"მეზობლებისთვის უთქვამს, - ერთ აზერბაიჯანელ მწყემსს წავეკიდეო" - მწყემსების მკვლელობა ფშავში - კვირის პალიტრა

"მეზობლებისთვის უთქვამს, - ერთ აზერბაიჯანელ მწყემსს წავეკიდეო" - მწყემსების მკვლელობა ფშავში

"ობოლი რომ დარჩა, სოფელი მხარში უნდა ამოვდგომოდით, უნდა მიგვეხედა და გზაზე დაგვეყენებინა, მაგრამ ახლა ყველაფერი გვიანა..."

ფშავში, ჭიჩოს საძოვარებზე მწყემსების დახოცვის ამბავი ცხვრით მოვაჭრეების ასვლის შემდეგ გახდა ცნობილი. მოვაჭრეებმა გარდაცვლილები კლდის ფერდობზე ერთმანეთისაგან 20 მეტრის მოშორებით იპოვეს. 2 მწყემსიდან ერთ-ერთს სანადირო თოფიდან გასროლილი 2 ტყვია მკერდში ჰქონდა მოხვედრილი, მეორეს - ზურგში. 4 დღის გარდაცვლილების ბარში გადმოსვენება, მიუვალი გზისა და გახრწნამდე მისული გვამების გამო, მხოლოდ ვერტმფრენით გახდა შესაძლებელი.

ბერდია. ჭ. უკანა ფშავის მკვიდრი:

- ასეთი უბედურება მრავალი წელიწადია ჩვენთან არ მომხდრა, - მწყემსები შემოსევების დროს ან კლდეზე გადაჩეხვისას იხოცებოდნენ, ახლა კი უარესი მოხდა, - მშვიდობიანობის დროს ვიღაცამ ხალხი ნადირივით დახოცა; მკვლელი იმისაც კი არ ეცადა , მიცვალებულები გადაემალა, რომ კვალზე არ დაეჭირათ. დიდი ჯავრი უნდა ჰქონოდა იმ ადამიანების იქ რომ ავიდა და ეს ჩაიდინა.  მწყემსებს უჭირთ ჭიჩოზე ასვლა, ძალიან წვალობენ, - სოფელ ჭიჩოდან ჭიჩოს საძოვარებამდე 5-6 კილომეტრი მაინც არის, ისეთი ციცაბოა, რომ ლამის მთელი გზა სიკვდილის პირას დგახარ.

- თქვენი თქმით მწყემსები წინასწარგანზრახვით დახოცეს?

- მე ეგრე მგონია, მაგ უბედურებს 3000 სული ცხვარი ჰყავდათ მიბარებული. მწყემსები რომ დახოცეს, ცხვარი გაიფანტა. ასე იცის უპატრონოდ მიტოვებულმა ცხვარმა. ეს ცხვარი უკვე შეაგროვეს, მგონი, სულ რაღაც 70 აკლდა. 70 ცხვრის გულისთვის იქ რომელი ყაჩაღი ავიდოდა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ორივე პირადი ანგარიშწორების მსხვერპლია.

- მწყემსებს ასეთი ვისთვის რა უნდა დაეშავებინათ, ასე სასტიკად რომ გასწორებოდნენ?

- აბა, რა გითხრათ... მაგ უბედურებიდან ერთი აზერბაიჯანელი მწყემსია, 19 წლისა, აქ არავინ იცნობდა, მეორე კი კახა იოარამაშვილი თიანეთიდან იყო, საწყალი 40 წლის ისე გაისტუმრეს იმ ქვეყნად, რომ არც ცოლი დარჩა და არც შვილი. მისმა ჭირისუფალმა გვითხრა, - ახლა ფიქრობდა დაოჯახებასო! თანაც, უბედურები ისე სასტიკად იყვნენ დახოცილები, - კახას პირდაპირ გულში ესროლეს დათვის მოსაკლავი ტყვია. აზერბაიჯანელი, ეტყობა, გაიქცა, მაგრამ 20 მეტრიც არ ჰქონდა გავლილი, ზურგში ნასროლმა ტყვიამ მოუღო ბოლო. როგორც ჩანს, მკვლელი კარგი მსროლელი იყო.

ნატო. თ.: თიანეთის სოფელ ზარიძეების მკვიდრი:

- ისეთი კაცი მოგვიკლეს, მთელი სოფელი დავტირით. არ იყო კახა ასეთი სიკვდილის ღირსი, ბიჭი 4 დღე სვავების საკორტნელად ეგდო და ისეთ მდგომარეობაში ჩამოგვისვენეს, გაფიქრებაც კი მზარავს... არადა, რა ალალი იყო, - თუ რაიმეს იშოვიდა, ხშირად სხვას ეხმარებოდა.

დედ-მამა დიდი ხნის წინ დაეხოცა, ერთი და ჰყავს, გოგო რაც გათხოვდა, მარტო დარჩა და სმას მიჰყო ხელი, - უსაქმურობისგან ჩვენთან ყველა სვამს...

- ცხვარში ვისთვის რა უნდა დაეშავებინა, ასე რომ მოეკლათ?

- ეგ ვინ იცის, განა ცოტაა მკვლელად დაბადებული? სოფელში რომ იყო, მეზობლებისთვის უთქვამს, - ერთ აზერბაიჯანელ მწყემსს წავეკიდეო.

იმედია, იპოვიან კახას მკვლელს და საკადრისად დასჯიან, თუმცა კახას ასე არეულ ცხოვრებაში მთელი ჩვენი სოფლია დამნაშავე. ობოლი რომ დარჩა, სოფელი მხარში უნდა ამოვდგომოდით, უნდა მიგვეხედა და გზაზე დაგვეყენებინა, მაგრამ ახლა ყველაფერი გვიანა… ჩვენი ბრალია ყველაფერი!

ეთერ ერაძე( სპეციალურად საიტისთვის)