ტურავა "ავად გამხდარა" - უგულავას საქმის გარშემო აურზაური გრძელდება
"მსოფლიოში არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ კონტინეტზე აფრიკაში, აზიაში, არ არებობს მოსამართლისადმი ისეთი უპატივცემულობა, რომელიც გუშინ ჩემს მიმართ გამოიხატა"
გიგი უგულავასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების მიღება ისევ შეფერხდა, ამჯერად კი გადაწყვეტილების მიღებას ხელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მერაბ ტურავამ შეუშალა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, მოსამართლემ გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა და ეს სულაც არ იყო დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. ტურავა არ მიიჩნევს სწორად, ხელი მოაწეროს ისეთ საკითხს, რომელსაც არ გაცნობია, მას გვიან მიაწოდეს რეზოლუცია და მოსამართლემ უბრალოდ ვერ მოახერხა , ვერ მოასწრო, საკითხს დაზუსტებით გაცნობოდა. "მთავარი და ძირითადი მიზეზი იმისა, რის გამოც გუშინ საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელი არ მოვაწერე არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პროექტის საბოლოო ვერსია, მისი სარეზოლუციო ნაწილით პირველად გუშინ გადმომეგზავნა. მე არ ვიცოდი, რომ გადაწყვეტილება გუშინვე ცხადდებოდა. ამის შესახებ 11:00 საათიდან ჟურნალისტებმა და მხარეებმა იცოდნენ. მე მხოლოდ და მხოლოდ გამოცხადებიდან ერთი საათით ადრე გავიგე, როდესაც მომხსენებელმა მოსამართლემ დამირეკა და მეგობრულად მითხრა, რომ ან ხელი მომეწერა სასამართლოში, ან თვითონ მომიტანდა ხელმოსაწერად. ბუნებრივია, მას კატეგორიული უარი ვუთხარი იმ გარემოების გამო, რომ არ შეიძლება მოსამართლეს აძლევდე 50 გვერდიან გადაწყვეტილებას ხელმოსაწერად და ეუბნებოდე, რომ მას წაუკითხავად მოაწეროს ხელი."
მოსამართლის ამ განცხადებას, რომელმაც საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში, უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლომ.
"2015 წლის 16 სექტემბერს, შპს ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ "მედინაში", გადაწყვეტილებაზე (საქმეზე საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N646 კონსტიტუციური სარჩელი) ხელმოწერის უზრუნველყოფის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლო სრული შემადგენლობით შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას. მოსამართლე მერაბ ტურავამ უარი განაცხადა გადაწყვეტილების ხელმოწერაზე.
ზემოაღნიშნული ფაქტი, ისევე როგორც 2015 წლის 15 სექტემბერს N646 კონსტიტუციური სარჩელზე გადაწყვეტილების ხელმოწერისა და შემდგომი გამოცხადების მიზნით დანიშნულ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მერაბ ტურავას, გამოუცხადებლობის საკითხი, შესასწავლად და შესაბამისი დასკვნის მოსამზადებლად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას.
კომისიის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს კომენტარი გააკეთოს ბატონი მერაბ ტურავას მიერ მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, იმის შესახებ, რომ მას გადაწყვეტილების სრული ტექსტი დაგვიანებით მიეწოდა, ხოლო მოსამართლეებმა მოუმზადებლად დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები აღნიშნული საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეახსენებს საზოგადოებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსის გამჟღავნება წარმოადგენს კანონით აკრძალულ ქმედებას და მოუწოდებს ბატონ მერაბ ტურავას, თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსის განცხადებების გავრცელებისაგან.
ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ საქართველოს საკონსტიტიციო სასამართლოს პლენუმის ყველა წევრს ჰქონდა გონივრული ვადა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების პროექტის გასაცნობად, აზრის გამოსათქმელად და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განსახორციელებლად, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დანარჩენი წევრების მიერ სრულად იქნა რეალიზებული", - ნათქვამია განცხადებაში.
მიუხედავად მსგავსი პასუხისა მოსამართლე ტურავამ მთავარ პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. "ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, რომ მე გადაწყვეტილებას ხელს არ ვაწერ, პრობლემაა ის, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ გუშინ იყო მზად ხელმოსაწერად. მე, პლენუმის წევრებს ვუთხარი, მხოლოდ მას შემდეგ მოვაწერ ხელს, რაც წავიკითხავდი, შევისწავლიდი და საწინააღმდეგო აზრის არსებობის შემთხვევაში, ამ აზრს დავაფიქსირებდი .. მსოფლიოში არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ კონტინეტზე აფრიკაში, აზიაში, არ არებობს მოსამართლისადმი ისეთი უპატივცემულობა, რომელიც გუშინ ჩემს მიმართ გამოიხატა." - განაცხადა საზოგადოების წინაშე მერაბ ტურავამ.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით