"ერთგან გამოსახულია ჰომოსექსუალი მამაკაცები, რომელთაც თავზე ეშმაკი ადგას" - ჯოჯოხეთის სცენები ნიკორწმინდის ტაძარში - კვირის პალიტრა

"ერთგან გამოსახულია ჰომოსექსუალი მამაკაცები, რომელთაც თავზე ეშმაკი ადგას" - ჯოჯოხეთის სცენები ნიკორწმინდის ტაძარში

"24 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფო გვქვია და სირცხვილია, რომ ქვეყნის ერთი მთავარი ტაძართაგანი ჭვარტლისგან ვერ გაგვიწმენდია"

"სახარება არის სწავლება სიტყვით, ფრესკა არის სწავლება ფერით. ეს ფრესკები სწავლებაა, რომ ცოდვის მოქმედი ადამიანი ასეთი საშინელებით დაისჯება. თუმცა ეშმაკი აუპატიურებს თუ არა ზუსტად, არ ვიცი, შეიძლება ფრესკა არასწორადაც იყოს აღქმული."

"ა. წ. 1 აგვისტოს, რამდენიმე წლის დაგვიანებით, ტაძრის 1000 წლისთავი აღინიშნა, დაწესდა დღესასწაული "ნიკორწმინდობა", ამოვიდნენ სამთავრობო დელეგაციები და ა.შ. მაგრამ ამ პრობლემისთვის ყურადღება ისევ არავის მიუქცევია. 24 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფო გვქვია და სირცხვილია, რომ ქვეყნის ერთი მთავარი ტაძართაგანი ჭვარტლისგან ვერ გაგვიწმენდია". -  გვესაუბრება ისტორიის დოქტორი ბექა კობახიძე:

- ჩემი მშობლიური სოფლის, ნიკორწმინდის ტაძარი 1010-1014 წლებში ააშენა გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-მ მეთექვსმეტე საუკუნემდე აქ მონასტერი ფუნქციონირებდა, ხოლო მე -16 საუკუნეში იმერეთის მეფემ, კიდევ ერთმა ბაგრატ III-მ, რესტავრაცია გაუკეთა და საკათედრო ტაძრად გადააკეთა. XVI-XVII საუკუნეებში, ადგილობრივმა ფეოდალებმა, წულუკიძეებმა და ჯავახაძეებმა ტაძარი ფრესკებით მოახატვინეს.

სწორედ ეს მხატვრობა და მისი უნიკალურობა იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას. მათ შორის, გამოსარჩევია ჯოჯოხეთის სცენები, სადაც იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ შუა საუკუნეების ქრისტიანთა წარმოდგენებია ასახული. ცოდვილი ხალხი გველეშაპის ყელის გავლით ქვესკნელისაკენ ეშვება, სადაც ნაირგვარი სატანჯველი ელოდება. ერთ სცენაში ნაჩვენებია როგორ ჰყავს ეშმაკს გაკოჭილი ცოდვილი მამაკაცი და მას უკნიდან აუპატიურებს. ამ კაცს დამატებით სატანჯველად ის ქცევია, რომ მწყურვალია, ყელზე კოკით წყალი აქვს ჩამოკიდებული, დალევა კი არ შეუძლია. კიდევ ერთ სცენაში გამოსახულნი არიან სარეცელზე მწოლიარე ჰომოსექსუალი მამაკაცები, რომელთაც თავზე ეშმაკი ადგას. (იხილეთ ფოტოგალერეა)

მოხატულობის დიდი ნაწილი უკავია თავად წულუკიძეთა ფეოდალურ ოჯახს, ისინი ქტიტორებად (ტაძრის მშენებლებად) არიან წარმოდგენილნი. მოხატულობის დიდი ნაწილი უკავია თავად წულუკიძეთა ფეოდალურ ოჯახს, ისინი ქტიტორებად (ტაძრის მშენებლებად) არიან წარმოდგენილნი. ოჯახის უფროსს ხელში უჭირავს ეკლესიის მაკეტი. აღსანიშნავია, რომ მამაკაცთა უმრავლესობა ქუსლიან ფეხსაცმელებზე დგას და საყურეები უკეთიათ, რაც სპარსულ-ოსმალური კულტურული გავლენის შედეგი უნდა იყოს.

ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში მოხატულ წულუკიძეების ფრესკას მთელ სიგრძეზე ზემოდან გასდევს კირით გადალესილი ზოლი. კირის ფენის ქვეშ უნდა იყოს საკმაოდ ვრცელი ქტიტორული (აღმშენებლობითი) წარწერა, სადაც აღნიშნული იქნება ამ გვარის მიერ ტაძარზე ჩატარებული სამუშაოები და საგვარეულოს წევრთა სახელები. როგორც ჩანს, ვიღაცას მათი ღვაწლის დაფარვა, წაშლა უნდოდა და ეს წარწერები გადაულესავს. მათი გამოჩენა, სავარაუდოდ, ძვირფას მასალას მოგვცემს ტაძრის განვითარებისა და რაჭის საერისთავოს ისტორიის შესასწავლად. ეს წარწერა, დაახლოებით ისეთივე სტილშია შესრულებული და მოცულობითიც იმხელავე ჩანს, როგორც მარტვილის საკათედრო ტაძარში ქტიტორი თავადების, ჩიქოვანების წარწერა. გადაულესავი დარჩენილა მხოლოდბოლო ორი ასო, სადაც იკითხება "ან", რაც "ამინ"-ს უნდა ნიშნავდეს. წულუკიძეები, დიდი ალბათობით, ღმერთს შენდობას თხოვდნენ და შესანდობარსაც "ამინ"-ით ასრულებდნენ. ზოლის შუაში, იქ სადაც კირი გაცრეცილა, ნაწილობრივ ჩამოცვენილა, ნათლად იკითხება მხედრული ასოების კონტურები.

საჭიროა ამ ნალესის ჩამოხსნა და წარწერის მთლიანად გამოჩენა. სამწუხაროდ, დღემდე ამ საკითხისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. არადა, აშკარაა, რომ ახალ, საინტერესო აღმოჩენასთან გვექნება საქმე.

ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი მინაშენები ჭვარტლით არის დაფარული და მთლიანად გაშავებულია. ჭვარტლის მიღმა არის მოქცეული თავად ჯავახაძეების ფრესკები და წარწერები. დასავლეთ მინაშენში, ასევე ჭვარტლით არის დაფარული ტაძრის ყველაზე მნიშვნელოვანი, ქვაში ნაკვეთი ასომთავრული წარწერა, სადაც გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე, ბაგრატ III და მისი ძე გიორგი I იხსენიებიან. სწორედ ამ წარწერის მეშვეობით თარიღდება ტაძრის მშენებლობა 1010-1014 წლებით.

2010-2011 წლებში სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიკოსთა ჯგუფმა გამოავლინა ჭვარტლს მიღმა დარჩენილი ფრესკები და წარწერები. თუმცა, მინაშენები კვლავინდებურად შავად არის შეფერილი და კედლების გაწმენდის შემდეგ, შეიძლება ახალი წარწერები ან ფრესკებიც გამოჩნდეს.

1991 წლიდან მოყოლებული, ნიკორწმინდის ტაძარი არაერთხელ ყოფილა ხარაჩოებში, მას მეცნიერთა ჯგუფებიც სტუმრობდნენ, მაგრამ არავის მიუქცევია ყურადღება წულუკიძეთა ქტიტორული წარწერისთვის, არავის უზრუნია ნალესის მოხსნასა და მის გამოჩენაზე. მინაშენებიც კვლავინდებურად ჭვარტლით დაფარული რჩება, ტაძარსაც უკარგავს ბრწყინვალებას და უნიკალურ ფრესკებსა თუ წარწერებსაც ფარავს. არადა ნალესის ჩამოხსნას, წარწერის კონსერვაციას, მინაშენებში ჭვარტლის გაწმენდას დიდი ინვესტიციები არ ჭირდება. ამ საქმეს ყურადღება, მონდომება, მცირე დრო და მცირე ხარჯი უნდა. ა.წ. 1 აგვისტოს, რამდენიმე წლის დაგვიანებით, ტაძრის 1000 წლისთავი აღინიშნა, დაწესდა დღესასწაული "ნიკორწმინდობა", ამოვიდნენ სამთავრობო დელეგაციები და ა.შ. მაგრამ ამ პრობლემისთვის ყურადღება ისევ არავის მიუქცევია. 24 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფო გვქვია და სირცხვილია, რომ ქვეყნის ერთი მთავარი ტაძართაგანი ჭვარტლისგან ვერ გაგვიწმენდია.

ნიკორწმინდაში შემონახული ჯოჯოხეთის სცენების ფრესკების ახსნა ვთხოვეთ თბილისის ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მოძღვარს, მამა ირაკლი დუმბაძე:

- ეს ჯოჯოხეთის სცენები არ მინახავს, მაგრამ მათში ვინმე კონკრეტულად კი არ უნდა ვიგულისხმოთ, არამედ ზოგადად ის ადამიანი, რომელიც განსაკუთრებული ცოდვისთვის ღმერთისგან გამორჩეულად ისჯება. გადაცვალების შემდეგ, ეკლესიის სწავლებით, არსებობს ორი მდგომარეობა - ჯოჯოხეთი და სამოთხე. ადამიანის არასწორი ცხოვრების შედეგი არის - ჯოჯოხეთი. სამოთხე კი ადამიანის სწორი არჩევანია. ადამიანის არჩევანია ღმერთთან უნდა, თუ - არა. ეკლესიას ყველაფერი ზედმიწევნით აქვს აღწერილი, დაუფარავადაა ნათქვამი რომ მამათმავლობა თუ მეძავობა, ქურდობა და სხვა ცოდვები ღმერთის შეურაცხმყოფელი მოქმედებაა და ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანები ღმერთთან ვერ იქნებიან. სამოთხე ღმერთთან მარადიული ერთობაა და არაწმინდა წმინდას ვერ შეეხება. ვიმეორებ, რომ მე არ მიხილავს ეს ჯოჯოხეთის სცენები, მაგრამ კონკრეტულ პიროვნებაში ალბათ გამოსახულია ცოდვის მოქმედი. ვინც ასეთ ცოდვას სჩადის მას ღმერთთან პირი არ აქვს. სახარება არის სწავლება სიტყვით, ფრესკა არის სწავლება ფერით. ეს ფრესკები სწავლებაა, რომ ცოდვის მოქმედი ადამიანი ასეთი საშინელებით დაისჯება. თუმცა ეშმაკი აუპატიურებს თუ არა ზუსტად, არ ვიცი, შეიძლება ფრესკა არასწორადაც იყოს აღქმული.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ფოტოგალერეა