციტი, აზოტი, გაერთიანებული ქართული ბანკი. იმავე პერიოდში საქართველოში შემოვიდა -ლუკოილი- და -ბილაინი-; 2011 წელს ფორმალურად ცნობილი ქართველი მაღალჩინოსნის კუთვნილი კომპანია -გალფი- შეიძინა რუსულმა კომპანიამ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის წინააღმდეგი რუსული ინვესტიციების კანონიერი გზით შემოსვლისა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ როდესაც ღვინისა და ხილის ექსპორტს ჩვენი ოპონენტები -სტრატეგიულ- უკუსვლას არქმევენ, ეს მართლაც სასაცილოა. ვიმეორებ, დიალოგის დროს არც ერთ საკითხში ჩვენ არაფერი დაგვითმია.

- თქვენ ჰპირდებოდით მოსახლეობას, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას შეძლებდით.

- არავის არასდროს დავპირებივართ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების პრობლემა მალე მოგვარდებოდა. პირიქით, ყოველთვის ვამბობდი, ამ პრობლემების მოგვარებას მალე არ უნდა ველოდოთ-მეთქი. მით უმეტეს, რომ ჩემი ფუნქცია კონფლიქტის რეგიონების განხილვა არ არის. ვიმეორებ: პრაღაში მხოლოდ სატრანსპორტო, სავაჭრო და ჰუნამინატარულ საკითხებზე ვსაუბრობთ. 2012 წლამდე პარადოქსული ვითარება იყო - ქვეყანაში რუსეთიდან 500 მილიონის პროდუქცია შემოდიოდა, საქართველოდან კი რუსეთში არაფერი გადიოდა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლა შეეძლოთ, ქართველებს კი რუსეთში გამგზავრებისას დიდი პრობლემები ექმნებოდათ. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ არათანაბარი პირობების გამოსწორება ვცადეთ და შედეგებიც მოგახსენეთ. რომ არა ეს დიალოგი, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებასაც ვერ გავაფორმებდით. შემთხვევით არაფერი ხდება. წინა ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ამ წარმატებას ვერ მიაღწევდა.

- ანუ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ჯერ რუსეთთან შეათანხმეთ?

- თანხმობა არ გვითხოვია, მაგრამ მათ დაადასტურეს, რომ რუსეთი საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინააღმდეგი არ იქნებოდა. ამ საკითხზე ეკონომისტები და კონკრეტული დარგების სპეციალისტებიც შევახვედრეთ ერთმანეთს. არადა, მოგეხსენებათ, უკრაინაში კონფლიქტის ერთ-ერთი საბაბი სწორედ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება იყო. მოლდოვაშიც მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა...

- არც საქართველო დარჩენილა პასუხის გარეშე და როგორც აღნიშნეთ, დადასტურებული შეთანხმების მიუხედავად, რუსეთმა მალე აფხაზეთსა და ოსეთთან ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი. ნატოსთან ინტეგრაციის პროცესსაც რუსეთთან ათანხმებთ?

- სამწუხაროდ, ამ მხრივ აფხაზეთსა და ცხინვალში არაფერი შეცვლილა, თქვენ მიერ ნახსენები ხელშეკრულებები კი კონფლიქტების მოგვარების კუთხით ნამდვილად უკუსვლაა. ოპონენტები ერთ მნიშვნელოვან საკითხში ცდებიან - რუსეთი არ არის მოწონება-არმოწონების თემა, ის ფაქტორია, რომლის გაუთვალისწინებლად საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა ნორმალურ არსებობას ვერ შეძლებს. ნუ გვავიწყდება, რომ მთის იქით 140-მილიონიანი, მეზობლებზე გაბრაზებული ბირთვული ქვეყანაა. ეს მთელ მსოფლიოს ესმის და საქართველოს მოსახლეობის 70%-იც რუსეთთან ურთიერთობაში პრაგმატულ მიდგომას უჭერს მხარს. რაც შეეხება ნატოსთან ჩვენს ურთიერთობას, ეს პრაღაში განსახილველი თემა არ არის. თქვენი კითხვა უხერხულიც მეჩვენება.

- და არსებობს საფრთხე, რომ დიალოგის მომხრე 70%-მა რუსეთთან ინტეგრაციაც ისურვოს, მით უმეტეს, რომ სამოქალაქო სექტორსა და მედიაში რუსული პროპაგანდაც გააქტიურდა...

- რუსული პროპაგანდის გააქტიურება გლობალური პრობლემაა, ეს ფაქტია და ამაზე დიდი თანხებიც იხარჯება. ამაზე დასავლეთში ბევრს ფოქრობენ და საპირწონე პოლიტიკას აყალიბებენ, მაგრამ წინა ხელისუფლების პირობებში ამ ფენომენის საქართველოში კონტროლი გაცილებით იოლი იყო - შეგეძლო ვიღაცის ჯიბეში ნარკოტიკები ან იარაღი ”გეპოვა” და პრობლემას ”მოაგვარებდი”. ამის საშუალება დღეს აღარ გვაქვს. მეორე მხრივ, ადამიანს უფლება აქვს, მოსწონდეს რუსეთი, ან საქართველოს მომავალს ჩინეთსან თუ ბრაზილიასთან დაახლოებაში ხედავდეს, მაგრამ თუ ვინმე არაკანონიერ საქმიანობას ეწევა, მის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები უნდა ამოქმედდეს. მხოლოდ საკუთარი პოზიციის გამო მოქალაქეების დევნას ვერ მივესალმები. შესაძლოა, საზოგადოების ინფორმირებისთვის მეტი ძალისხმევაა საჭირო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ე.წ. პრორუსულ ორგანიზაციებს ქვეყანაში განსაკუთრებით შემაშფოთებელი მასშტაბი, ჩემი დაკვირვებით, არ მიუღია.

- აღნიშნეთ, რომ კარასინთან სავაჭრო საკითხებზე საუბრობთ. შეგიძლიათ მითხრათ, როგორი ფორმატით ხვდებით მას, ან ამ ხნის განმავლობაში თუ შემოგთავაზათ მან ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება?

- პრაღაში განსახილველ საკითხებს და ჩემს მანდატეს პრემიერი ამტკიცებს, შემდეგ პრაღის სასტუმროში ვქირაობთ ოთახს და არაფორმალურ ვითარებაში შეხვედრებს ვმართავთ. შეხვედრას ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ამ ბოლო დროს - ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელიც ესწრებიან. აბსურდია იმაზე საუბარი, რომ შეხვედრა -კულუარულად- ხდება. ჩვენი დღის წესრიგით კონკრეტულ საკითხებს ვათანხმებთ, პრაქტიკული პრობლემების მოგვარებას ვცდილობთ. ჩვენ ფორმალურ ვალდებულებებს არ ვიღებთ და არც რაიმე დოკუმენტებს ვაწერთ ხელს. შეხვედრების შემდეგ მაქსიმალურ ინფორმაციას ვაწვდით საქართველოს შესაბამის უწყებებს, კონსულტაციებს გავდივართ დასავლელ პარტნიორებთან. ამრიგად, ეს პროცესი საკმაოდ ტრანსპარანტულია. ევრაზიული კავშირის თემა არ არის და არც ყოფილა ჩვენი საუბრის თემა.

-  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც მინდა გკითხოთ, რომელიც ამ დრომდე არ არის იმპლემენტირებული. ცნობილია, რომ საქართველო ამ დრომდე ხელს არ აწერს კონტრაქტს შვეიცარიის შემოთავაზებულ კომპანიასთან, რომელმაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სავაჭრო ტვირთების მონიტორინგი უნდა აწარმოოს. რატომ ფერხდება კონტრაქტზე ხელმოწერა?

- პრაღაში დიალოგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ის გახლავთ, რომ ეს საკითხი გარკვეულ ეტაპამდე მივიყვანეთ და სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს შვეიცარიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რაც ამ პროექტის იმპლემენტაციის შესაძლბელობას მოგვცემს. ამ დრომდე კონტრაქტის ტექსტზე ვმუშაობდით, რადგან საკმაოდ არასტანდარტული, არაორდინალური პროექტია.

- პაატა ზაქარეიშვილი ამტკიცებს, რომ აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგის გზების გამონახვა შეძლო და ამ მხრივ ბოლო წლებში მეტი პერსპექტივა გაჩნდა. თქვენ კონფლიქტის მოგვარებაზე საუბარი უიმედოდ რატომ გეჩვენებათ?

- კონლფიქტების მოგვარება რთულია, მაგრამ მდგომარეობა უიმედო არ არის. ვფიქრობ, ჩვენ პოზიტიური აზროვნება გვმართებს და მხოლოდ პრობლემების გაზვიადებით არ უნდა ვიყოთ დაკავებულნი. მხოლოდ საფრთხეზე თუ ვისაუბრებთ, ცხვრის მოშენება არ ღირს - მგელი შეჭამს, თაფლს - დათვი, ღომს - სტუმარი. ჩვენ უაღრესად რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ, ასეთია საერთაშორისო ვითარება, ამიტომ სიფრთხილეც უნდა გამოვიჩინოთ და ამავდროულად, პრაქტიკული გონებით ვიაროთ არჩეულ გზაზე.

რუსუდან შელია