გიგი უგულავა თავისუფალია - პოლიტიკური ბრძოლის ეს ეტაპი ხელისუფლებამ "ნაციონალურ მოძრაობასთან" პირწმინდად წააგო
საქართველოს ხელისუფლებას თუნდაც ბოლო სამი დღის პროცესების წყალობით ძალიან გაუჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იმის დამტკიცება, რომ გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარი არაა.
სასამართლო გარჩევა საბოლოო ეტაპზეა და არ არის გამორიცხული, რომ გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში თბილისის ყოფილი მერი ციხეშიც შეაბრუნონ, თუმცა პოლიტიკური ბრძოლის ეს ეტაპი ხელისუფლებამ "ნაციონალურ მოძრაობასთან" პირწმინდად რომ წააგო, ფაქტია..
დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან უკვე თავისუფალია, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ წუთებში მიიღო. (ფოტოგალერეა)
"უპირველესად მინდა ყველა იმ ადამინას გადავუხადო მადლობა, ვინც მთელი დღის განმავლობაში აქ იყო და ელოდებოდა ამ გაურკვეველი ვითარების დასრულებას. მაქვს მოლოდინი, რომ ჩემთან ბრძოლა არ დაუმთავრებია ბიძინა ივანიშვილს, ვნახეთ როგორ მოიქცა მოსამართლე ტურავა, როგორ იქცეოდა პროკურატურა, დარწმუნებული ვარ კვლავაც ეცდებიან კვანტი დამიდონ... თუმცა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მით უფრო, როდესაც მართალი ხარ!" - განაცხადა "რუსთავი2"-ის ეთერში სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა გიგი უგულავამ
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საუბარია წინასწარი 9-თვიანი პატიმრობის გაგრძელების არაკონსტიტუციურობაზე.
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ზოგადად მთელ ამ პროცესს არაერთი პოლიტიკური შუქ-ჩრდილი აქვს, რაზეც ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად მიანიშნებდნენ. ეჭვს იწვევს ის გაჭიანურებული სასამართლო გარჩევაც, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, უშუალოდ გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად საქალაქო სასამართლოში მოეწყო.
თუ მთელ ამ პროცესს შევაფასებთ, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ შექმნილი ვითარება პროკურატურის ყოვლად გაუგებარი მოქმედების ბრალია, როდესაც თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში ვერ მოხერხდა გიგი უგულავას საქმეზე განაჩენის გამოტანა და მისი ციხეში გაჩერება მხოლოდ ახალ საქმეებზე წინასწარი პატიმრობის მოთხოვნით ხერხდებოდა. შედეგად უგულავამ და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ადვილად მოახერხეს ამ პროცესიდან პოლიტიკური ქულების დაწერა. საქართველოს ხელისუფლებას თუნდაც ბოლო სამი დღის პროცესების წყალობით ძალიან გაუჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იმის დამტკიცება, რომ გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარი არაა. იმის მიუხედავად რა საბოლოო ვერდიქტს გამოიტნას სასამართლო სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რაც უგულავას წინააღმდეგაა აღძრული.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას წინააღმდეგ კიდევ ერთი სასამრთლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც "ტელეიმედისა" და რიყის ტერიტორიის გასხვისებას შეეხება. ამ საქმეზე დღევანდელი პროცესი, ადვოკატების მოთხოვნით, ხვალისთვის გადაიდო. სასამართლო გარჩევა საბოლოო ეტაპზეა და არ არის გამორიცხული, რომ გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში თბილისის ყოფილი მერი ციხეშიც შეაბრუნონ, თუმცა პოლიტიკური ბრძოლის ეს ეტაპი ხელისუფლებამ "ნაციონალურ მოძრაობასთან" პირწმინდად რომ წააგო, ფაქტია...