აფხაზური სტენდი ქალაქ ბარიში - აფხაზებმა იტალიელების მოტყუება ისევ სცადეს - კვირის პალიტრა

აფხაზური სტენდი ქალაქ ბარიში - აფხაზებმა იტალიელების მოტყუება ისევ სცადეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თვითმარქვია მთავრობა, მიუხედავად საერთაშორისო უგულვებელყოფისა, პერიოდულად ცდილობს, ასე ვთქვათ, თავი შეატყუოს ამა თუ იმ ქვეყნის არაკომპეტენტურ პირებს როგორც დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ; შემდეგ მოახდინოს ამის აფიშირება და ხმამაღლა განაცხადოს, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვანი ქვეყნები მათ დამოუკიდებლობას აღიარებენ.

სწორედ მორიგი ასეთი ფაქტი 12 სექტემბერს იტალიის ქალაქ ბარიში მოხდა. როგორც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური ქსელის ოფიციალური გვერდი იტყობინებოდა: "აფხაზეთის რესპუბლიკის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვია...  ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატა, მონაწილეობს იტალიის ქალაქ ბარიში გამართულ რიგით 79-ე საერთშორისო გამოფენაში Fiera del Levante. ეს არის იტალიის ყველაზე ცნობილი გამოფენა და მასში ყოველწლიურად დაახლოებით 2000 იტალიური და უცხოური კომპანია იღებს მონაწილეობას, რომლებიც თავიანთი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს წარმოადგენენ. გარდა ამისა, საგამოფენო ცენტრში მოწყობილია პავილიონები სადაც სხვადასხვა დელეგაციებს შეუძლიათ თავიანთი ქვეყანა წარმოადგინონ..."

აღნიშნულ, მსუბუქად რომ ვთქვათ თავხედურ და ნაკლებსარწმუნო განცახდებას სოციალურ ქსელში და არამარტო, ქართველების დიდი გამოხმაურება და პროტესტი მოჰყვა.

თუ რამდენად შეესაბამებოდა ყოველივე ზემოთაღნიშნული რეალობას და რა საპასუხო ნაბიჯები მოჰყვა იტალიაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ამის გასაგებად საელჩოს დავუკავშირდით. როგორც ჩვენთან საუბრისას საელჩოს უფროსმა მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში დავით ბაზერაშვილმა განაცხადა, გამოქვეყნებული ინფორმაცია დამახინჯებული და გაბუქებულია, რომ აღნიშნული გამოფენა სრულებითაც არ არის იტალიაში ყველაზე ცნობილი, პირიქით, ბევრი არაფერი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, მასში მონაწილეობენ კომპანიები და კერძო პირები და არა ქვეყნები. აქედან გამომდინარე, ქირავდება სტენდები, რომელთა დაქირავებაც ნებისმიერს შუძლია ვისაც სურვილი და ფინანსები გააჩნია.

დავით ბაზერაშვილი:

- იტალიის რესპუბლიკის ხელისუფლება არასდროს დაუშვებს ოფიციალურ დონეზე აფხაზებთან რაიმე სახით ურთიერთობას. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იტალიის ხელისუფლებასთან მსგავსი ქმედებების თავიდან ასაცილებლად.

სავარაუდოდ, აღნიშნული პირები, ე.წ. ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლები, იტალიაში ტურისტული ვიზებით შემოვინენ და გამოფენაზე სტენდი, როგორც კერძო პირებმა, ისე დაიქირავეს.

როგორც აღვნიშნე, ინფორმაცია დამახინჯებულად გაავრცელეს, მაგრამ ამგვარ ქმედებაზეც სწრაფი რეაგირება აუცილებელია, რადგან სინამდვილე ერთია და მეორეა თუ როგორ იქნება გამოყენებული ეს სინამდვილე სხვების მიერ. როგორც კი ინფორმაცია საელჩოში შემოვიდა, მაშინვე დავიწყეთ მისი შემოწმება, რადგან აფხაზების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია არასდროსაა სანდო. ისინი ყოველთვის ცდილობენ ოფიციალური ელფერი შესძინონ თავიაანთ კერძო ვიზიტებს. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, სასწრაფოდ საქმის კურსში ჩავაყენეთ შესაბამისი ორგანოები. 14 სექტემბერს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის შეხვედრა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან.

შეხვედრაზე სწორედ ეს ფაქტი განიხილეს. შეხვედრაზე იტალიის ელჩმა მომხდართან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა და განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია დაუყოვნებლივ ეცნობება დედაქალაქს. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დასძინა, რომ იტალიის მთავრობა მომავალში მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად შესაბამის ზომებს მიიღებს.

ჩვენმა საელჩომ ასევე ოფიციალურად მიმართა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შესაბამის ოფიციალურ პირებს. გადამოწმდება რამდენადაა სახელმწიფოსთან კავშირში გამოფენის ორგანიზატორი კომპანია, რათა სტენდი სასწრაფოდ მოიშალოს. ვახორციელებთ პრევენციულ ღონისძიებებსაც მომავალში მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად.

იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს საელჩოს ასეთი სწრაფი რეაგირება შედეგს მალევე გამოიღებს და აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ აფხაზების მხრიდან მსგავსი ქმედება მიმდინარე წელს რიგით მეორეა. პირველი შემთხვევა ქალაქ მილანში, იანვარში გამართულ გამოფენაზე მოხდა. როგორც მილანში არსებული ქართულ-იტალიური საზოგადოების - "სამშობლო გულით სატარებელი" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნუნუ გელაძე იხსენებს, ა.წ. 6 იანვრის საღამოს გაირკვა, რომ ქალაქ მილანში გამართულ ერთ-ერთ გამოფენაზე აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკას, სტენდი ჰქონდა წარმოდგენილი. ინფორმაცია გადაეცა საქართველოს საელჩოს და საელჩომ თავისი მხრიდან სასწრაფოდ ოფიციალური საპროტესტო ნოტა გაუგზავნა მილანის მუნიციპალიტეტს. "როგორც შემდეგ შევიტყე, ეს იყო ოლიმპიური კომიტეტის ღონისძიება, ამიტომ, იმავე ღამეს გავუგზავნე წერილი საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს და დამპრიდნენ, რომ ზომებს მიიღებდნენ, მაგრამ რაში მდგომარეობდა ეს ზომები, აღარვის შეუტყობინებია. 6 იანვრის ღონისძიება ახლოსაა, ამიტომ მინდა მივმართო ოლიმპიურ კომიტეტს ამჯერად რას აპირებენ. გასულ ჯერზე, სასტიკი პროტესტის შემდეგ, სტენდი აიღეს", - განაცხადა ქალბატონმა ნუნუმ.

ნინო მამუკაძე

სპეციალურად საიტისთვის იტალიიდან