ელისაბედ II-ს რეკორდი - კვირის პალიტრა

ელისაბედ II-ს რეკორდი

"დედოფალი ჭამს, რათა იცოცხლოს, და არ ცოცხლობს, რათა ჭამოს"

9 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II ქვეყნის ტახტზე ყოფნის რეკორსმენი გახდა - მან თავის დიდ ბებიას დედოფალ ვიქტორიას გაასწრო, რომელიც 63 წელს მეფობდა.

სახელოვანი წინაპრის ზეობის ხანგრძლივობა ზუსტად არის აღნუსხული: დედოფალი ვიქტორია ტახტზე იყო 63 წელიწადი, 7 თვე, 2 დღე, 16 საათი და 23 წუთი. დედოფალმა ელისაბედმა კი 2015 წლის 9 სექტემბრის 17 საათსა 30 წუთზე მას გადაასწრო და ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მეფობის რეკორდსმენი გახდა. 89 წლის ელისაბედი ტახტზე მამის, მეფე ჯორჯ VI-ს გარდაცვალების შემდეგ 1952 წელს თებერვალში 25 წლის ასაკში ავიდა.

ჩვეულებრივ, ელისაბედ II-ს მეფობის ღირშესანიშნავი თარიღები საზეიმოდ აღინიშნება. თუმცა ამჯერად მონარქმა განაცხადა, რომ ეს "ჩვეულებრივი დღეა და არაფრის აღნიშვნას არ აპირებს". 9 სექტემბერს რეკორდსმენი მეუღლესთან, პრინც ფილიპესთან ერთად ედინბურგში, ბალმორალის საზაფხულო რეზიდენციაში გაემგზავრა. შოტლანდიაში კი ნიუტონგრანჯის რკინიგზის სადგურზე, დედოფალმა მონაწილეობა მიიღო დიდ ბრიტანეთში უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ყველაზე გრძელი რკინიგზის ტოტის გახსნაში, რასთან დაკავშირებით საზოგადოებას

მემორიალური დაფა წარუდგინა...

დედოფლის "ჩვეულებრივი დღე", რასაკვირველია, სრულიად არაჩვეულებრივი იყო მისი ქვეშევრდომებისთვის. საყვარელ მონარქს რკინიგზის სადგურზე უამრავი თაყვანისმცემელი დახვდა, მათ რეკორსმენს ყვავილები მიართვეს. მონარქისთვის მისალოცად ნახევარი საათით შეწყდა თემთა პალატის სხდომა, პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ამ დღეს "გასაოცარი თარიღი" უწოდა, თემზაზე გაიმართა ძველი და თანამედროვე ხომალდების საზეიმო აღლუმი, კრეისერმა "ბელფასტმა" ზალპი მისცა 4 ქვემეხიდან. ყველა გაზეთი მოლოცვით გამოვიდა, მოუსვენარმა ჟურნალისტებმა ისიც გაარკვიეს, როგორ იკვებება დედოფალი. ელისაბედ II-ის ყოფილ შეფ-მზარეულ დარენ მაკგის თქმით, რომელიც მას 10 ემსახურებოდა, "დედოფალი ჭამს, რათა იცოცხლოს, და არ ცოცხლობს, რათა ჭამოს". ასაკოვანი მონარქი არასდროს ყოფილა გურმანი, სეზონის მიხედვით მიირთმევს ხილსა და ბოსტნეულს. მათ შორის სასახლის ბოსტნიდან და არასდროს მიირთმევს, მაგალითად, მარწყვს ზამთარში.