"თვითშეფასების კითხვარი არის დამხმარე ინსტრუმენტი, რათა მასწავლებელმა ობიექტურად შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების დანახვა"
"თვითშეფასების კითხვარი არის მასწავლებლის დამხმარე საშუალება პროფესიული განვითარების გზაზე, რადგან ის მოიცავს და დეტალურად აღწერს მასწავლებლის მთელ პრაქტიკას. ამდენად, მისი შევსებისას მასწავლებელს უწევს დაფიქრება ყველა დეტალზე, რასაც მისგან მოითხოვს ეს პროფესია"
ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვასთან ერთად მასწავლებლებს პროფესიული მიმართულებით თვითშეფასების განხორციელებაც მოუწევთ. თვითშეფასების კითხვარი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უკვე დაამტკიცა. თვითშეფასების მნიშვნელობაზე და საჭიროებაზე Kvirispalitra.ge უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამის მენეჯერი ირინა სამსონია ესაუბრა.
- რა მიმართულებებისგან შედგება თვითშეფასების კითხვარი?
- თვითშეფასების კითხვარი ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას. ესენია: სასწავლო პროცესის მართვა და პროფესიული პასუხისმგებლობები, რომელშიც გაერთიანებულია პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის კომპონენტი. თითოეული ეს მიმართულება თავის მხრივ ჩაშლილია სფეროებად და ქვესფეროებად, რომლებსაც ახლავს პუნქტები, სადაც დეტალურად არის აღწერილი მასწავლებლის თითოეული ქმედება ამ ქვესფეროთი გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად.
- რა პერიოდში უნდა შეავსოს მასწავლებელმა თვითშეფასების კითხვარი და არის თუ არა ეს ყოველწლიური?
- მასწავლებელი ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში, სკოლის მიერ დაწესებულ ვადებში, ვალდებულია შეავსოს თვითშეფასების კითხვარი.
- როგორც ვიცით, განხორციელდა თვითშეფასების კითხვარის პილოტირება, რა შედეგი აჩვენა მან?
- კითხვარი ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და ეთიკის კოდექსს. შესაბამისად, მასში წარმოდგენილი თითოეული პუნქტი კარგად არის ნაცნობი მასწავლებლებისთვის.როგორც მოსალოდნელი იყო, მასწავლებლებს მეტი დახმარება სჭირდებათ თვითრეფლექსიისთვის განკუთვნილი ველის შევსებაში. ასევე გარკვეული ძალისხმევა იქნება საჭირო, რომ მივაღწიოთ მიუკერძოებლობის მაღალ ხარისხს.
- რისთვის გამოიყენებს და რაში დაეხმარება მასწავლებელს აღნიშნული დოკუმენტი?
- თვითშეფასების კითხვარი არის მასწავლებლის დამხმარე საშუალება პროფესიული განვითარების გზაზე, რადგან ის მოიცავს და დეტალურად აღწერს მასწავლებლის მთელ პრაქტიკას. ამდენად, მისი შევსებისას მასწავლებელს უწევს დაფიქრება ყველა დეტალზე, რასაც მისგან მოითხოვს ეს პროფესია. აქ მთავარია, რომ თითოეულ მასწავლებელს საკუთარი პრაქტიკის ობიექტური შეფასებითა და თვითკრიტიკული ანალიზის საშუალებით მიეცეს შესაძლებლობა, გაიზიაროს პასუხისმგებლობა საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, მიზანმიმართულად დაგეგმოს თავისი საქმიანობა პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. ამდენად, თვითშეფასების კითხვარი შეგვიძლია პროფესიული განვითარების ერთ-ერთ მძლავრ ინსტრუმენტად მივიჩნიოთ.
რაც შეეხება შესაბამისი აქტივობების დაგეგმვას, მას შემდეგ, რაც მასწავლებელი კითხვარის შევსების შედეგად შეძლებს საკუთარი სუსტი მხარეების გამოვლენას, ის სქემით განსაზღვრული საქმიანობებიდან ირჩევს ისეთებს, რომლებიც მას ამ ხარვეზების აღმოფხვრაში დაეხმარება და, ამავდროულად, კარიერული წინსვლისთვის საჭირო კრედიტქულებს მოუტანს. ამაში მას დაეხმარება სკოლის მიერ არჩეული მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი. ფასილიტატორები მათი არჩევისთანავე გადამზადდებიან ამ მიმართულებით.
- დაეხმარება თუ არა ცენტრი მასწავლებლებს, რათა მათ გაუადვილდეთ კითხვარის შევსება?
- გზამკვლევისპირველ ნაწილში მთელი თავი ეთმობა მასწავლებლის თვითშეფასებას. მასში დეტალურად არის საუბარი თვითშეფასების დანიშნულების შესახებ მასწავლებლის საქმიანობაში, ასევე დაწვრილებით არის განხილული და განმარტებული თითოეული ქვესფერო, შეთავაზებულია რეკომენდაციები, რომლებიც მასწავლებლებს რეალურად გაუადვილებს კითხვარის შევსებას. გარდა ამისა, ფასილიტატორების შერჩევის შემდეგ, მათ ჩაუტარდებათ ტრენინგები, თუ როგორ ასწავლონ ან დაეხმარონ მასწავლებელებს თვითშეფასების კითხვარის კარგად გააზრებაში, საკუთარი საქმიანობის მაქსიმალურად ობიექტურ და კრიტიკულ შეფასებაში და ამის საფუძველზე პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენასა და განხორციელებაში.
- თვითშეფასების კითხვარში მოცემულია ისეთი მიმართულებები, რომელსაც შეიძლება საერთოდ არ იყენებდეს მასწავლებელი. დაბალი თვითშეფასება ხომ არ დააზარალებს მის საქმიანობას?
- კითხვარში არ არის ისეთი მიმართულება, რომელსაც არ იყენებს რომელიმე საგნის მასწავლებელი. რაც შეეხება კონკრეტულ პუნქტებს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ რომელიმე მათგანი არ შეესაბამებოდეს ამა თუ იმ საგნის მასწავლებლის პრაქტიკას. ამ შემთხვევაში, მასწავლებელი მონიშნავს შესაბამის გრაფას, რომელიც 0 ქულით აღინიშნება და კომენტარის გრაფაში განმარტავს თავის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება იმას, დააზარალებს თუ არა დაბალი თვითშეფასება მასწავლებელს, ჩემი პასუხია - არა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არავინ აფასებს იმას, თუ როგორ შეაფასა მასწავლებელმა საკუთარი საქმიანობა. დაბალი თვითშეფასება გახდება წინაპირობა იმისა, რომ მასწავლებელმა მიიღოს შესაბამისი პროფესიული მხარდაჭერა როგორც სკოლის ბაზაზე, ისე მის გარეთ. მთავარია, მასწავლებელმა ეს შედეგი გამოიყენოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვისთვის და ეტაპობრივად შეძლოს საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესება.
- თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა ერთნაირად გულწრფელი არ იქნება კითხვარის შევსებისას რას გამოიწვევს თვითშეფასების კითხვარის არაობუქტურად შევსება?
- ცენტრის მხრიდან რაიმე სანქციები არ არის დაწესებული. უბრალოდ, მასწავლებლებს კარგად უნდა ავუხსნათ, რომ თვითშეფასების კითხვარის არაობიექტურად შევსებით ის მხოლოდ საკუთარ თავს ავნებს, რადგან ის საკუთარ თავს უზღუდავს შესაძლებლობას, მისთვის აუცილებელი მხარდაჭერა მიიღოს პროფესიულ განვითარებაში. გარდა ამისა, თუკი მასწავლებლის შეფასების ჯგუფისთვის აშკარა გახდება, რომ კონკრეტული მასწავლებელი არაობიექტურად აფასებს საკუთარ საქმიანობას, მისი ვალდებულებაა, მიიღოს ზომები ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორის ფუნქცია კი არის, რომ საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციები გაუწიოს თითოეულ მასწავლებელს თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თვითშეფასების კითხვარი არის დამხმარე ინსტრუმენტი, ის არ აისახება არც სტატუსის მინიჭებაზე და არც ანაზღაურებაზე. მთავარია, მასწავლებელმა ობიექტურად დაინახოს საკუთარი შესაძლებლობები, რათა ხარვეზების აღმოფხვრა და პროფესიულად განვითარება შეძლოს.
®