"არ ვიცი, რომ დავდიოდი, მაშინ უფრო საინტერესო იყო ჩემი ცხოვრება თუ ახლა" - გოგონა, რომლის წერილმაც ინტერნეტსივრცე ააფეთქა - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, რომ დავდიოდი, მაშინ უფრო საინტერესო იყო ჩემი ცხოვრება თუ ახლა" - გოგონა, რომლის წერილმაც ინტერნეტსივრცე ააფეთქა

"ძალიან მეშინია თქვენი, ვერ წარმოიდგენთ, ისე ძალიან... არ მინდა დავინახო როგორ ჩურჩულებთ ჩემზე, არ მინდა დავინახო ისეთი სახე რომელიც მეტყვის "შე საწყალო, გვეცოდები", გელოტოფობია მაქვს, არ მინდა დამცინოთ ხელში პასტას თუ ვერ დავიჭერ".

"თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენი ეტლით მოსარგებლე ადამიანია ჩვენს ქვეყანაში, ხალხი, რომელსაც სურს იცხოვრონ ისე, როგორც თქვენ ცხოვრობთ და ამაში ხელს საზოგადოება უშლის."

"ძალიან ბევრი ეტლიანი დგას ჩემს უკან, რომლებსაც მართლა უნდათ სწავლა, მაგრამ პირობების არქონის და ხალხისადმი შიშის გამო ისინი გამოკეტილები არიან სახლში და აკეთებენ არაფერს!!! და მერე ეწყებათ: დეპრესია, შიშები, პანიკა, ქვეყნიდან გაქცევის სურვილი, ღმერთის გმობა, სიკვდილის წყურვილი, თვითმკვლელობა და ა.შ. ჩემი ამ ნაბიჯით მინდა მათ გავაგებინო რომ ცხოვრება გრძელდება!"

ამ რამდენიმე დღის წინ 19 ნინი დარბაიძის ემოციურმა წერილმა, ქართული სოციალური ქსელი ააფეთქა, ნინი წერდა, რომ თანატოლების მსგავსად მას სტუდენტობა სულაც არ უხარია, რადგან საზოგადოებაში ეტლით გამოჩენის ეშინია... ნინი ამ წერილით არარეთი ჩვენი თანამოქალაქის პრობლემა წარმოაჩინა, ადამაინების, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების გამო საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ვერ გრძნობენ თავს და ეს უპირველესად საზოგადოების პრობლემაა...

გთავაზობთ ნინის წერილის შემოკლებულ ვარიანტს:

"სამწუხაროდ, მე არ გამხარებია სტუდენტობა, გარშემომყოფებისგან განსხვავებით, რადგან ვიცოდი, რომ სექტემბრამდე ვერ შევძლებდი ფეხზე დადგომას და ეტლით მომიწევდა მოსვლა, ვერ გავხდებოდი ისევ ისეთი როგორიც ადრე ვიყავი და როგორიც ახლა თქვენ ხართ. მაგრამ მე მაინც ვეცადე არ დავმსგავსებულიყავი სხვა ეტლიანებს და ჩემი მიზნის მისაღწევად გამეკეთებინა ყველაფერი, ვაღიარებ ძალიან მეშინია საზოგადოებაში ეტლით გამოჩენის (მხოლოდ 1 თვე ვემზადებოდი 5 საგანში და მაინც მოვახერხე სტუდენტი გავმხდარიყავი...).

"ზუსტად ვიცი რომ გავივლი და გავხდები ისევ , როგორიც ვიყავი"

თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენი ეტლით მოსარგებლე ადამიანია ჩვენს ქვეყანაში, ხალხი, რომელსაც სურს იცხოვრონ ისე, როგორც თქვენ ცხოვრობთ და ამაში ხელს საზოგადოება უშლის. ჩემთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება ხალხია, აი, ის ბრბო, რომელიც გამუდმებით მიყურებს, აკვირდება ჩემს თითებს, რომლებსაც ვერ ვამოძრავებ, აშტერდება ფეხებს რომელიც უმოქმედოდ დევს და თავის ფუნქციას ჯერჯერობით ვერ ასრულებს... ძალიან მეშინია თქვენი, ვერ წარმოიდგენთ, ისე ძალიან... არ მინდა დავინახო როგორ ჩურჩულებთ ჩემზე, არ მინდა დავინახო ისეთი სახე რომელიც მეტყვის "შე საწყალო, გვეცოდები", გელოტოფობია მაქვს, არ მინდა დამცინოთ ხელში პასტას თუ ვერ დავიჭერ. ის, რომ ჩემთან შეიძლება არავინ იმეგობროს ეს არ გამიკვირდება, გაგიგებთ, გეფიცებით გაგიგებთ, არ ვიფიქრებ რომ ცუდები ხართ, ვიცი ალბათ არავის სჭირდება ეტლიანი მეგობარი...

ძალიან ბევრი ეტლიანი დგას ჩემს უკან, რომლებსაც მართლა უნდათ სწავლა, მაგრამ პირობების არქონის და ხალხისადმი შიშის გამო ისინი გამოკეტილები არიან სახლში და აკეთებენ არაფერს!!! და მერე ეწყებათ: დეპრესია, შიშები, პანიკა, ქვეყნიდან გაქცევის სურვილი, ღმერთის გმობა, სიკვდილის წყურვილი, თვითმკვლელობა და ა.შ. ჩემი ამ ნაბიჯით მინდა მათ გავაგებინო რომ ცხოვრება გრძელდება! მინდა, შემდეგ წელს ვთქვა რომ "ამ უნივერსიტეტში სწავლობენ ნამდვილი ადამიანები", გთხოვთ, მთელი გულით გთხოვთ, ამომიდექით მხარში, არ მიყუროთ დამცინავი მზერით თუ ყავის ჭიქას ვერ დავიჭერ კარგად ხელში და გადავისხამ, უბრალოდ მოდით და დამეხმარეთ. მეგობრებს ხელების და ფეხების მიხედვით ხომ არ ირჩევთ. ეს ხომ შეიძლება ყველას მოგსვლოდათ... აივნიდან, 25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდიდა, მადლობა ღმერთს, ცოცხალი ვარ, რა მაქვს საწუწუნო, ძალიან იღბლიანი ვარ, ზუსტად ვიცი რომ გავივლი და გავხდები ისევ , როგორიც ვიყავი. მთელი გულით გთხოვთ არ დამთრგუნოთ, არ მაგრძნობინოთ რომ რამით განვსხვავდები თქვენგან, რომ ბევრ რაღაცაში შეზღუდული ვარ, რომ კიდურები არ მემორჩილება, გთხოვთ ამას ნუ მაგრძნობინებთ, ეს მე ისედაც ვიცი. მეც თქვენნაირი ადამიანი ვარ, უბრალოდ ჩემი ნერვები დროებით ვერ ასრულებენ თავის ფუნქციას... მალე აღდგება და მეც ვიხტუნავებ. ფაკულტეტი ფსიქოლოგიური ავირჩიე, რადგან მინდა ძლიერი ფსიქიკა მქონდეს, რომ ჩემმა მდგომარეობამ არ მაჯობოს და არ გამაგიჟოს..."

- ნინი, წერთ, რომ ჯამრთელობის პრობლემების მიუხედავად, მოახერხეთ და ერთთვიანი მომზადებით, გახდით სტუდენტი, ეს როგორ შეძელით, რა გაძლევთ ძალას ასე სწორად იცხოვროთ?

- ეტყობა სწორად არ ვცხოვრობდი, თორემ ხომ არ გადმოვარდებოდი! ვფიქრობ, განსაცდელი იმისთვის არის, რომ რაღაც შეცვალო შენს ცხოვრებაში, რაღაცაზე დაფიქრდე, რაღაც გაანალიზო, რაღაც ისწავლო. ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემს ცხოვრებაში ღმერთის ხელს ვხედავ.

- რატომ გაგიჩნდათ სურვილი დაგეწერათ ასეთი წერილი? ხომ არ გსურთ ევროპაში იცხოვროთ, სადაც თქვენი ინტელექტით შესაძლოა გაცილებით ბევრს მიარწიოთ...

- საზღვარგარეთ მხოლოდ სარეაბილიტაციოთ მინდა წასვლა, მაგრამ ეს "მინდა" მხოლოდ "მინდად" რჩება. სურვილი მაქვს, მაგრამ შესაძლებლობა - არა, რას ვიზამ, ყოველთვის ვერ ვიღებთ იმას, რაც გვინდა, ამასაც ბავშობიდან უნდა შევეჩვიოთ..

მეკითხებით, ხომ არ მინდა ევროპაში გადავიდე სამუდამოდ საცხოვრებლდა, რატომ უნდ გადვიდე, იმიტომ, რომ ხალხის რაღაც ნაწილმა არ იცის რა არის შშმ პირი და უცნაურად გვიყურებს ? ეს ცოტა შეურაცხმყოფელია ჩემთვის... ჩვენ ყველანი - შშმ პირები ვერ წავალთ ჩვენი ქვეყნიდან, იმის გამო, რომ აქ არ არის პირობები და აქ ხალხი საწყალი თვალებით გვიყურებს... მე იმათ გამოც მრცხვენია სამშობლოდან პირობების არქონის გამო რომ მიდიან. რატომ წავიდე მე?! თქვენ შეეჩვიეთ იმას, რომ მეც ადამიანი ვარ, აი, მე კი ვერ შევეგუები ადამიანების მახინჯ დამოკიდებულებას! თუ ადამაინები გაიზარებენ, რომ ეს ნებისმიერს შეიძლება მოსვლოდა ან მოუვიდეს, ასე აღარასდროს მოიქცევიან... ჩვენ ჩვენი პრობლემებიც გვყოფნის, ნუღარ დაგვიმატებთ თქვენს მიმიკურ დამცირებას... გთხოვთ, მთელი გულით გთხოვთ იყავით ადამიანები, გქონდეთ გული, ქვის მაგივრად! ღმერთი ყველაფერს ხედავს...

- როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

- არ მაქვს ჩვეულებრივი დღეები, ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ, ყოველდღე ვუახლოვდები ჩემს მიზანს. არ ვიცი, რომ დავდიოდი მაშინ უფრო საინტერესო იყო ჩემი ცხოვრება თუ ახლა. ალბათ ახლა უფრო საინტერესოა, ყველაფერს თავიდან ვიწყებ და ეჭვი მაქვს, ეს ცხოვრება უკეთასობისკენ წავა...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)